ქართული ონლაინ მაღაზიების 66.7%-ს Product Schema არ აქვს, ხოლო კვლევაში გამოყენებული მოდელის მიხედვით, ტექნიკურ SEO ხარვეზებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაკარგი წელიწადში 1 309 836 ლარს აღწევს. ყოველთვიური შესაძლო დანაკარგი კი დაახლოებით 59 689 ორგანული ვიზიტია.
seo.ge-მ კვლევის ფარგლებში 38 ქართული ონლაინ მაღაზიის 1 468 გვერდი 13 ტექნიკური მიმართულებით შეამოწმა. ბაზრის მედიანურმა შედეგმა 74.1 ქულა შეადგინა 100-იდან.
რა პრობლემები გამოიკვეთა?
ყველაზე სუსტი მიმართულება Product Schema აღმოჩნდა. ონლაინ მაღაზიების 66.7%-ს ის საერთოდ არ ჰქონდა, რაც Google-ს პროდუქტის ფასის, მარაგის, ბრენდისა და სხვა მონაცემების სწორად ამოცნობას ურთულებს.
პრობლემური იყო პაგინაციაც. 22 შემოწმებული ვებსაიტიდან კატალოგის მეორე გვერდის Canonical მხოლოდ ერთს ჰქონდა სწორად გამართული.
ხარვეზები დაფიქსირდა სხვა მნიშვნელოვან ელემენტებშიც:
- ყველა გვერდზე უნიკალური Title მხოლოდ 13 ვებსაიტს ჰქონდა;
- ვებსაიტების 42.1%-ს Canonical-ის პრობლემა აღმოაჩნდა;
- Breadcrumb ნავიგაცია 38 ვებსაიტიდან მხოლოდ 17-ს ჰქონდა;
- სურათების Alt ტექსტის მოთხოვნა 33 ვებსაიტიდან მხოლოდ 12-მა დააკმაყოფილა.
ამასთან, რამდენიმე მიმართულებით მდგომარეობა საკმაოდ კარგია. Core Web Vitals-ის მოთხოვნა ვებსაიტების 86.5%-მა დააკმაყოფილა, ფილტრებით ზედმეტი URL-ების წარმოქმნის რისკი კი 97.4%-თან დაბალი იყო.
რომელი სეგმენტი ლიდერობს?
ყველაზე მაღალი მედიანური ქულა მოდისა და ტანსაცმლის სეგმენტმა მიიღო, 80 ქულა. ყველაზე დაბალი შედეგი სუპერმარკეტებისა და FMCG-ის მიმართულებაში დაფიქსირდა, სადაც მედიანა 57 ქულა იყო.
კვლევა აჩვენებს, რომ ქართული ონლაინ მაღაზიების ტექნიკური საფუძველი მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა Product Schema, პაგინაცია, Canonical-ები, უნიკალური Title-ები და შიდა ნავიგაცია კვლავ სისტემურ პრობლემებად რჩება.
კვლევაში გამოყენებული მოდელის მიხედვით, ამ ხარვეზებთან დაკავშირებული შესაძლო გავლენა თვეში დაახლოებით 59 689 ორგანულ ვიზიტს, წელიწადში კი 1 309 836 ლარს შეესაბამება. ეს თანხა ფაქტობრივად დაკარგულ შემოსავლად არ უნდა განვიხილოთ. მოდელი მხოლოდ პრობლემების სავარაუდო მასშტაბს აჩვენებს.



