კაცობრიობის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ დავრწმუნდებით, რომ ადამიანსა და ბუნებას შორის მუდმივად განუწყვეტელი ომი მიმდინარეობს. ადამიანი ზემოქმედებს ბუნებაზე და პირიქით. ხანძრები, ომები, ტყის გაჩეხვა, ინდუსტრიალიზაციის განვითარება, გამონაბოლქვი, ფლორისა და ფაუნის უმოწყალოდ განადგურება და ა.შ ცხადია ბუნებაზე დადებითად ვერ იმოქმედებს. დროთა განმავლობაში ჩვენი გარემო სახეს იცვლის, ადამიანის მოქმედების შედეგად ის დეგრადირდა და ახლა საფრთხის წინაშეა.
მაგრამ მაინც რამ ჩააგდო ბუნება ასეთ დღეში?- პასუხი მარტივია, გარემოს ანთროპოცენტრისტულმა გაგებამ, უფრო მარტივად, რომ ვთქვათ „ბუნება ადამიანისთვის“ იდეამ.
ამ დროს ასპარეზზე გამოდიან ეკოლოგისტებისა და ენვაირონმენტალისტების მთელი ჯგუფი, რომლებიც ამბობენ, რომ ბუნებასთან მიმართებით მსოფლმხედველობაში ძირეული ცვლილებებია საჭირო.
მაინც რას მოიცავს ეს ცვლილებები? – ისინი გულისხმობენ, რომ ბუნება ადამიანის დაქვემდებარებულად არ უნდა გავიგოთ. რეალურად ადამიანი არის ამ ბუნების, ანუ ერთი დიდი მთლაინი ორგანიზმის ნაწილი. ცხადია, ამ ხედვებმა ყველა ვერ გააერთიანა, ზოგიერთი მნიშვნელობას ანიჭებდა თავად ბუნებას და სწორედ მას იღებდა ორიენტირად, ზოგიერთი ყურადღების ცენტრში ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობას აქცევდა, და კიდევ მრავალი სხვა მოსაზრება გაჩნდა ეკოლოგიზმის ირგვლივ.
ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობების მსჯელობისას ძირითადად 2 ხედვა გამოიყოფა: პირველი – ბუნება განწირულია გასანადგურებლად და მეორე – ადამიანს შეუძლია ყველაფერი გამოასწოროს, თუ კარგად მოიქცევა.
პირველი მიმართულება ამბობს, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას, რადგან არ ვიცით როგორ ვებრძოლოთ ეკოლოგიურ პრობლემებს, ხოლო მეორენი უფრო აქტივისტურ იდეებს იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ საჭიროა კარბონის ემისიის, სხვა მომწამლავი აირების, ადამიანის დამაზაიანებელი სამეურნეო საქმიანობების შეზღუდვა და ა.შ.
ახლა გადავიდეთ ამ იდეოლოგიის ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგაზრდა წარმომადგენელზე გრეტა თუნბერგზე. ის არის შვედი ენვაირონმეტალისტ აქტივისტი, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები ეკოლოგიაზე ზრუნვაში გამოიწვია.
ყველაფერი ასე დაიწყო: 2018 წლის აგვისტოში გრეტამ სკოლის გაცდენა დაიწყო და შვედეთის პარლამენტის წინ აქციები დააორგანიზა. ის მთავრობას მოუწოდებდა უფრო აქტიური და ქმედითი ღონსიძიებები გაეტარებინათ გარემოს გადასარჩენად და სთხოვდა მათ ხელი მოეწერათ Skolstrejk för klimatet „School strike for climate”-ის მოთხოვნებზე.
მალე ამას სხვა სტუდენტებიც შემოუერთდნენ და დაანონსეს მოძრაობა Fridays For Future. გრეტამ რამდენიმე პოლიტიკოსისგან მხარდაჭერაც კი მიიღო, მაგალთად 2018 წლის დეკემბერში თუნბერგი შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, რომელიც მხარი დაუჭირა სკოლის მოსწავლეების აქციას. ის ამბობს, რომ მისმა თაობამ ვერ შეძლო კლიმატის პრობლემების მოგვარება, ამიტომ სავსებით ლოგიკურია, როდესაც ახალგაზრდები ამის გამო ბრაზობენ. 2018 წელსვე ჟურნალმა თაიმმა თუნბერგი მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერს შორის დაასახელა, ასევე მიიღო „სინდისი ელჩის“ საპატიო წოდებაც.
