POLUX MEDIA

4 მიზეზი, თუ რატომ არ არის “ღირებულებითი ინვესტირება” მკვდარი – Value Investing

აშშ-ს საპროცენტო განაკვეთი კვლავ კლების ტენდენციას განიცდის, რაც ინვესტორებს აფიქრებს, თუ სად უნდა მიმართონ თავიანთი თანხები. ამ ეტაპზე ბაზარი ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება წავიდეს, რადგან შიშისა და სიხარბის ინდექსი ამჟამად ნეიტრალურ ნიშნულზეა, ხოლო ეკონომიკისა და ბაზრის ექსპერტები უამრავ ვარაუდს გამოთქვამენ – დაწყებული რეცესიიდან, დამთავრებული უკეთესი პერსპექტივების გაგრძელების შესაძლებლობით.

ბოლო წლებში ზრდის აქციების გაუკონტროლებელმა შეფასებებმა ზოგიერთ ინვესტორს აფიქრებინა, რომ “ღირებულებითი ინვესტირება” მკვდარია, თუმცა ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა.

რამდენიმე ფონდის მმართველთან ინტერვიუებმა გამოავლინა ოთხი მიზეზი, თუ რატომ არის მსგავსი მიდგომა ჯერ კიდევ ეფექტური:

შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება

პირველ რიგში, უილ ნასგოვიცმა განაცხადა, რომ შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. ზოგიერთი ინვესტორი ბაზრის უკიდურესი ეიფორიის დროს ფულს აქციებში შეფასებისა და ანალიზის გაკეთების გარეშე აბანდებს.

ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ტექნიკურ ინდიკატორებს ეყრდნობა, რასაც ფასის ისტორიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ასკვნიან.

“პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ვიყენებთ P/E-ს, ჩვენი მეცხრე პრინციპი არის შეფასება”, – აღნიშნა ნასგოვიცმა. “ჩვენი ანალიტიკოსები ეძებენ ყველაზე შესაფერის მულტიპლიკატორს თითოეული ბიზნესისთვის და აფასებენ, არის თუ არა რისკი/მოგების თანაფარდობა მიმზიდველი. სტრატეგიული და ფინანსური ინვესტორები ყურადღებას მიაქცევენ შეფასებას. ეს ყველა სახის ინვესტირებას ეხება, განსაკუთრებით კი ღირებულებით მიდგომას.”

თუ ინვესტორები ბიზნესის მომგებიანობის შეფასების ფუნდამენტურ მაჩვენებლებს დაივიწყებენ, ისინი გაუთვალისწინებელი რისკების ქვეშ აღმოჩნდებიან და ბაზრის მერყეობას ნებას მისცემენ თავის ჭკუაზე ატარონ.

ბაზარი სრულყოფილად ეფექტიანი არ არის

სეთ უეინგრამმა Acadian Asset Management-დან აღნიშნა, რომ ტერმინს “ღირებულებით ინვესტირებას” უამრავი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და ხშირად სრულიად ბუნდოვანიც კია. მას სჯერა, რომ ფასეულობაზე დაფუძნებული ინვესტირების გარკვეული ფორმები ყოველთვის იმუშავებს, რადგან ბაზრები არასდროს არის სრულყოფილად ეფექტიანი.

აი, რას ამბობს ის – “პოპულარულ დისკუსიებში, ტერმინი ‘ფასეულობაზე დაფუძნებული ინვესტირება’ შეიძლება თითქმის ყველაფერს ნიშნავდეს. ფართო გაგებით, ფასეულობის კონცეფცია გულისხმობს საბაზრო ფასის შედარებას კომპანიის ღირებულების რაიმე ფუნდამენტურ მაჩვენებელთან. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ორს შორის განსხვავებების პოვნის იდეა მოძველებული იყოს. აზრი იმის შესახებ, რომ ინვესტირების ეს ზოგადი ფილოსოფია შეწყვეტს მუშაობას, არ ჯდება ლოგიკაში. ეს იმის თქმის ტოლფასია, რომ ბაზრები ან სრულყოფილად ეფექტიანია ან სრულიად ირაციონალური. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით.”

ფასეულობაზე დაფუძნებული ინვესტირება ჩვეულებრივ უკეთეს შედეგებს აჩვენებს, როცა ადამიანები შეშფოთებულები არიან

უორენ ბაფეტის ცნობილი ციტატის გახსენებით, Anacapa Advisors-ის ფილ პეკსოკმა მიუთითა კონკრეტულ საბაზრო გარემოებებზე, როდესაც ღირებულებაზე დაფუძნებული ინვესტირება ჩვეულებრივ უკეთეს შედეგებს აჩვენებს. ისინი, ვინც ბაზრის ეიფორიის დროს ფუნდამენტურ შეფასება არ აკეთებენ, ბაზრის მიქცევის დროს ხელცარიელი დარჩებიან.

“ფასეულობაზე დაფუძნებული ინვესტირება არასდროს კვდება. არსებობს ციკლები, როდესაც “ზრდის”ზრდაზე ორეინტირებული” აქციები (Gworth Stocks) უკეთესად მუშაობს და პერიოდები (ჩვეულებრივ ბაზრის ვარდნისას), როდესაც ფასეულობაზე დაფუძნებული ინვესტირება უკეთესია”, – თქვა პეკსოკმა. “ღირებულებით ინვესტირება ჩვეულებრივ უკეთესია, როცა ადამიანები შეშფოთებულები არიან; ჩვეულებრივ ბაზრის ვარდნის შემდეგ, მათ სურთ იცოდნენ, რომ მათ მფლობელობაში არსებულ აქციებს კვლავ აქვთ ღირებულება. ერთხელ ამასთან დაკავშირებით უორენ ბაფეტმა თქვა: ‘მხოლოდ მაშინ, როცა მიქცევა იწყება, აღმოაჩენ, ვინ ცურავდა შიშველი.'”

საბაზრო ციკლები ადამიანებს არასწორი შეფასებებისკენ უბიძგებს

დევიდ სამრამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შიშისა და სიხარბის ციკლი საფონდო ბაზრის მუდმივი ფაქტორია.

“ფასეულობაზე დაფუძნებული ინვესტირება არის ბიზნესის შეძენის ფილოსოფია მის დაკვირვებად ღირებულებაზე დაბალ ფასად“, – თქვა მან. “ეს არ შეიძლება იყოს მცდარი პრინციპი. საფონდო ბაზარს მართავს სიხარბე და შიში, რაც იწვევს არასწორი შეფასების მუდმივ პროცესს. ფასეულობაზე დაფუძნებული ინვესტირება მიზნად ისახავს ისარგებლოს არასწორი შეფასებით, როდესაც ბაზარზე შიშია.”

როგორც ჩანს ინვესტირების სამყაროში ჯერ კიდევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ღირებულებაზე დაფუძნებულ სიანვესტიციო სტრატეგიას გულმხურვალედ უჭერენ მხარს.