“ლემანის ეფექტი” აღნიშნავს სიტუაციას, როდესაც ერთი კომპანიის ან ეკონომიკის ერთი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო კომპონენტის პრობლემა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდება, რომ ის ყველას პრობლემად იქცევა.
ტერმინი უკავშირდება Lehman Brothers-ის 2008 წლის გაკოტრებას, რომელიც მაშინ აშშ-ს მერვე უდიდესი საინვესტიციო ბანკი იყო. გაკოტრებამ გამოიწვია საფონდო ბირჟის მკვეთრი ვარდნა და ისეთი ზეწოლა მოახდინა დანარჩენ საფინანსო ინდუსტრიაზე, რომ ფედერალურმა მთავრობამ 700 მილიარდიანი დახმარების პროგრამით გადაწყვიტა ჩარევა.
პრობლემა არ შემოიფარგლა მხოლოდ აშშ-თი. ის გლობალურად გავრცელდა და 2008 წლის გლობალურ ფინანსურ კრიზისად იქცა.
წინაპირობა
2000-იანი წლების დასაწყისში, ბანკებმა და სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაიწყეს იპოთეკური სესხების შეთავაზება ისეთი მსესხებლებისთვის, რომლებიც ისტორიულად ვერ დააკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, მაგალითად, ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე პირები, ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ მცირე პირველადი შენატანის გაკეთება შეეძლოთ, ან ისინი, ვინც მათი გადახდისუნარიანობის ზევით აიღეს სესხები. ამ სესხებს Subprime სესხები ეწოდებოდა. ბანკებს ამ ადამიანებისთვის სესხის გაცემა ორი მიზეზის გამო შეეძლოთ:
- ბანკებმა შექმნეს ახალი საინვესტიციო პროდუქტები, რომელშიც გააერთიანეს სესხები და შემდეგ მიჰყიდეს ინვესტორებს, რითაც მკვეთრად შეამცირეს საკუთარი რისკი მისი სხვებზე გადაცემით.
- საცხოვრებელი სახლების ფასები სტაბილურად იზრდებოდა, ამიტომ მაშინაც კი, თუ მსესხებლები ვერ შეძლებდნენ იპოთეკური ვალდებულებების დაფარვას, ბანკებს ადვილად შეეძლოთ უძრავი ქონების მოგებით გაყიდვა და სესხის დაფარვა ან უბრალოდ დამატებითი სესხის აღება უკვე გაზრდილი საბაზრო ღირებულების ქონების ქვეშ.
“Lehman Brothers-ის” გავლენა Subprime სესხების ბაზარზე
მრავალი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის მსგავსად, Lehman-იც ჩაერთო სუბპრაიმ ბაზარზე. 2003 და 2004 წლებში Lehman-მა შეიძინა ხუთი იპოთეკური გამსესხებელი, მათ შორის ორი ამ ბაზარზე სპეციალიზდებოდა: BNC Mortgage და Aurora Loan Services.
Lehman-ის უძრავი ქონების ბიზნესმა ხელი შეუწყო შემოსავლების ზრდას კაპიტალის ბაზარზე, რომელიც 2004-დან 2006 წლამდე დაახლოებით 56%-ით გაიზარდა. Lehman-მა რეკორდული მოგება აჩვენა 2005, 2006 და 2007 წლებში, როდესაც მან 19.3 მილიარდი დოლარის შემოსავალზე 4.2 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება დააფიქსირა.
2007 წლის თებერვალში Lehman-ის აქციის ფასმა რეკორდულ 86.18 დოლარს მიაღწია ერთ აქციაზე, რამაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 60 მილიარდ დოლარამდე აიყვანა.
ლემანის დაცემა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფინანსური გიგანტი კვლავ განაგრძობდა მოგების რეკორდული რაოდენობის დაფიქსირებას, ნელ-ნელა აშშ-ს საცხოვრებელი სახლების ბაზარზე ბზარები ჩნდებოდა. ეს ზუსტად ის ბაზარი გახლდათ, რომელშიც Lehman-ს მილიარდობით დოლარი ჰქონდა დაბანდებული.
იპოთეკური დეფოლტები შვიდი წლის მაქსიმუმზე ავიდა, Lehman-მა კი 2008 წლის ივნისში კიდევ უფრო გაამძაფრა ინვესტორების შეშფოთება, როდესაც მან მეორე კვარტალში 2.8 მილიარდი დოლარის ზარალი აჩვენა.