მაინც, რას ამბობს გრეტა?
გაეროს სამიტზე მან ეს მიმართვა გააკეთა: „ყველაფერი ეს არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო. მე უნდა ვიყო სკოლაში ოკეანის სხვა მხარეს. თქვენ ყველანი ჩვენთან, ახალგაზრდებთან მოხვედით იმედისთვის? როგორ ბედავთ ამას! თქვენ მე თქვენი ცარიელი სიტყვებით ჩემი ოცნებები და ბავშვობა წამართვით. ჯერ – ჯერობით მე ვარ იღბლიანი. ადამიანები იტანჯებიან. ადამიანები კვდებიან. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი განადგურების დასაწყისში ვართ და თქვენ ყველანი საუბრობთ ფულზე და მუდმივ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!
„მე ასპერგერის სინდრომი მაქვს, ამიტომაც ჩემთვის სამყარო ძირითადად შავ-თეთრ ფერებად იყოფა. ვუყურებ პოლიტიკოსებს და მიკვირს, როგორ ართულებენ ისინი ყველაფერს. …თუ მე 100 წელი ვიცოცხლებ, 2103 წლამდე ვიცხოვრებ. უფროსები ხშირად არ ფიქრობენ, რა იქნება 2050 წლის შემდეგ. მაგრამ ამ დროისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, მე ნახევარი სიცოცხლეც არ მექნება განვლილი. ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, გავლენას მოახდენს ჩემს და ჩემი მეგობრების სიცოცხლეზე, ჩვენი შვილებისა და მათი შვილიშვილების სიცოცხლეზე,“ – ამბობს გრეტა.
მისი იდეები, რომ გაავანალიზოთ მივიღებთ მემარცხენე ენვაირონმენტალისტის(Green Left) აზრებს. ის ამბობს, ეკოლოგიური ცვლიებები უნდა დაიწყოს არა ეტაპობრივად, არამედ რაც შეიძლება სწრაფად, დაუყოვნებლივ.
ასევე აღნიშნავს, რომ ყველა დიდი თუ პატარა თანაბრადაა პასუხისმგებელი ეკოლოგიურ კატასტროფაზე. თუნბერგი განზრახ ცდილობს საზოგადოება დააპანიკოს, რომ ძირეული ცვლილებები დღესვე დაიწყონ.
გრეტას მამამ განაცხადა, რომ საჭიროა უარი ვთქვათ ფრენაზე, ხორცის ჭამაზე და სხვა გარემოს დამაზიანებელ ქმედებებზე. მაქისმალურად შევამციროთ გამონაბოლქვი, ავტომობილის ნაკლები ტარებით. თავად გრეტა ადანაშაულებს პოლიტიკოსებს იმაში, რომ მოკლევადიანი ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არ ადარდებთ გრძელვადიან პერსპექტივაში რა მოხდება, რადგან რამდენიმე ვადით არჩევის შემდეგ ისინი ხელისუფლებაში უბალოდ აღარ იქნებიან.
ამიტომ ახალგაზრდა აქტივისტი თვლის, რომ თანამედროვე დემოკრატიის პირობებში ეკოლოგიური პრობლემები ვერ მოგვარდება. მაგ: შვეიცარიაში პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება დროში იწელება, რადგან მაქსიმალურად ითვალისწინებენ სხვადასხვა ჯგუფის აზრს, რაც ვერ იძლევა ეფექტურ შედეგებს.
