POLUX MEDIA

“ნუმიდიური კავალერია” თანამედროვე ორგანიზაციებში

ძვ.წ 216 წელი… კანე…

ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავარი ჰანიბალ ბარკა რომაელთა კოსნულებს უპირისპირდება. სწორედ, ეს ბრძოლა განსაზღვრავს ჰანიბალის ლაშქრობის შემდეგ ნაბიჯებს. თავდაჯერებული რომაელი კონსულები ახლა “კართაგენელი ურჩხულის” პირისპირ იდგნენ. ორივე მხარე ომის თავისებურ სტრატეგიას ამუშავებდა. ბრძოლა დაიწყო.

დასაწყისშივე რომაული არმია აფრიკულს დიდი ძალებით ეკვეთა. ჰანიბალმა ცენტრი ნელ-ნელა უკან დახია (იქ განზრახ ჰყავს სუსტი მეომრები), ფლანგებზე კი ჩვეულებრივ გააგრძელა ბრძოლა. როდესაც გარდამტეხი მომენტი დადგა, რომაელებს ზურგიდან ნუმიდიელები დაესხნენ თავს. ისინი ცხენოსან მობილურ რაზმებად მოქმედებდნენ და ერთ-ერთ საუკეთესო მეომრებად ითვლებოდნენ ამ საქმეში. მათ სწრაფად შეეძლოთ დიდი მანძილის დაფარვა და ბრძოლის ერთი წერტილიდან მეორეში გადასვლა. ჰანიბალი იდეალურად იყენებდა ნუმიდიელების სისწრაფეს. მთავარდასარდალი მათ იქ გზავნიდა, სადაც ბრძოლის სუსტი წერტილი იყო. ეს მეომრები ძალიან დიდ განსხვავებას ჰქმნიდნენ ბრძოლაში. კანეს ბრძოლა ჰანიბალის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.

ეს იყო მოკლე ისტორია ანტიკური ხანიდან, მაგრამ რა კავშირშია დღევანდელობასთან, ან როგორც სათაურშია ნახსენები ბიზნესთან?

სინამდვილეში, “ნუმიდიური კავალერიის” იდეით ძალიან დიდი სარგებლის მიღება შეუძლიათ თანამედროვე ორგანიზაციებს. მისი იმპლემენტირებით გუნდის რესურსების გაცილებით ეფექტურად გამოყენებაა შესაძლებელი.

როგორ?

ყველა გუნდში ადამიანები გარკვეული კატეგორიის მიხედვით იყოფიან, ზოგიერთი ე.წ “problem-solver”-ია, ზოგიერთი “კრიტიკოსი”, ნაწილი “იდეების გენერატორი” და ა.შ. მათ შორის არიან ისეთი ადამაინებიც, რომლებიც თავს კომფორტულად მუდმივი ცვლილებების დროს გრძნობენ. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ მაშინ, როდესაც გამუდმებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სამუშაო აქვთ შესასრულებელი.

როგორ უნდა გამოიყენოს ისინი ბიზნესმა? ისე როგორ ჰანიბალმა გამოიყენა ნუმიდიელები. “ქამელეონი” თანამშრომლები სწრაფად მუშაობენ, მათ უყვართ ცვლილებები, უყვართ როდესაც მუდმივად ახლის ძიებაში არიან და ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებენ. მენეჯერმა ამ ტიპის ადამიანებს განსაკუთრებული ადგილი უნდა შეურჩიოს ორგანიზაციაში. კონკრეტულად კი მათგან შექმნას გუნდი და ორგანიზაციული ანალიზის შემდეგ განალაგოს იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს კომპანიას. როგორც კი ამ სისუსტეს მოაგვარებენ, შემდეგ მენჯერმა ახალ ყველაზე სუსტ წერტილში უნდა გაგზავნოს გუნდი.

ბუნებრივია, ამ კონცეფციის უამრავი ვარიაცია არსებობს, მაგრამ მთავარი იდეა მარტივია – ორგანიზაციაში უნდა გამოიყოს “ქამელეონი” თანამშრომლები, რომლებიც როტაციულად ჩაერთვებიან ბიზნეს პროცესებში მიმდინარე მოთხოვნიდან გამომდინარე.

სულ ეს იყო “ნუმიდიური კავალერია” ბიზნესში.

P.S ბუნებრივია ამ იდეის “ბრმად გადაკოპირება” რეკომენდებული არ არის. “ნუმიდიური კავალერია” შესაძლოა ვერ ჩამოყალიბდეს ჰომოგენურ ორგანიზაციებში, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ იმ გუნდში, რომელშიც ძირითადად ერთი ტიპის ადამიანები გვხვდებიან.