ალტერნატიული დანახარჯი ეკონომიკური ცნებაა, რომელიც გულისხმობს იმ სარგებელს, რომელსაც ვკარგავთ ერთი გადაწყვეტილების ნაცვლად მეორე გადაწყვეტილების არჩევისას. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ იგი წარმოადგენს იმ შესაძლებლობის ღირებულებას, რომელზეც უარს ვამბობთ კონკრეტული არჩევანის გაკეთებისას.
მაგალთად, სტუდენტის ალტერნატიული დანახარჯი შეიძლება იყოს იმ შემოსავლის ოდენობა, რომელსაც მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებდა მუშაობას სწავლის ნაცვლად.
ეს კონცეფცია გვეხმარება უფრო რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ იდეის გააზრება გვაიძულებს გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების არა მხოლოდ პირდაპირი სარგებელი, არამედ დაკარგული შესაძლებლობებიც.
რატომ უნდა გავიაზროთ ალტერნატიული დანახარჯის იდეა?
ალტერნატიული დანახარჯი გვეხმარება უფრო სიღრმისეულად შევაფასოთ ჩვენი გადაწყვეტილებები. იგი აჩვენებს, რომ არჩევანის გაკეთება ნიშნავს რაღაცის დათმობას და წარმატებული გადაწყვეტილებისთვის საჭიროა სხვა შესაძლებლობების ღირებულების გაანგარიშებაც.