POLUX MEDIA

არ გახდეთ შავი პარასკევის თაღლითობის მსხვერპლი!

შავი პარასკევის გაყიდვების მოახლოებასთან ერთად, ექსპერტები და სახელმწიფო მოხელეები მომხმარებლებს იმ თაღლითური სქემების შესახებ აფრთხილებენ, რომლებსაც ამ პერიოდში შეიძლება გადააწყდეთ.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნური ინტელექტი დამნაშავეებს საშუალებას აძლევს უფრო დახვეწილი თაღლითური სქემები შექმნან.

მთავარი კონტექსტი

მაკაფის (McAfee) 2024 წლის გლობალური სადღესასწაულო შოპინგის თაღლითობის კვლევის თანახმად, ყოველი მესამე ამერიკელი სადღესასწაულო სეზონზე თაღლითობის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა, ხოლო მსხვერპლთა 58%-მა ფინანსურადაც იზარალა.

გასულ წელს, ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, აშშ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიაში 95.2 მილიონი დოლარის ზარალი დაფიქსირდა. სადაზვერვო კომპანია EclecticIQ-მ ოქტომბრის დასაწყისში აღმოაჩინა კოორდინირებული ფიშინგის კამპანია. სავარაუდოდ ამ ყველაფრის უკან ჩინური ორგანიზაციები იდა. კამპანია მიმართული იყო ამერიკელი და ევროპელი ონლაინ მყიდველებისკენ, რომლებიც შავი პარასკევის ფასდაკლებებს ეძებდნენ.

შეიქმნა რამდენიმე ვებსაიტი, რომლებიც თავს ცნობილ ბრენდებად ასაღებდნენ და შოპინგის დროს მსხვერპლთა პირად და საბანკო მონაცემებს აგროვებდნენ.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ ჰორნის თქმით, ფასდაკლების პერიოდი თაღლითებისთვის “პრაიმ-ტაიმად” იქცა, მან ამ პერიოდს “შავი თაღლითობის დღეც” კი უწოდა.

როგორ იყენებენ თაღლითები ხელოვნურ ინტელექტს?

შტაინჰაუერის თქმით Forbes-თან საუბარში, თაღლითური სქემები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების წყალობით გაცილებით უფრო სანდოდ გამოიყურება. უფრო მეტიც, ის დამნაშავეებს მასტაბური თავდასხმების შესაძლებლობას აძლევს.

მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შექმნას კარგად გამართული მასობრივი მარკეტინგული წერილები და გამოსახულებები, რომლებიც ზუსტად იმეორებს ოფიციალური გამყიდველის სტილს, შრიფტებსა და დიზაინს.

გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ვებსაიტისთვის კოდის დაწერაც შეუძლია, გამოსახულებების გენერირება ან ვებსაიტის კოდის დუბლირება დიდ მასშტაბზე.

ინდიანას უნივერსიტეტის გამოყენებითი კიბერუსაფრთხოების კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, სკოტ შაკელფორდის თქმით, დღეს შესაძლებელია უფრო რეალისტური ცნობილი სახეების რეკლამების შექმნა “დიპფეიკის” ტექნოლოგიით. მაკაფის გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა დაახლოებით 59% თვლის, რომ შეუძლია დიპფეიკების ან ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კონტენტის იდენტიფიცირება.

რა შეუძლიათ გააკეთონ მყიდველებმა?

შტაინჰაუერის თქმით, თაღლითობის ამოცნობა სულ უფრო რთული ხდება. “რამდენიმე წლის წინ ვიტყოდი, რომ ცუდი დიზაინი ან მართლწერის შეცდომები იყო მანიშნებელი, მაგრამ ეს უკვე აღარ არის ასე”, – ამბობს შტაინჰაუერი. “ახლა ყველაფერი შეიძლება ნამდვილს ძალიან ჰგავდეს.”

თუ ფასდაკლება ზედმეტად კარგად ჟღერს, მომხმარებლებმა უნდა შეამოწმონ ვებსაიტის URL ან პირდაპირ მიმართონ მაღაზიის ოფიციალურ ვებგვერდს ფასდაკლების ლეგიტიმურობის შესამოწმებლად. თუ გაყიდვას აქვს უკუთვლის ტაიმერი ან შეზღუდული დროის შეთავაზებები, მყიდველებმა უნდა დაუთმონ დრო შეთავაზების ნამდვილობის გადამოწმებას, რადგან თაღლითები ხშირად ქმნიან ხელოვნურ გადაუდებლობის განცდას (FOMO).

თუ რეკლამა ან ცნობილი სახის მხარდაჭერა უცნაურად ან შეუსაბამოდ გამოიყურება, შაკელფორდის რჩევით, უმჯობესია სანდო წყაროებისა და ნაცნობი ვებსაიტების შემოწმება.

შტაინჰაუერი გვირჩევს გადახდისთვის საკრედიტო ბარათების გამოყენებას სხვა მეთოდების ნაცვლად, რადგან საკრედიტო ბარათებს უფრო მოწესრიგებული აქვს თაღლითობისგან დაცვის მექანიზმები.

წყარო: forbes.com