POLUX MEDIA

პოზიტიური და ნორმატიული ეკონომიკა

პოზიტიური ეკონომიკა აღწერს და ხსნის ეკონომიკურ მოვლენებს ობიექტურ და გაზომვად ტერმინებში, მაშინ როცა ნორმატიული ეკონომიკა ფოკუსირდება სუბიექტურ განცხადებებზე ეკონომიკური სამართლიანობის შესახებ ან იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ეკონომიკა ორგანიზებული. ორივე მათგანი თანამედროვე ეკონომიკის მნიშვნელოვანი განშტოებებია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოზიტიურ ეკონომიკას ხშირად უწოდებენ ეკონომიკის “რა არის” განშტოებას, მაშინ როცა ნორმატიული ეკონომიკა კითხულობს “რა უნდა იყოს.”

პოზიტიური ეკონომიკა – ციფრები, ფაქტები, ანალიტიკა

ოზიტიური ეკონომიკა არის ეკონომიკის მიმართულება, რომელიც ფოკუსირდება ეკონომიკური განვითარების, მოლოდინებისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების აღწერაზე, რაოდენობრივ შეფასებასა და ახსნაზე. ის ეყრდნობა ობიექტურ მონაცემთა ანალიზს, შესაბამის ფაქტებსა და მათთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს. ის ცდილობს დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ან ქცევითი ასოციაციები, რომლებმაც შეიძლება დაეხმაროს ეკონომიკური თეორიების განვითარების დადგენასა და შემოწმებაში.

პოზიტიური ეკონომიკა არის ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული. მისი განცხადებები არის ზუსტი, აღწერილობითი და ნათლად გაზომვადი. ეს განცხადებები შეიძლება შემოწმდეს ხელშესახები მტკიცებულებების ან ისტორიული შემთხვევების საფუძველზე. პოზიტიურ ეკონომიკაში არ არის სუბიექტური მოწონების ან უარყოფის შემთხვევები.

აი, პოზიტიური ეკონომიკური განცხადების მაგალითი: “სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ჯანდაცვა ზრდის საჯარო დანახარჯებს.” ეს განცხადება ეფუძნება ფაქტებს და არ შეიცავს სუბიექტურ მსჯელობას. მისი ვალიდურობა შეიძლება დადასტურდეს (ან უარყოფილ იქნას) იმ ქვეყნების ჯანდაცვის ხარჯების შესწავლით, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ჯანდაცვას.

პოზიტიური ეკონომიკა პოპულარული გახადა ეკონომისტმა მილტონ ფრიდმანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეკონომიკურმა მეცნიერებამ ობიექტურად უნდა გააანალიზოს მონაცემები ყოველგვარი მიკერძოების ან დღის წესრიგის გარეშე.

ნორმატიული ეკონომიკა

ნორმატიული ეკონომიკა ფოკუსირდება ღირებულებებზე დაფუძნებულ მსჯელობებზე, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პროექტებისა და სიმდიდრის განაწილების გაუმჯობესებისკენ. მისი მიზანია შეაჯამოს სხვადასხვა ეკონომიკური მოვლენების, სიტუაციებისა და პროგრამების სასურველობა (ან არასასურველობა) იმის კითხვით, თუ რა უნდა მოხდეს ან რა უნდა იყოს.

ნორმატიული ეკონომიკა არის სუბიექტური და ღირებულებებზე დაფუძნებული, რომელიც გამომდინარეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული პირადი შეხედულებებიდან ან მოსაზრებებიდან. ამ ტიპის ეკონომიკის განცხადებები თავისი ბუნებით ხისტი და დამრიგებლურია. ისინი ხშირად პოლიტიკურად ჟღერს, რის გამოც ამ ეკონომიკურ განშტოებას ასევე უწოდებენ “რა უნდა იყოს” ეკონომიკას.

ნორმატიული ეკონომიკური განცხადების მაგალითია: “სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ძირითადი ჯანდაცვა ყველა მოქალაქისთვის.” როგორც ამ განცხადებიდან შეგიძლიათ დაასკვნათ, ის ღირებულებებზეა დაფუძნებული, გამომდინარეობს პირადი პერსპექტივიდან და აკმაყოფილებს იმის მოთხოვნას, თუ რა “უნდა” იყოს.

საინტერესო მოსაზრებები ამ თეორიების შესახებ

დაკვირვებები აჩვენებს, რომ საჯარო პოლიტიკის შესახებ დისკუსიები ძირითადად ნორმატიულ ეკონომიკურ განცხადებებს მოიცავს. ასეთ დისკუსიებში უთანხმოების მაღალი ხარისხია, რადგან არც ერთ მხარეს არ შეუძლია ნათლად დაამტკიცოს თავისი სისწორე.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმატიული განცხადებები განზოგადებული და სუბიექტური ხასიათისაა, ისინია აუცილებელია ჩარჩოებს მიღმა აზროვნებისთვის. ასეთ მოსაზრებებს ზოგჯერ კონკრეტული პროექტის სრულად გარდაქმნის პოტენციალიც კი აქვთ.

თუმცა, ნორმატიული ეკონომიკა არ შეიძლება იყოს ძირითად ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი. პოზიტიური ეკონომიკა ავსებს ობიექტურ კუთხეს, რომელიც ფოკუსირდება ფაქტებსა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. პოზიტიურ ეკონომიკასთან ერთად, ნორმატიული ეკონომიკა შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა ეკონომიკური მიზნებისა და პერსპექტივებისთვის, ახალი იდეებისა და თეორიების დადგენის, გენერირებისა და განხორციელებისთვის.

არის თუ არა პოზიტიური ეკონომიკა ნორმატიულზე უკეთესი?

ორივე თეორიას აქვს თავისი გამოყენების სფეროები. იმისათვის, რომ შეიქმნას ქვეყნის, რეგიონის, სამრეწველო სექტორის, ინსტიტუციის თუ ბიზნესის გრძელვადიანი განვთარების ეფექტური პოლიტიკა, ხშირად პოზიტიური და ნორმატიული ეკონომიკური განცხადებების ერთმანეთთან ინტეგრირებაა საჭიროა.