POLUX MEDIA

როგორ გავუმკლავდეთ ცვალებად მსოფლიო წესრიგს? – რეი დალიო (ნაწილი I)

ჩვენს გარშემო არსებული ეკონომიკური გარემო ძალიან სწრაფად იცვლება. ყოველდღიურად უამრავი დიდი თუ პატარა ფინანსური გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება: რას მივაქციოთ ამ დროს ყურადღება და რატომ? არც ის ვიცით საერთოდ რა იწვევს ამ ცვლილებებს?

ეკონომიკურ სისტემაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, თუმცა ძირეულ ცვლილებებს ძირითადად მაკროეკონომიკური მოვლენები იწვევს. სწორედ ის განსაზღვრავს რამდენად გაძვირდება პროდუქტი, უძრავი ქონება, შრომის ფასი და ა.შ.

ამიტომ, ამ ბლოგში მსურს რამდენიმე სერიად წარმოგიდგინოთ თუ როგორ მუშაობს და ვითარდება ეკონომიკური სამყარო და რა ფაქტორები აყალიბებს გლობალურ მაკროეკონომიკურ წესრიგს.

ამ კრებულში მარტივად, მაგრამ ჰოლისტიკურად გავაანალიზებთ თუ როგორ იქმნება და იცვლება მსოფლიო ეკონომიკური ეპოქა.

🔊 ყურადღება, ყურადღება ❗

  • გირჩევ კითხვა განაგრძო იმ შემთხვევაში თუ გსურს გაიგო რა ლოგიკას მიყვება თავად მილიარდერი რეი დალიო გადაწყვეტილებების მიღებისას.
  • გაინტერესებს ფულისა და პოლიტიკის სამყარო.
  • უბრალოდ მოთმინება გაქვს 5 მცირე ზომის სტატია წაიკითხო 😊 (სავარაუდოდ უმრავლესობა ამ უნარით ვერ დაიკვეხნის).

***

ცნობილი ინვესტორი და ჯეფ-ფონდის მილიარდერი მენეჯერი რეი დალიო მოკლედ გვიყვება გლობალური ეკონომიკური ციკლებისა და ფინანსური სისტემის შესახებ. თავისი ნაშრომით ის პასუხს სცემს შემდეგ კითხვებს:

  • შეიძლება თუ არა წარსულის შესწავლით ფინანსური პროგნოზების გაკეთება?
  • როგორ იცვლება ეკონომიკური ძალთა ბალანსი მსოფლიოში?
  • რა კანონზომიერებით ხასიათდება გლობალური ეკონომიკური განვითარება?

სიმარტივისთვის, ეს ნაშრომი რამდენიმე ფუნდამენტურ ნაწილად გავყავი:

  • ვსწავლობთ წარსულისგან
  • ცვალებადი მსოფლიო წესრიგები
  • დიდი ციკლი
  • დომინანტური სახელმწიფოს განვითარების 3 ფაზა (აქ გაიგებთ იმპერიები ზრდის, აღზევებისა და დაცემის შესახებ)
  • მომავალი

ახლა კი წარმოგიდგენთ უშუალოდ რეი დალიოს ვიდეო ჩანაწერის დამუშავებულ ვერსიას, რომელშიც თავად მოგვითხრობს ზემოხსენებულის შესახებ.

უმჯობესია სიტყვა დალიოს გადავცეთ და თავად მოგვიყვეს თუ რისი თქმა სურს.

მაშ დავიწყოთ…

დალიო: იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ როგორ მუშაობს ეკონომიკური სისტემა, საჭიროა პირველ რიგში გავიაზროთ: როგორ ვისწავლოთ წარსულისგან? – ამბობს რეი და აგრძელებს…👇

ნაწილი პირველი: ვსწავლობთ წარსულისგან

ის, რაც წინ გველის, ძალიან განსხვავებული იქნება ჩვენი თანამედროვეობისგან. თუმცა, ეს არ იქნება კაცობრიობის სრულიად უცხო გამოცდილება – ასეთი ცვლილებები ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა.

საიდან ვიცი ეს? რადგან ყოველთვის ასე იყო.

