მაკდონალდსი, კოკა-კოლა, ჯილეტი, ვაშინგტონ პოსტი… ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც უორენ ბაფეტი აქციების მსხვილ პაკეტს ფლობს. მისი ქონება 2024 წლის მონაცემებით 130 მილიარდ დოლარს აჭარბებს. გაგიკვირდებათ და მან ქონების 90%-ზე მეტი 56 წლის შემდეგ დააგროვა.
ამ ზღაპრული სიმდიდრის უკან თავმდაბალი და პრინციპული ინვესტორი დგას, რომელიც ფულის ეკონომიის წარმოუდგენელი სიყვარულით გამოირჩევა.
ვინ არის უორენ ბაფეტი?
ბაფეტი მსხვილი ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და მეცენატია. მისი კომპანიის, Berkshire Hathaway-ს ღირებულება თითქმის 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. უორენი თავისი ფინანსური და საინვესტიციო წარმატებებით ნამდვილად გამორჩეულ ადგილს იკავებს ბიზნეს გურუებს შორის. მეტსახელად “ომაჰელი ორაკული” 93 წლის ასაკშიც არ წყვეტს ინვესტირებას და უფრო მეტიც, აქტიურად გასცემს ბიზნეს რჩევებს.
ბაფეტის საინვესტიციო ფილოსოფია
“ომაჰელი ორაკული” ფულს ყოველთვის კარგად მართულ ბიზნესებში დებს, რომლებიც იმ მომენტში საფონდო ბირჟაზე დაბალ ფასად იყიდება. ბაფეტი ცდილობს ისეთ კომპანიაში განახორციელოს ინვესტიცია, რომელსაც, მისი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ამჟამად ბაზარზე რეალურ ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად იყიდება (Undervalued).
ასეთი აქციების ხელში ჩაგდება უორენის საყვარელი საქმიანობაა. გადაწყვეტილების მიღებამდე ის დეტალურად შეისწავლის კომპანიის საქმიანობას, გულმოდგინედ იკვლევს მის ბუღალტრულ ბალანსს, შეისწავლის კომპანიის მენეჯმენტს და თუ ამასთან ერთად ამ სფეროშიც ერკვევა, შემდეგ აბანდებს ფულს.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერი არასდროს ჰკიდებს ბიზნესს ხელს თუ მას კარგად არ იცნობს. მაგალითად, ის ცნობილი იყო თავისი სკეპტიკური დამოკიდებულებით ტექნოლოგიური სფეროს მიმართ. 2000-იან წლებში “Dot.com Bubble-ის” (ტექნოლოგიური ბაზრის საპნის ბუშტი) დროს მის პორტფოლიოში ამ სფეროდან 1 აქციასაც ვერ შეხვდებოდით.
როგორც თავად აღნიშნა ამ გადაწყვეტილების უკან 2 მიზეზი იდგა:
1. არ იცნობდა სფეროს
2. როდესაც რაიმის ფასი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი თანმდევი დანაკარგი, როგორც წესი ასეთ მოვლენებს უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ზუსტად ასეთი სიტუაცია გახლდათ 2000-იანი წლების დასაწყისში ტექნოლოგიურ ბაზარზე.
თუმცა ბოლო წლებში Berkshire Hathaway-ს პორტფოლიოში რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიაც მოხვდა, როგორებიცაა სმარტფონების (Apple), ნახევრადგამტარების (Onsemi), სატელიტური რადიოების (SiriusXM) და სხვა ბრენდები.
ბაფეტის საინვესტიციო ფილოსოფია, რომ შევაჯამოთ რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს მივიღებთ:
- ფული ჩადეთ მხოლოდ იმ კომპანიებში, რომლებსაც კარგად იცნობთ
- ინვესტიციები დააბანდეთ გრძელვადიან პროექტებში. ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ საფონდო ბირჟაზე ფასების მუდმივი ყურება, როგორც ბაფეტი ამბობს: თუ მოედანზე თამაშისას მხოლოდ ანგარიშს უყურებთ, თამაშს ვერ მოიგებთ.
- ყოველთვის დარჩით თქვენი კომპეტენციის წრეში. ხშირად დიდია ახალ პროექტში ფულის დაბანდების ცდუნება, თუმცა თუ ამ საქმიანობას არ ვიცნობთ და არ შეგვიძლია მისი მომგებიანობის შეფასება უმჯობესია გავეცალოთ.
- ყველა კვერცხი ერთ კალათაში მოათავსეთ და ყურადღებით ადევნეთ თვალი. რა თქმა უნდა, მდინარის სიღრმე ორივე ფეხით არ უნდა გასინჯოთ, მაგრამ ზედმეტი დივერსიფიკაცია თქვენი პორტფოლიოს მომგებიანობას შეამცირებს. ამ დროს ინვესტიციებს იმიტომ კიარ აკეთებთ, რომ მოიგოთ, არამედ უბრალოდ დიდხანს დარჩეთ ბაზარზე. რაც უორენის აზრით მცდარი ხედვაა.