გრეტა თუნბერგი ამბობს, რომ საჭიროა დაწესდეს ეკოლოგიური ბარიერები, თუმცა ეს თავის მხრივ სხვა სფეროებში ბარიერების დაწესებას ნიშნავს. საჭიროა შეიქმნას რაიმე გამაერთიანებელი პოლიტიკური სისტემა, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ამ ბარიერების შემოღებაზე. კარინ ინგოლდი ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობას ხედავს, მაგრამ გრეტა თუნბერგისგან განსხვავებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიის საზღვრებში უნდა განხორციელდეს, უნდა შეიქმნას საპარლამენტო ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია მეცნიერებითა და ეკოლოგიის სფეროს მცოდნეებით, და ამ ორგანოს მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს უშუალოდ მთავრობასა და პარლამენტთან. და ცხადია, ის ხალხის მიერ უნდა იყოს ლეგიტიმირებული.
გაეროს სამიტზეც გრეტა თუნბერგი თვითმფრინავის ნაცვლად გემით გაემგზავრა. მოდით, მივყვეთ მის მაგალითს და წარმოვიდგინოთ რა მოხდება, თუ ფრენაზე უარს ვიტყვით, შეზღუდვებს დავაწესებთ წარმოებაზე და ა.შ. მოულოდნელად ჩამოიშლება ეკონომიკა, გამრავლდება სიღარიბე, რადგან უამრავი ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩება. ენვაირონმენტალისტური იდეიდან გამომდინარე თითქოს მოწესრიგდება ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთობა, მაგრამ ეს თავის მხრივ სხვა ეკონომიკურ პრობლემებს წარმოშობს. თითქოს მოვიშორებთ ერთ პრობლემას, მაგრამ მეორე უკიდურესობაში ვვარდებით.
ცნობილი ენვარონმენტალისტი ჯორდან პეტერსონი აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის ღონისძიება ადამიანის მიერ დამატებით პრობლემებს წარმოშობს, რადგან ადამიანმა არ იცის როგორ ებრძოლოს კლიმატის ცვლილებებს, როგორ გინდა, რომ გლობალური დათბობა შეაკეთო, აქ ხომ საქმე არ გვაქვს უბრალოდ “To do List“-ებთან, ლაპარაკია ბუნდოვან მდგომარეობაზე. ცვლილებების პროგნოზირება და მათი მართვა კი თითქმის შეუძლებელია. ის აცხადებს, რომ პირველ რიგში, ამ შემთხვევაში, რთულია გამიჯნო პოლიტიკა და მეცნიერება და მეორეს მხრივ, თუ რადიკალური შეხედულებები მართალია, არ გვაქვს ინსტრუმენტი რითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებებს. საერთოდ უარი ვთქვათ იმ მიღწევებზე რაც კაპიტალიზმმა მოგვიტანა? საერთოდ ვთქვათ უარი წარმოებაზე, შენებასა თუ მსგავს რამეებზე?
თუ მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემების შემსუბუქება გვინდა, გამოდის, რომ მათ ბოლომდე მაინც ვერ გადავჭრით და არც ის ვიცით ეს შემსუბუქება რამდენად ეფექტური იქნება. გრეტას მხარდამჭერები განახლებად ენერგიებზე აპელირებენ, ჯორდან პეტერსონი კი ამბობს, რომ მზის და ქარის ენერგიებიც არ არის გამოსავალი, ეს გერმანიამ უკვე სცადა, მაგრამ უფრო მეტად დააბინძურა გარემო, რადგან ამ ტექნიკის საწარმოებლად ნახშირის წვაზე მომუშავე ქარხნების გახსნა დასჭირდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძვირი ჯდებოდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გრეტას იდეები ახლოს დგას Green Left-ის მიმართულებასთან. ის ამბობს, რომ ამ სისტემის პირობებში შეუძლებელია ჩვენს წინაშე მდგარი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება. მას და ამ იდეას ადანაშაულებენ, რომ სოციალისტური იდეებისკენ იხრებიან და თაყვანს სცემენ არ უშუალოდ ადამიანს და ადამიანურ ღირებულებებს, არამედ დედა ბუნებას, რომელსაც ისინი ყველაფერზე მაღლა აყენებენ. გრეტას ასევე აკრიტიკებენ იმაში, რომ გოგონა, რომელმაც სწავლა საბაზისო დონეზე მიატოვა, ცდილობს დასკვნები იმ საკითხებზე გამოიტანოს, რომლებიც კარგად არ ესმის. ახალაგზრდა აქტივისტის კრიტიკისას საპირწონედ მოჰყავთ კულტურული რევოლუცია, რადგან ადამიანმა არასოდეს იცის ერთ თითქოს კეთილშობილურ ქმედებას რა უკუგება მოაქვს, ასევე ამატებენ, რომ ჩინეთი, რომელიც მემარცხენე პოლიტიკურ იდეოლოგიას იზიარებს მაინც დგას ეკოლოგიური პრობლემების წინაშე.
