POLUX MEDIA

ტიტების ბუმი – ფინანსური გაკვეთილი მე-17 საუკუნიდან

მოდით, დროში უკან გადავინაცვლოთ და ერთად მოვინახულოთ ისტორიის ერთ-ერთი უცნაური და საოცარი მოვლენა – ტიტების მანია. წარმოიდგინეთ XVII საუკუნის ჰოლანდია, სადაც ჩვეულებრივი ყვავილი მთელი ქვეყნის ეკონომიკას ატრიალებს. დიახ, სწორედ ყვავილი – ტიტა!

ყველაფერი დაიწყო უწყინარი გატაცებით. ჰოლანდიელებმა ტიტები შეიყვარეს. მათ მოსწონდათ ამ ყვავილის ფერი და ფორმები. მალე ტიტა მოდურ აქსესუარად იქცა. ყველას უნდოდა საკუთარ ბაღში ჰქონოდა ეს ლამაზი ყვავილი.

მაგრამ აქ იწყება საინტერესო ნაწილი. ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ტიტას ბოლქვები გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. ამიტომ დაიწყეს ბოლქვებით აქტიური სპეკულაცია. ფასები ნელ-ნელა გაიზარდა. ზოგიერთი იშვიათი ჯიშის ტიტის ბოლქვი იმდენად ძვირი გახდა, რომ მისი ყიდვა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. წარმოიდგინეთ, ერთი ბოლქვის ფასად შეიძლებოდა სახლის ყიდვა!

ხალხი გიჟდებოდა ტიტებზე. ბევრმა გაყიდა საკუთარი ქონება, რომ ტიტების ბოლქვებში ჩაედოთ ფული. ფიქრობდნენ, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა და დიდ მოგებას ნახავდნენ.

მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბუშტს თუ ზედმეტად გაბერავთ მოულოდნელად გასკდება. ეს ეკონომიკური ბუშტიც მოულოდნელად გასკდა. უცებ ყველამ გააცნობიერა, რომ ტიტების ბოლქვები არ ღირდა იმდენი, რამდენსაც იხდიდნენ, რეალურად ფასების ზრდას ღირებულების ზრდა არ უმაგრებდა ზურგს. ყველამ მცენარის თავიდან მოშორება დაიწყო და შედეგად ფასები სწრაფად შემცირდა. ბევრი ადამიანი გაკოტრდა.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ისტორიიდან? პირველ რიგში, სიფრთხილე გვმართებს, როდესაც რაიმე ძალიან პოპულარული ხდება და მისი ფასი სწრაფად იზრდება.

ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნივთის ნამდვილი ღირებულება ყოველთვის არ ემთხვევა მის საბაზრო ფასს.

უორენ ბაფეტი გვეტყოდა, რომ “როდესაც რაიმის ფასი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი თანმდევი დანაკარგი, როგორც წესი ასეთ პროცესებს უარყოფითი შედეგები მოჰყვება”

ტიტების მანია ადამიანის ემოციებისა და ბაზრის ურთიერთობის კლასიკური მაგალითია. როდესაც ხედავენ, რომ სხვები ბევრ ფულს შოულობენ, ადამიანების უმეტესობაც მათ მიჰყვება. მაგრამ ასეთ დროს მნიშვნელოვანია ცივი გონებით აზროვნება და რეალური ღირებულების შეფასება. ეს კი ნიშნავს, რომ დავსვათ ძალიან მარტივი კითხვა: “რატომ იზრდება აქტივის ფასი?”.

დღესაც ხშირად ვხვდებით მსგავს “ბუშტებს” – იქნება ეს კრიპტოვალუტები, ხელოვნური ინტელექტი თუ უძრავი ქონების ბაზარი (ხომ არ გეცნოთ სიტუაცია?) . ტიტების მანიის ისტორია გვახსენებს, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად და კარგად გავაანალიზოთ სიტუაცია, სანამ დიდ ინვესტიციებს გავაკეთებთ. ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო ნამდვილად არ არის.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც ტიტას დაინახავთ, გაიხსენეთ ზემოთ ხსენებული საოცარი ისტორია. ეს ლამაზი ყვავილი დაუდევარ ინვესტორებს ფინანსური სიფრთხილისკენ მოუწდოებს!