- აქციების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ თუ ვინ დგას მათ უკან. ამ შემთხვევაში ბრძენი ომაჰელი ორგანიზაციის მენეჯმენტს გულისხმობს. თუ მათ სანდოობასა და პატიოსნებაში დარწმუნდება, გაცილებით დიდია შანსი ფული სწორედ მათთან დააბანდოს.
ბაფეტი წარმატებული ტრეიდერის ჯესი ლივერმორისგან განსხვავებით, ხაზს უსვამს, რომ საბირჟო სპეკულაციების ნაცვლად უმჯობესია აქციებს შეხედოთ როგორც ბიზნესს.
“არ მადარდებს კომპანიის ფინანსური ანგარიშგება, თუ ვიცი, რომ მისი აქტივები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ამჟამად იყიდება. მე აქციის უკან მდგომი ბიზნესი მაინტერესებს.”
წარმოიდგინეთ, თითქოს რომელიმე მსხვილი კერძო კომპანიის მფლობელი ხართ. მცირე ეკონომიკური რყევის გამო კომპანიას თავიდან მოიშორებდით? – დიდი ალბათობით, არა. უბრალოდ საჯარო აქციების შემთხვევაში თქვენ ყოველდღე ხედავთ საბაზრო ფასს და ბაზრის მერყეობა გაიძულებთ იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამ დროს უმჯობესია ემოციებს არ ავყვეთ და შევაფასოთ კომპანიის ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში.
თავად ბაფეტი ამ რჩევას საკუთარი გამოცდილებიდან გვიზიარებს. ჯერ კიდევ როდესაც 11 წლის იყო, თავის დასთან – დორისთან ერთად პირველი აქციები იყიდა (ეს ფული მამისგან ისესხა). მან Cities Service Preferred-ის 3 აქცია თითო 38$-ად შეიძინა. ყიდვიდან ძალიან მალე კომპანის ფასი 27$-მდე დაეცა, თუმცა რამდენიმე დღეში 40$-ს მიაღწია. ახალგაზრდა ინვესტორმა ბედის გამოცდა არ ისურვა, აქციები გაყიდა და 6$-ის მოგებას დასჯერდა. თუმცა სიხარული მალევე სინანანულად გადაექცა, რადგან Cities Service Preferred-ის აქციების ფასი 200$-მდე გაიზარდა. ამან პატარა უორენზე ძალიან იმოქმედა და გადაწყვიტა ფული მხოლოდ გრძელვადიან პროექტებში დაებანდებინა.
ჩარლი მანგერი და უორენ ბაფეტი
“უმჯობესია ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი” (ჯონ როკფელერი)
60 წლიანი მეგობრობა 2023 წლის 28 ნოემბერს დასრულდა. ჩარლი მანგერის გარდაცვალებით ბაფეტი საუკეთესო მეგობრის, ბიზნეს პარტნიორისა და ფინანსური მრჩევლის გარეშე დარჩა.
მანგერი ბაფეტის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე უდიდეს გავლენას ახდენდა. სწორედ, მისი რჩევით შეცვალა მან საინვესტიციო სტრატეგია. მანამდე უორენი წამგებიანი კომპანიებით ვაჭრობდა იმ იმედით, რომ გაკოტრებამდე სარგებლის მიღებას მოასწრებდა. უფრო ზუსტად კი იმ კომპანიებს ირჩევდა, რომლებიც იმ მომენტში რეალურ ღირებულებაზე იაფად იყიდებოდა. ამ მეთოდს ბენჯამინ გრემი (ბაფეტის მასწავლებელი) “სიგარის ნამწვის სტრატეგიას (Cigar-butt strategy) უწოდებდა. მანგერმა კი ურჩია, რომ ფული მზარდ აქციებში ჩაედო, რომლის უკანაც წარმატებული ბიზნესი იდგა.
თავად უორენი აღნიშნავს, რომ მანგერის რჩევის გარეშე ხშირად ბევჯერ წამგებიანი საინვესტიციო გადაწყვეტილება მიუღია. მაგალითად, 2008 წელს როდესაც ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია Conoco Philips-ის აქციების საბაზრო ფასი ზენიტში იყო, ბაფეტმა მისი შეძენა ჩარლისთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვიტა. რამდენიმე წელში კი ეს გადაწყვეტილება ინანა და უნდა აღინიშნოს, რომ თავის ერთ-ერთ ყოველწლიურ წერილში ღირსეულად აღიარა სააქციო საზოგადოების წინაშე.
დიდ დროს სწორედ ჩარლისთან ატარებდა (თუ არ ჩავთვლით კითხვაში გატარებულ დროს. როგორც თავად ამბობს, ის დღეში საშუალოდ 500 გვერდს კითხულობს).
გამოსამშვიდობებელ წერილში ბაფეტმა მანგერს Berkshire Hathaway-ს არქიტექტორი უწოდა და აღნიშნა, რომ მის გარეშე ამ მწვერვალების დაპყრობა შეუძლებელი იქნებოდა.
