საყოველთაო საბაზისო შემოსავალი (Universal Basic Income) არის იდეა, რომელიც უკანასკნელ წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური გახდა. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლისა და საქმიანობის სფეროსი, პერიოდულად იღებდეს ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან. ეს იდეა ეწინააღმდეგება ტრადიციულ სოციალური დახმარების სისტემას, სადაც დახმარება გაიცემა მხოლოდ დაბალშემოსავლიანი ფენისთვის, განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. ამ თეორიის მიზანი სიღარიბის დაძლევაა.
იდეა – “ვინაიდან ადამიანი ხარ ე.ი გეკუთვნის ხელფასი”
ეს იდეა XVIII საუკუნეში გაჩნდა, მისი ავტორობა თომას სპენსს მიეწერება.
მაგრამ თეორია პოპულარული გასული საუკუნის 60-იან წლებში გახდა, როდესაც სოციალურმა გამოწვევებმა ეს საკითხი ხელახლა დააყენეს დღის წესრიგში, როგორც ღარიბებისთვის დახმარების გაწევის ერთ-ერთი გზისა.
თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ უნივერსალური საბაზისო შემოსავალი (UBI) შეამცირებს სიღარიბეს, გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს და თავისუფლებას მისცემს მათ, აირჩიონ სასურველი საქმიანობა მატერიალური პრობლემების გარეშე. მოწინააღმდეგეები კი საფრთხეს ხედავენ შრომისადმი მოტივაციის შემცირებაში და მიიჩნევენ, რომ ამას შეიძლება მოყვეს ეკონომიკური ზრდის შენელება.
ზოგიერთი ქვეყანა უკვე ცდილობს ამ იდეის განხორციელებას ექსპერიმენტული სახით. მაგალითად, ფინეთში 2017-2018 წლებში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც 2000 უმუშევარს 560 ევრო გადაეცემოდა ყოველთვიურად. კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეების ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, თუმცა დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა.
AI და UBI
საკითხის კიდევ უფრო ფართოდ გასაგებად წარმოვიდგინოთ, რომ AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიის ბუმმა ადამიანური შრომა მანქანური შრომით შეცვალა და უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. იმისათვის, რომ ეს ადამიანები საარსებო რესურსების გარეშე არ დარჩნენ, საჭირო გახდება მათთვის სახელმწიფომ ფინანსური სახსრები გამოყოს. თუ ასე არ მოიქცევა, ხალხი ქუჩაში გამოვა და გაიზრდება სახელმწიფო სისტემის დაშლის რისკი.
რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ დაშვებაა, მაგრამ გვიჩვენებს, რომ ამ თეორიის ხელაღებით უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნივერსალური საბაზისო შემოსავლის დანერგვა რთული და საკამათო საკითხია, რომელიც მოითხოვს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებას.
თქვენ რას ფიქრობთ?