მას ვისაც უფრო სიღრმისეულად აინტერესებს ახალგაზრდა ენვაირონმენტალისტის შეხედულებები შეუძლია გაეცნოს მის წიგნს – სახელწოდებით No One Is Too Small to Make a Difference.
წიგნი პირველად 2019 წლის მაისში გამოვიდა. მასში თავმოყრილია გრეტას საჯარო გამოსვლები, კონკრეტულად კი 16 გამოსვლა, მათ შორის არის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სფიჩი our house is on fire, რომელიც მან 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკის ფორმუზე წარადგინა და ისაუბრა გლობალურ დათბობასა და ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე. წიგნის გამოსვლის შემდეგ გრეტა მიწვეული იყო ელენის შოუში, სადაც მან ისაუბრა თუ რას ააკეთებს თავად იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს პლანეტას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის არ სარგებლობს თვითმფრინავით, ასევე არ ყიდულობს არაფერს გარდა აუცილებელი საჭიროებისა, ამასთან ერთად ის არის ვეგანი. საჯარო გამოსვლებში გრეტა ნაკლებად ამახვილებს ამ საკითხებზე ყურადღებას ამიტომ, გარდა მისი წიგნისა და საჯარო გამოსვლებისა თუნბერგის მოსაზრებებსა და ცხოვრების წესს შეგვიძლია გავეცნოთ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც სულ ახლახანს ნოემბერში გამოვიდა hulu-ზე სახელწოდებით “I am Greta”. ფილმი ბიოგრაფიულია და უფრო ახლოდან აღწერს გრეტას და მისი ოჯახის ცხოვრებას მას შემდეგ რაც ის მსოფლიომ გაიცნო როგორც აქტივისტი.
როგორ აგრძელებს საქმიანობას?
სანიტერესოა რას აკეთებდა გრეტა 2020 წლის პანდემიის პირობებში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ამ დროსაც არ გაჩერებულა, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლების მსგავსად არ ჰქონია შესაძლებლობა გამოსულიყო მსოფლიო ფორუმებზე და ასე ებრძოლა მიზნებისათვის, ის საქმიანობას ონლაინ აგრძელებს.
17 წლის აქტივისტი 2020 წლის მარტში ახალი ინიციატივით გამოვიდა და შექმნა ყოველკვირეულ ონლაინ შეხვედრები სახელწოდებით – „საუბრები მომავლისთვის“. აღნიშნული პლატფორმა კარანტინის პირობებზე მორგებული საშუალებაა მისი აქტივიზმის გასაგრძელებლად და კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ.
ონლაინ ღონისძიებები 27 მარტიდან დაიწყო და მას შემდეგ მასპინძლობს გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტებს, მეცნიერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ამას გარდა გრეტამ წელს ქველმოქმედ გალუსტ გიულბენკიანის სახელობის პრემია მოიპოვა. გიულბენკიანის ფონდმა მას ერთ მილიონ ევრო გამოუყო.
კონკურსის მიზანი იყო, გამოევლინათ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფები ან ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან, რომელთაც წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების შემცირებაში და გადმოირჩევიან ინოვაციური ხედვით. კონკურსის ჟიურის წევრები აცხადებენ, რომ გრეტა „თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო, ქარიზმატული და ინსპირირებული ფიგურაა, რომლიც დამაჯერებლად იბრძვის არსებული ვითარების შესაცვლელად”.
შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრეტას ძალიან ბევრი ადამიანი აკრიტიკებს, მას ასევე უამრავი მხარდამჭერიც ჰყავს. ამის კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი გახლავთ ის ფაქტი, რომ გრეტა 2020 წელს უკვე მეორედ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში.