დღესდღეობით უამრავი საინვესტიციო მიდგომა თუ თეორია არსებობს, რომლებიც მეტნაკლები წარმატებით მუშაობს პრაქტიკაში: დაწყებული “ღირებულებითი საინვესტიციო მიდგომით” (Value Investing), დამთავრებული “მზარდ აქტივებში ინვესტირებით” (Growth Investing).
ერთ-ერთი ასეთი საინვესტიციო მიდგომაა გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზითა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების მიხედვით ინვესტირება. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია რეი დალიო. ის ამჟამად (2025 წლის მონაცემებით) ყველაზე დიდ ჰეჯ-ფონდს ფლობს მსოფლიოში.
ბუნებრივია, რეი დალიოს მიდგომა საკმაოდ კომპლექსურია, მაგრამ ზოგადად “Global Macro Investing” საკმაოდ საინტერესო და შედარებით მარტივად გასააზრებელია.
მიუხედავად ამისა, “გლობალ მაკრო სტრატეგიის” გაგონებისას, უმრავლესობას ჯორჯ სოროსი ახსენდება საერთაშორისო ბაზრებზე სავალუტო სპეკულაციების გამო.
უფრო კონკრეტულად
ამ საინვესტიციო სტრატეგიის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარზე ჰოლისტიკურად აფასებს და პოლიტიკას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს.
ის ფინანსურ ბაზრებზე ფასების მოძრაობების ანალიზისა და პროგნოზირებისთვის მაკროეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მონაცემებს იყენებს.
მასშტაბურ ან “მაკრო” პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს შეუძლიათ არაპროპორციულად იმოქმედონ გარკვეულ სექტორებზე, როგორებიცაა ენერგეტიკის, სასაქონლო და სავალუტო ბაზრები. სტრატეგია, როგორც წესი, ეყრდნობა საპროცენტო განაკვეთების ტენდენციების, საერთაშორისო ვაჭრობისა და გადახდების, პოლიტიკური ცვლილებების, სამთავრობო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა ფართო სისტემური ფაქტორების პროგნოზებსა და ანალიზს.
როგორც სტრატეგია ფორმირდა 1960-იანი წლების ბოლოს სასაქონლო ვაჭრობის (Commodity Trading) გარშემო. მასშტაბურ მაკრო მოვლენებს შეეძლოთ როგორც რბილი (კაკაო, ხილი და შაქარი), ასევე მყარი (ოქრო, ვერცხლი და სპილენძი) საქონლის ფასების მკვეთრი მერყეობა.
1970-იან წლებში საპროცენტო განაკვეთის ანალიზი გამოიყენებოდა როგორც სავალუტო ბაზრებზე, ასევე სახელმწიფო ვალის მოძრაობების პროგნოზირებისთვის. ჰეჯ-ფონდების მმართველმა, როგორიცაა პოლ თუდორ ჯონსი, 1987 წლის საფონდო ბაზრის კრახის პროგნოზირებისთვის მასშტაბური დემოგრაფიული ანალიზი გამოიყენა. მან 1929 წლის “დიდ დეპრესიაზე” დაკვირვებით შეძლო 80-იანი წლების მოვლენებთან მსგავსება ეპოვა.
1990-იან წლებში ეს სტრატეგია განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ჰეჯ-ფონდის მენეჯერებმა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად წარმოქნილი საბაზრო მერყეობით გვარიანად იხერეს.
1992 წელს ჰეჯ-ფონდის მმართველმა ჯორჯ სოროსმა მომგებიანად გაყიდა ბრიტანული ფუნტი სტერლინგი ევროპული სავალუტო კურსის მექანიზმის კრახამდე, რამაც მას ერთ დღეში 1 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა.
1994 წელს საინვესტიციო მართვის ფირმებმა დაიწყეს მაკრო მონაცემების გათვალისწინება პორტფელის რისკის დასაბალანსებლად.
სამი წლის შემდეგ, 1997 წელს, შეიქმნა გლობალური ეკონომიკური პოლიტიკის მერყეობის (GEPU) ინდექსი სამი ძირითადი მაკრო ცვლადის გასაზომად: ეკონომიკა, პოლიტიკა და გაურკვევლობა (Volatility, მერყეობა).
2010-იან წლებში რაოდენობრივმა საინვესტიციო ფონდებმა დიდი რესურსები მიმართეს გლობალური მაკრო ანალიზისთვის.
დღეს თანამედროვე ტექნოლოგია, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, აქტიურად გამოიყენება მონაცემთა დახარისხებისა და ანალიზისთვის.
მეგა ოპერაციები
ფინანსური ბაზრების ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი გლობალური მაკრო ვაჭრობა განხორციელებულა, რომლებმაც არა მხოლოდ უზარმაზარი მოგება მოიტანეს, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მსოფლიო ეკონომიკაზე.
ჯორჯ სოროსი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერაცია უკავშირდება ჯორჯ სოროსის სახელს, რომელმაც 1992 წელს ბრიტანული ფუნტის წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო პოზიცია გახსნა. ეს დღე ისტორიაში “შავი ოთხშაბათის” სახელითაა ცნობილი. სოროსმა ერთ დღეში 1 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო და ინგლისის ბანკის დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
პოლ ტუდორ ჯონსი
1987 წლის საფონდო ბაზრის კრახი წინასწარ განჭვრიტა პოლ ტუდორ ჯონსმა. მაშინ, როდესაც S&P 500 ინდექსი 22 პროცენტით დაეცა, მისმა ფონდმა ოქტომბერში 62 პროცენტიანი მოგება მიიღო. ეს მოვლენა “შავი ორშაბათის” სახელითაა ცნობილი.
2008 წლის კრიზისი
2007 წელს ჯონ პოლსონმა აშშ-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კრახზე დადო ფსონი და დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მსგავსი წარმატება ჰქონდა მაიკლ ბიურსაც, რომელმაც ასევე წინასწარ განჭვრიტა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების მკვეთრი ვარდნა და თავისი ინვესტორებისთვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ისევ სოროსი და მეგობარი დრაკენმილერი
1990-იან წლებში სტენლი დრაკენმილერმა და ჯორჯ სოროსმა იაპონური იენის გაუფასურებაზე დადეს ფსონი და 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მიიღეს. 1998 წელს კი ლუის ბეკონმა რუსული რუბლის გაუფასურება და რუსეთის მთავრობის გადახდისუუნარობა იწინასწარმეტყველა, რის შედეგადაც მისმა ფონდმა იმ წელს 240 პროცენტიანი მოგება მიიღო.
ენდრიუ ჰოლისა და დევიდ ტეპერის 2008 წლის ფსონები
ენერგეტიკის სექტორში აღსანიშნავია ენდრიუ ჰოლის ოპერაცია 2008 წელს, როდესაც მან ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდაზე დადო ფსონი და დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2009 წელს, ფინანსური კრიზისის პიკზე, დევიდ ტეპერმა საბანკო აქციები შეიძინა და როდესაც ბაზარი გამოსწორდა, 7 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.
ჯეფრი გუნდლახი და ბილ აკმანი
ფიქსირებული შემოსავლის ბაზარზე აღსანიშნავია ჯეფ გუნდლახის ოპერაცია 2010-იან წლებში, როდესაც მან სახაზინო ობლიგაციების ბაზრის დაცემა სწორად იწინასწარმეტყველა. თუმცა ყველა მსხვილი ოპერაცია წარმატებული არ ყოფილა – მაგალითად, ბილ აკმანის მიერ 2012 წელს Herbalife-ის აქციებზე გახსნილი 1 მილიარდი დოლარის ოდენობის საწინააღმდეგო პოზიცია საბოლოოდ წაგებული აღმოჩნდა.
ზემოთ ხსენებული ოპერაციების ნაწილმა დიდი გავლენა იქონია ქვეყნების ეკონომიკებზე, ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ კი ნაკლებად. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებმა სწორად გაანალიზეს მაკროეკონომიკური ფაქტორები და დიდძალი მოგებაც მიიღეს.