ჩემი 50 წლიანი საინვესტიციო გამოცდილებით ვისწავლე, რომ ძირეულმა ეკონომიკურმა მოვლენებმა იმიტომ გამაოცა, რომ ისინი ჩემ სიცოცხლეში მანამდე არასდროს მომხდარა.

ამ მტკივნეულმა სიურპრიზებმა მაიძულა შემესწავლა მსოფლიოს ბოლო 500 წლის ისტორია. 

და დავინახე, რომ მსგავსი გლობალური მოვლენები მართლაც ბევრჯერ მომხდარა ჰოლანდიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის იმპერიების აღმასვლისა და დაცემის დროს.

ყოველ ჯერზე ეს ნიშნავდა მსოფლიო წესრიგის ცვლილებას.

ამ კვლევამ მომცა ფასეული გაკვეთილები, რომლებსაც ბლოგში ძალიან მოკლედ გაგიზიარებთ. 

სრული ვერსია შეგიძლიათ იპოვოთ ჩემს წიგნში “პრინციპები ცვალებად მსოფლიო წესრიგთან გასამკლავებლად”.

ბოლო დროს ხშირად ძიებადი ფრაზა: ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები

მომავლის წინასწარმეტყველება წარსულის შესწავლით

დავიწყებ ამბით, თუ როგორ ვისწავლე მომავლის წინასწარმეტყველება წარსულის შესწავლით.

1971 წელს, როცა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ჯერ კიდევ ახალგაზრდა კლერკი ვიყავი, აშშ-ს მთავრობას ფული გაუთავდა, ის უბრალოდ ვერ ასრულებდა ვალდებულებს.

დიახ, არ მოგესმათ აშშ-ს ფული გაუთავდა. როგორ?

მაშინ ოქრო იყო ფული, რომელსაც საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის იყენებდნენ. ქაღალდის ფული, მაგალითად დოლარი მხოლოდ ჩეკის წიგნაკის ფუნქციას ასრულებდა  – მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი ღირებულება. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ დოლარი არსებობდა მხოლოდ იმიტომ, რომ გამარტივებულიყო ოქროთი ანგარიშსწორება. რეალური ვალუტა კი სწორედ ოქრო გახლდათ (კომენტარი: ამ დროს მსოფლიო ჯერ კიდევ ოქროს სავალუტო სისტემას იყენებდა).

იმ პერიოდში აშშ შემოსავლებზე ბევრად მეტს ხარჯავდა. გასცემდა იმაზე გაცილებით მეტ ქაღალდის ფულს, ვიდრე ოქრო ჰქონდა მათ გადასაცვლელად.

როცა ხალხი ამ ჩეკებს ოქროზე ცვლიდა, აშშ-ს ოქროს მარაგი მცირდებოდა. მალე გაირკვა, რომ აშშ ვერ შეასრულებდა დაპირებას არსებული ქაღალდის ფულისთვის. ხალხი პანიკამ მოიცვა 😱 და დაიწყო დოლარების ოქროზე გაცვლა, მანამ სანამ ძვირფასი ლითონის მარაგი თითქმის არ ამოიწურა.

საფონდო ბირჟის ვარდნა

პრეზიდენტმა ნიქსონმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტდა დოლარების ოქროზე გაცვლას. რა თქმა უნდა, მან ეს დიპლომატიურად თქვა დეფოლტის აღიარების გარეშე.

მე კი ამ მოვლენებს გაოცებული ვუყურებდი. გავაცნობიერე რა, რომ ფული, როგორც ჩვენ ვიცნობდით, მთავრდებოდა. ეს კრიზისის დასაწყისი უნდა ყოფილიყო!

ველოდი, რომ საფონდო ბაზარი დაეცემოდა მეორე დღეს. მაგრამ როცა გაიხსნა, ფასები გაიზარდა – ძალიან გაიზარდა – დაახლოებით 25%-ით.

ამან ცივი შხაპივით იმოქმედა ჩემზე. მანამდე ვალუტის ასეთი დევალვაცია ნამდვილად არ გამომეცადა. 