გაკოტრების შედეგები
Lehman-ის გაკოტრების განაცხადის გაკეთების დღეს S&P 500 დაახლოებით 5%-ით დაეცა. მალევე, მსხვილმა ფულადი ბაზრის ფონდმა, რომელსაც Lehman-ის დიდი ოდენობის ვალი ჰქონდა, განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ინვესტორებისთვის მათ მიერ ჩადებული თანხის სრულად დაბრუნებას. ამან ინვესტორები იმდენად დააფრთხო, რომ ფულადი ბაზრის ფონდებიდან ერთბაშად უამრავმა ადამიანმა გამოიტანა ფული. ამ მოვლენებმა კი ფედერალური სარეზერვო სისტემა აიძულა ჩარეულიყო ფულადი ბაზრის ფონდების აქტივების გარანტირებისთვის.
ბაზრის სტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, Lehman-ის გაკოტრების განაცხადის შეტანიდან 48 საათზე ნაკლებ დროში, ფედს გლობალური სადაზღვევო კომპანიის American International Group-ის (AIG) საკუთარი რესურსებით გადარჩენა მოუწია. S&P 500 კიდევ 5%-ით დაეცა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც კრიზისი აქტიურად ვრცელდებოდა, კონგრესმა მიიღო პრობლემური აქტივების დახმარების პროგრამა (TARP), რომელმაც დაახლოებით 700 მილიარდი დოლარი გამოყო ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისთვის.
რამდენი ბანკი გაკოტრდა 2008 წელს?
2008-დან 2015 წლამდე 500-ზე მეტი ბანკი გაკოტრდა, წინა შვიდ წელთან შედარებით, როდესაც სულ 25 ბანკი გაკოტრდა. უმეტესობა იყო მცირე რეგიონული ბანკები.
რა არის Dodd-Frank?
ფინანსური კრიზისის შემდეგ, აშშ-ს მთავრობამ 2010 წელს მიიღო Dodd-Frank Wall Street-ის რეფორმისა და მომხმარებელთა დაცვის აქტი, რომელსაც ხშირად უბრალოდ Dodd-Frank-ს უწოდებენ. კანონმა აკრძალა რისკიანი საქმიანობების გარკვეული სახეობები, რომლებსაც პოტენციურად შეუძლია მსგავსი კრიზისების წარმოქმნა. ამ რეფორმამ გაზარდა სამთავრობო ზედამხედველობა ფინანსურ სისტემაში და აიძულა საინვესტიციო ბანკები შეენარჩუნებინათ უფრო დიდი ნაღდი ფულის რეზერვები.
არსებობს თუ არა მსგავსი მაგალთები?
2022 წლის ბოლოს, Credit Suisse-ის კრიზისი “ლემანის ეფექტს” შეადარა ბანკის ზომისა და მისი მსოფლიო მასშტაბის გამო.
Credit Suisse საფრთხეში შემდეგი ინციდენტების გამო ჩავარდა:
2021 წლის დასაწყისში, გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ფინანსური სერვისების კომპანია Greensill Capital გაკოტრდა, რის შედეგადაც Credit Suisse-ის აქციონერებმა 3 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადეს, რადგან ბანკს დიდი თანხა ჰქონდა დაბანდებული Greensill-ში. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, Credit Suisse-მა დამატებით 4.7 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა Archegos Capital-თან თანამშრომლობის შედეგად, და სულ მცირე შვიდმა Credit Suisse-ის აღმასრულებელმა დაკარგა სამსახური.
2022 წლის თებერვალში შვეიცარიის ოფიციალურმა პირებმა Credit Suisse ბულგარული კოკაინის ტრეფიკინგის ჯგუფისთვის ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს. შემდგომში კიბანკი დამნაშავედ ცნეს და 1.7 მილიონი ევროთი დააჯარიმეს, ხოლო კონკრეტულად შვეიცარიის მთავრობისთვის 15 მილიონი ევროს გადახდა დაავალეს.
უფრო გვიან, ბანკს ბრალი დასდეს ჰეჯ-ფონდებისა და სხვა ინვესტორებისთვის იმ დოკუმენტების განადგურების მოთხოვნაში, რომლებიც ფონდებს სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან აკავშირებდა, რამაც გამოძიებების მთელი სერია აღძრა ბანკის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული შვეიცარიული სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით.
Credit Suisse-ის აქციები პანდემიის პერიოდის მაქსიმუმიდან – 12.30 დოლარიდან 2022 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის 5 დოლარს ქვემოთ დაეცა, რამაც ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 50%-ით შეამცირა.