POLUX MEDIA

რა უნდა იცოდეს სამუშაოს მაძიებელმა? – HR სპეციალისტის თვალით დანახული დეტალები

სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რადგან ყველასთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საკუთარი თავის რეალიზება და სტაბილური შემოსავალი.  შესაბამისად, რაც უფრო მაღალია სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი, მით უფრო  იზრდება კონკურენცია კანდიდატებს შორის.

სამუშაოს მაძიებლის შესახებ პირველი, რაც ეიჩარს ზოგადი წარმოდგენის შექმნაში ეხმარება არის აპლიკანტის  მიერ შედგენილი რეზიუმე.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს რეზიუმე?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის სწორად შერჩეული რეზიუმე – ეხმაურება თუ არა თქვენი რეზიუმე ამა თუ იმ კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიას.

აუცილებელია, რეზიუმე თანხვედრაში იყოს ვაკანსიასთან და კანდიდატმა აქცენტი ისეთ  გამოცდილებაზე გააკეთოს, რომელიც ზუსტად აკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნას. ცხადია, ყოველ ჯერზე რეზიუმეს შეცვლა სამუშაოს მაძიებელთათვის დისკომფორტია, თუმცა ყველა პოზიციაზე ერთი და იმავე რეზიუმეს გაგზავნა ეჭვქვეშ აყენებს კანდიდატის ინტერესს კონკრეტული პოზიციის მიმართ. რეზიუმე უნდა იყოს ლაკონური, ძირითადი აქცენტებით და სამუშაო გამოცდილებებით გაჯერებული.

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა გახლავთ  კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე რეზიუმეს გაგზავნა. როდესაც რეკრუტერს აპლიკანტის რეზიუმე ყველა პოზიციაზე ხვდება, უჩნდება განცდა, რომ კანდიდატი დაინტერესებული არ არის კონკრეტული მიმართულებით, რაც ამცირებს მისი კანდიდატურის განხილვის შანსს.

გასაუბრების თარიღის ჩანიშვნისას, აპლიკანტმა  უმჯობესია ყურადღება მიაქციოს ტექნიკურ დეტალებს – დისტანციური გასაუბრების შემთხვევაში სასურველია  ჩართვამდე კანდიდატს შემოწმებული ჰქონდეს  შეხვედრის ბმული და ტექნიკური დეტალები ( ისმის თუ არა ხმა, ჩართული არის თუ არა მიკროფონი ან ვიდეო თვალი), რადგან მოულოდნელად არ შეიქმნას რაიმე ტექნიკური სახის პრობლემა.

ასევე  აპლიკანტზე დადებითად აისახება, თუ  დროულად ჩაერთვება გასაუბრების პროცესში და  გასაუბრების თარიღის შეცვლის მოთხოვნით რამდენჯერმე არ მიმართავს სპეციალისტს. რა თქმა უნდა, ეიჩარი ითვალისწინებს ყველა შემთხვევას და თარიღის გადაწევაც არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა უმჯობესია  აღნიშნულის შესახებ სამუშაოს მაძიებლებმა დროულად აცნობონ პოტენციურ დამსაქმებელს.

პირისპირ გასაუბრების დროსაც გასათვალისწინებელია  დროულად გამოცხადება. ნებისმიერ შემთხვევაში პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის დროს. გასათვალისწინებელია, რომ როგორც  აპლიკანტი ეძებს  სამუშაოს, ისე – HR სპეციალისტი ეძებს კომპანიისთვის საუკეთესო თანამშრომელს,  ეს პროცესი კი ორმხრივია.

შემდეგი ეტაპი უშუალოდ გასაუბრების პროცესია:

როგორ უნდა წარიმართოს გასაუბრება, რომ  მომავალი დამსაქმებლისთვის კანდიდატი დასამახსოვრებელი იყოს?!

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კანდიდატი არ იყოს დაძაბული: უმჯობესია წარდგენა და საკუთარ გამოცდილებებზე საუბარი  უშუალო და მარტივი საკომუნიკაციო ენით წარიმართოს. მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე საუბრისას, სამუშაოს მაძიებელმა ისაუბროს რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით და გულწრფელად,  რადგან ხელოვნურობა ყოველთვის ეტყობა კანდიდატს და შესაბამისად აღნიშნული  მარტივად ამოსაცნობია ეიჩარისთვისაც. აქცენტის გაკეთება ყოველთვის  მიღწეულ შედეგებზე ჯობს, რადგან ეს ფაქტი ბევრის მთქმელია დამსაქმებლისთვის.

კარგი იქნება თუ კანდიდატი ისაუბრებს მის  მოტივაციაზე, რადგან გასაუბრების დროს ყველაზე სასიამოვნო მოტივირებული ადამიანის მოსმენაა.

გასაუბრება უნდა წარიმართოს დიალოგის რეჟიმში.  სასიამოვნოა, როდესაც კანდიდატები  ინტერაქციაში შედიან რეკრუტერთან და  მათთვის საინტერესო კითხვებს აჟღერებენ,  რადგან ამ დროს დამსაქმებლისთვისაც გასაგები ხდება, რომ აპლიკანტი ინტერესს გამოხატავს კონკრეტული საკითხის მიმართ და სრულად ჩართულია პროცესში.

გასაუბრების დასასრული უნდა იყოს დასამახსოვრებელი. მნიშვნელოვანია ორმხრივი უკუკავშირის გაცვლა, განსაკუთრებით, თუ გასაუბრების პროცესი სასიამოვნოდ წარიმართა.  საუბრის ბოლოს დააზუსტეთ პირობები, უკუკავშირის ფორმები და ვადები.

დაბოლოს, გახსოვდეთ არასდროს მოგერიდოთ დადებითი ემოციების გაცვლა. სასიამოვნო გასაუბრების შემდეგ ეიჩარი ყოველთვის ინიშნავს კანდიდატის მონაცემებს  და თუ გამოცხადებულ პოზიციაზე ვერ შედგა თქვენი თანამშრომლობა, დამერწმუნეთ, ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ სხვა პოზიციაზე განხილული იქნება თქვენი კანდიდატურა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ კონკრეტული მიმართულებით გამოცდილება.

სტატიის ავტორი: ლანა ცინცაძე

HR ჯენერალისტი

ბლუ უოთერსი