რა მოხდა? ნუთუ რაღაც ახალ ფენომენთან გვქონდა საქმე? ნუთუ საფონდო ბირჟაზე ასეთი რამ მანამდე არასდროს არ მომხდარა? 🤔

გაკვირვებულმა ისტორიაში დავიწყე პასუხის ძიება.

როდესაც წარსულს ჩავუღრმავდი, აღმოვაჩინე, რომ იგივე მოხდა 1933 წელს (ავტორის შენიშვნა: დიდი დეპრესია) და ზუსტად იგივე ეფექტი ჰქონდა ეკონომიკაზე.

მაშინაც დოლარი ოქროზე იყო მიბმული. როდესაც აშშ-ს ოქროს მარაგი გამოელია, პრეზიდენტმა რუზველტმა რადიოთი განაცხადა, რომ ქვეყანა წყვეტდა დოლარების ოქროზე გაცვლას.

ორივე შემთხვევაში ოქროსთან კავშირის გაწყვეტამ აშშ-ს საშუალება მისცა გაეგრძელებინა მეტის ხარჯვა, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა, უბრალოდ მეტი ქაღალდის დოლარის დაბეჭდვით.

რადგან დოლარების რაოდენობა გაიზარდა ქვეყნის სიმდიდრის ზრდის გარეშე, თითოეული დოლარის ღირებულება დაეცა. 📉

ეს ახალი დოლარები ბაზარზე წარმოების ზრდის გარეშე შევიდა , ხალხს უფრო მეტი დოლარი გაუჩნდა ჯიბეში. ამიტომ ადამიანებმა შეიძინეს ბევრი აქცია, ოქრო და საქონელი, რამაც ამ აქტივების ფასების ზრდა გამოიწვია.

როცა უფრო მეტად ვიკვლევდი ისტორიის სიღრმეებს, მით უფრო მეტ კანონზმოიერებას ვამჩნევდი ეკონომიკის ისტორიაში.

დავინახე, რომ ძველი დროიდან, როცა მთავრობები ბევრად მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე გადასახადებით იღებდნენ და პოლიტიკური პირობები უარესდებოდა, მათ ფული უთავდებოდათ და მეტი სჭირდებოდათ.

ამიტომ ბეჭდავდნენ მეტს, ბევრად მეტს. შედეგად კუპირების ღირებულება მცირდებოდა და ყველაფრის, მათ შორის აქციების, ოქროსა და საქონლის ფასები მკვეთრად იზრდებოდა.

გაკვეთილი #1

სწორედ მაშინ ვისწავლე პირველი პრინციპი ❗ – როდესაც ცენტრალური ბანკები კრიზისის მოსაგვარებლად ბევრ ფულს ბეჭდავენ, იყიდე აქციები, ოქრო და საქონელი, რადგან მათი ღირებულება გაიზრდება, ხოლო ქაღალდის ფულის ღირებულება, პირიქით, შემცირდება (დალიოს ციტატა).

ფული, დოლარი და ოქრო

მსგავსი სიტუაცია იყო 2008 წელს იპოთეკური კრიზისისა და 2020 წელს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროსაც.

და თითქმის აუცილებლად მოხდება მომავალშიც. ამიტომ გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს პრინციპი.

კვლევის საფუძველზე კიდევ ერთი პრინციპი ჩამოვაყალიბე: იმის გასაგებად, რა გელის მომავალში, უნდა გაიგო, რა მოხდა შენამდე.

ამ პრინციპმა მიმიყვანა 1920-იანი წლების ბუმის 1930-იანი წლების დეპრესიად გადაქცევის შესწავლამდე. 

გავიაზრე რა იდგა ამ ყველაფრის უკან. ამ ცოდნამ კი მომცა საშუალება წინასწარ განმეჭვრიტა და მოგება მენახა 2008 წლის კრიზისიდან. 🤑

ყველა ამ გამოცდილებამ გამიმძაფრა სურვილი კიდევ უფრო ღრმად შემესწავლა წარსული, რათა მარტივად გავმკლავებოდი მომავალს.

👉 გაგრძელება იქნება ძალიან მალე : ცვალდებადი წესრიგები. (განაგრძე კითხვა. შემდეგ თავში მოკლედ მიმოვიხილავთ თუ რა არღვევს შიდა და გარე წესრიგს).