POLUX MEDIA

Nvidia-ს აქციები ეცემა – AI-ზე დახარჯული თანხები შესაძლოა შემცირდეს

Nvidia-ს (NVDA) აქციები სამშაბათს დილით 2%-ზე მეტით შემცირდა. ინვესტორებში გაჩნდა შიში, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დახარჯული თანხები შეიძლება მკვეთრად შემცირდეს.

AI ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით ჩამორჩება ნოემბრის დასაწყისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს – $148.88-ს.

Nvidia, რომელიც თავდაპირველად ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილი გრაფიკული ბარათების მწარმოებელი იყო, სწრაფად გადაიქცა AI ჩიპების მსოფლიოს წამყვან მიმწოდებლად, რადგან ტექნოლოგიური გიგანტები სრულად გადაერთვნენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე. 2024 წელს მან Apple-თან (AAPL) გაცვალა პოზიციები და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა, ხოლო ნოემბრის დასაწყისში ჩაანაცვლა ოდესღაც დომინანტი Intel (INTC) Dow Jones-ის ინდუსტრიულ საშუალო მაჩვენებელში (^DJI).

Wedbush-ის ანალიტიკოსმა დენ აივსმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ მისი პროგნოზით, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 2025 წელს 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

თუმცა ნოემბერში რეკორდული დახურვის შემდეგ, Nvidia-ს აქციები დაეცა მას შემდეგ, რაც Microsoft-ისა (MSFT) და Google-ის (GOOG) კომენტარებმა აჩვენა, რომ მათი დანახარჯები AI-ზე მომავალში უფრო ნელი ტემპით გაიზრდება. ჭორებმა უახლესი Blackwell AI სერვერების გადახურების შესახებ გააღვივა შიში წარმოების ზრდის შემდგომი შეფერხებების თაობაზე, რამაც აქციების კიდევ უფრო მეტად დაცემა გამოიწვია. Nvidia-ს ბოლო შთამბეჭდავმა ფინანსურმა ანგარიშმაც კი, რომელმაც ოპტიმისტურად განწყობილი ანალიტიკოსების ისედაც მაღალ მოლოდინებს გადააჭარბა, ვერ უშველა აქციების ტრაექტორიას.

Nvidia-ს პრობლემებს ისიც დაემატა, რომ გასულ კვირას ჩინეთის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყების შესახებ Nvidia-ს მიერ ქსელური ტექნოლოგიების კომპანია Mellanox-ის 7 მილიარდიან შესყიდვასთან დაკავშირებით.

ამასობაში კონკურენცია მძაფრდება. Amazon-მა (AMZN) დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ აშენებს სუპერკომპიუტერს თავისი ახალი სერვერებითა და საკუთარი Trainium AI ჩიპებით – რომელთა Nvidia-ს ალტერნატივად ქცევასაც იმედოვნებს. Broadcom-მა (AVGO) თავის უახლეს ფინანსურ ანგარიშში განაცხადა, რომ გარიგებები ჰიპერსქეილერებთან მისი მორგებული AI ჩიპების (XPU-ების) მისაწოდებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში 90 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მოიტანს – რამაც კომპანიის აქციებზე ფასი საგრძნობლად გაზარდა, ხოლო Nvidia-ს აქციები კი პირიქით შეამცირა.

სამშაბათს PHLX ნახევარგამტარების ინდექსი (^SOX) თითქმის 2%-ით დაეცა. ცნობისთვის, ინდექსი მოიცავს Nvidia-სა და სხვა ჩიპების მწარმოებლების აქციებს.

ტექნოლოგიური გიგანტების დანახარჯები AI-ზე კვლავ უზარმაზარ თანხებამდე იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს ჯერ არ უნახავთ მნიშვნელოვანი უკუგება თავიანთ ინვესტიციებზე. Microsoft-ის კაპიტალური დანახარჯები უახლეს კვარტალურ ანგარიშში გაორმაგდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 20 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო Meta-ს (META) ხარჯები იმავე პერიოდში 36%-ით გაიზარდა 9.2 მილიარდ დოლარამდე. Google-ის კაპიტალური დანახარჯები 63%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავდროულად, Bloomberg-ის მიერ ციტირებული Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ს მუშაკთა მხოლოდ 4% იყენებს AI-ს ყოველდღიურად.

JPMorgan-ის (JPM) ანალიტიკოსმა სამიკ ჩატერჯიმ ინვესტორებისადმი ორშაბათს გაგზავნილ შენიშვნაში აღნიშნა, რომ შიში AI-ზე დანახარჯების შემცირების შესახებ “უსაფუძვლოა”, თუმცა აღიარა, რომ “2024 წელი, სავარაუდოდ, პიკი იყო პროცენტული ზრდის თვალსაზრისით”.