ძუნწი იხვი დონალდი
“დაზოგილი დოლარი მოგებული დოლარია”
ბაფეტის სიძუნწეზე ლეგენდები დადის. რა თქმა უნდა, მილიარდერ ”უოლსტრიტელ ალქაჯს” ჰენრიეტა გრინს ვერ შეედრება, რომლის შვილს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს დედის ეკონომიის გამო. თუმცა უორენ ბაფეტიც საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობს.
ის ნახევრად ხუმრობით ამბობს, “თუ ბირჟაზე ფასები დაეცა, მაშინ მაკდონალდსში ეკონომ მენიუს ვუკვეთავ ხოლმე”.
ბიზნესმენი საკუთარ შვილებს ფულს სესხად აძლევდა. ერთხელ სესხის გაცემის დროს ქალიშვილს ხელწერილიც კი დაააწერინა.
მისი ცხოვრების სტილი საერთოდ არ ჰგავს იმ გლამურული მილიარდერების სტილს ჟურნალის გარეკანზე რომ ხვდებიან. ბაფეტი გაცილებით მოკრძალებულად ცხოვრობს. ის ისევ 1958 წელს ნაყიდი კადილაკით მგზავრობს და ყოველ დღე მაკდონალდსში იკვებება. სხვათა შორის ორაკული ისევ ძველ სახლში ომაჰაში ცხოვრობს.
ფილანთროპია
მიუხედავად მისი სიძუნწისა, ბაფეტი 2006 წლიდან შედარებით აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას და უკვე თითქმის მილიარდი დოლარი აქვს გადარიცხული საქველმოქმედო ფონდებში. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ის შეუერთდა Bill & Melinda Gates Foundation-ის წამოწყებას The Giving Pledge-ს. ფონდი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს აერთიანებს და პირობას ართმევს, რომ მათი ქონების ნაწილს სიცოცხლეში ან გარდაცვალების შემდეგ ქველმოქმედებას მოახმარენ. ბაფეტი ამბობს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების 99% ქველმოქმედებას მოხმარდება, ხოლო შვილებს რამდენიმე მილიონ დოლარს დაუტოვებს.
უორენ ბაფეტის ციტატები
- “ვიღაც იმიტომ ზის დღეს ჩრდილში, რომ ვიღაცამ დიდი ხნის ხე დარგო”
- “თუ ყიდულობთ იმას რაც არ გჭირდებათ, მალე მოგიწევთ იმის გაყიდვა რაც გჭირდებათ”
- “საჭიროა ყოველდღე ძალიან ბევრი იკითხოთ. ცოდნა ისევე იზრდება, როგორც რთული პროცენტი!”
- “რეპუტაციის შენებას 20 წელი სჭრიდება, დანგრევას წამები”
- “გარშემო ყოველთვის თქვენზე უკეთესები შემოიკრიბეთ”
- “ფასი ის არის რასაც იხდით, ღირებულება ის რასაც იღებთ”
- “წესი ნომერი პირველი: არასოდეს დაკარგოთ ფული, წესი ნომერი მეორე: არასოდეს დაივიწყოთ წესი ნომერი პირველი!”
- “არასოდეს გასინჯოთ მდინარის სიღრმე ორივე ფეხით”
- “აქციებს სწრაფი გამიმდიდრების მიზნით არასდროს ვყიდულობდი. საფონდო ბირჟა მოულოდნელად 5 წლით, რომ დახურულიყო ჩემთვის ეს პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა.”
- საფონდო ბაზარზე წარმატების საიდუმლო ესაა: “გვეშინია, როდესაც ყველა ხარბად ყიდულობს აქციებს და ვიჩენთ სიხარბეს, როდესაც ყველას ეშინია”
- “ყოველთვის ვიცოდი, რომ გავმდიდრდებოდი, ამაში ეჭვი არც ერთი წუთით შემპარვია”
- “გაყიდვის საუკეთესო დროა – არასდროს”
- “თუ ბიზნესი კარგად მუშაობს, აქციების ფასიც იზრდება”
- “სიმდიდრე სულის მდგომარეობაა”
- “დრო კარგი კომპანიების მეგობარია, მტერი კი წამგებიანი ბიზნესების”
- “ბევრი საქმის ცუდად კეთებას, რამდენიმეს საუკეთესოდ კეთება სჯობს”
- “მილიარდერების უმეტესობა, რომლებსაც ვიცნობ, საერთოდ არ შეცვლილან. თუ ადრე იდიოტები იყვნენ, ახლა მილიარდერი იდიოტები არიან”
- “თუ აკეთებთ იმას რასაც სხვები, მალევე მიიღებთ ისეთ შედეგს როგორც ისინი”
ამიტომ, იფიქრეთ განსხვავებულად, მოისმინეთ მეტი აზრი და დაფიქრდით რა შეგიძლიათ ისწავლოთ უორენ ბაფეტისგან.