POLUX MEDIA

ყველა დროის 5 გავლენიანი ეკონომიკური წიგნები

ეკონომიკური აზროვნების ისტორია სავსეა გამორჩეული ნაშრომებით, რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალეს ჩვენი გაგება საზოგადოების, ვაჭრობისა და კეთილდღეობის შესახებ.

XVIII საუკუნიდან დღემდე, გამოჩენილი მოაზროვნეები გვთავაზობენ თავიანთ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა და რა გავლენას ახდენს ის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

ქვემოთ მოცემული ნაშრომები ეკონომიკური აზრის ევოლუციის მთავარ ეტაპებს გამოხატავს, დაწყებული ადამ სმითის კლასიკური ლიბერალიზმიდან, დამთავრებული სტიგლიცის თანამედროვე გლობალიზაციის კრიტიკით.

ადამ სმითის “ერთა სიმდიდრე” (The Nations of Wealth)

ადამ სმითის ეკონომიკური წიგნი "ერთა სიმდიდრე"

ადამ სმითის “ერთა სიმდიდრე” 1776 წელს გამოქვეყნებისთანავე აღიარებულ იქნა, როგორც ადამიანური აზროვნების მნიშვნელოვანი ნაშრომი.

ეს წიგნი გახლავთ პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპების პირველი მეცნიერული არგუმენტაცია და ყველა შემდგომი ეკონომიკური აზრისთვის ღირსეულ ათვლის წერტილს წარმოადგენს.

სმითის თეორიები კაპიტალის დაგროვების, ზრდისა და სეკულარული ცვლილებების შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, კვლავ გავლენიანია თანამედროვე ეკონომიკაში.

კარლ მარქსის “კაპიტალი”

კარლ მარქსის წიგნი ეკონომიკაზე "კაპიტალი

კაპიტალიზმის, ბურჟუაზიული საზოგადოებისა და კლასობრივი კონფლიქტის ეკონომიკის გაგების მნიშვნელოვანი ნაშრომი – კარლ მარქსის “კაპიტალი”.

როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და ამავდროულად გავლენიანი ნაშრომი, “კაპიტალი” წარმოადგენს კერძო საკუთრებისა და მისგან გამომდინარე სოციალური ურთიერთობების მკაცრ კრიტიკას.

ინგლისში, სადაც ამ ნაშრომის დიდი ნაწილი დაიწერა, გადასახლებაში მყოფმა მარქსმა, თავისი ანალიზისა და ახალი შეხედულებების გასამყარებლად ინგლისური საზოგადოების ყოფითი პრობლემები გამოიყენა.

მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი შექმნიდა სულ უფრო მზარდ უთანასწორობას სიმდიდრესა და კეთილდღეობაში. ამიტომ ის წინასწარმეტყველებდა მის გაუქმებასა და ჩანაცვლებას სისტემით, სადაც წარმოების საშუალებები საერთო საკუთრებაში იქნებოდა.

“კაპიტალმა” სწრაფად მოიპოვა მკითხველი სოციალ-დემოკრატიული პარტიების ლიდერებს შორის, განსაკუთრებით რუსეთსა და გერმანიაში. საბოლოოდ მთელ მსოფლიოში იქცა ნაშრომად, რომელსაც მარქსის მეგობარი და თანამოაზრე ფრიდრიხ ენგელსი “მუშათა კლასის ბიბლიად” მოიხსენიებდა.

ჯონ მეინარდ კეინზის “დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია”

ჯონ მეინარდ კეინზის წიგნი

1936 წელს კეინზმა გამოაქვეყნა ყველაზე პროვოკაციული წიგნი, რაც კი მისი თაობის ეკონომისტებს დაუწერია. კამათი ამ წიგნის შესახებ მის გარდაცვალებამდე, 1946 წლამდეც კი გრძელდებოდა და დღესაც კი არ შეწყვეტილა.

წიგნმა რადიკალურად შეცვალა იმ დროისთვის გაბატონებული ეკონომიკური მოძღვრება:

  • ჩამოაყალიბა მაკროეკონომიკური თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კლასიკურ ლიბერალურ ეკონომიკურ მოდელს.
  • წარმოაჩინა სახელმწიფოს როლი ეკონომიკის მართვასა და რეგულირებაში.
  • შემოგვთავაზა ეკონომიკური დაგეგმვისა და კრიზისებიდან გამოსვლის ახლებური მიდგომები.
  • დაასაბუთა, რომ სრული დასაქმება შეიძლება იყოს მიღწეული მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევით – ამბობდა, რომ ეკონომიკური კრიზისების დროს სახელმწიფომ აქტიურად უნდა გაზარდოს საჯარო ხარჯები.

კარლ პოლანის “დიდი ტრანსფორმაცია: ჩვენი დროის პოლიტიკური და ეკონომიკური საწყისები”

კარლ პოლანის წიგნი ეკონომიკაზე

პოლანის ეკონომიკური ისტორიისა და სოციოლოგიის კლასიკურ ნაშრომში, ავტორი იკვლევს საზოგადოებრივ ცვლილებებს ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ და ოსტატურად განმარტავს თავისუფალი ბაზრის ნაკლოვანებებს.

1944 წელს გამოქვეყნებული ეს ნაშრომი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ოდესმე. ჰარვარდის პროფესორი სტივენ უოლტი მას საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისთვის რეკომენდებულ საუკეთესო 10 წიგნს შორის ასახელებს. წიგნი ხსნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს, რომლებმაც თანამედროვე მსოფლიო ჩამოაყალიბა.

კარლ პოლანი აანალიზებს ინდუსტრიული რევოლუციის “დიდი ტრანსფორმაციის” მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს. მისი ანალიზი ხსნის არა მხოლოდ თვითრეგულირებადი ბაზრის ნაკლოვანებებს, არამედ შეუზღუდავი საბაზრო კაპიტალიზმის პოტენციურად საშიშ სოციალურ შედეგებს.

ჯოზეფ სტიგლიცის “გლობალიზაცია და მისით უკმაყოფილონი”

ჯოზეფ სტიგლიცის წიგნი გლობალიზაციის შესახებ

ეს ძლიერი, შემაშფოთებელი წიგნი, 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის ეკონომიკის დარგში, გვთავაზობს იშვიათ შესაძლებლობას, შევიხედოთ გლობალური ფინანსური ინსტიტუტების დახურული კარების მიღმა.

პირველი გამოქვეყნებისთანავე ეს ეროვნული ბესტსელერი სწრაფად იქცა გლობალიზაციის დებატების ქვაკუთხედად.

ცნობილ ეკონომისტს და ნობელის პრემიის ლაურეატს ჯოზეფ სტიგლიცს წამყვანი ადგილი ეკავა ბოლო ათწლეულის უმთავრესი ეკონომიკური მოვლენების ცენტრში, მათ შორის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისა და მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის პოზიციებზე. განსაკუთრებით შეშფოთებული განვითარებადი ქვეყნების მდგომარეობით, იმას თანდათან იმედგაცრუება ეუფლებოდა, როდესაც ხედავდა, თუ როგორ აყენებდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა მთავარი ინსტიტუტები უოლ სტრიტისა და ფინანსური საზოგადოების ინტერესებს ღარიბი ქვეყნების ინტერესებზე წინ.

მათ, ვისაც სურს გაიგოს, რატომ გამოიწვია გლობალიზაციამ პროტესტანტების მტრული დამოკიდებულება სიეტლსა და ჯენოაში, სწორედ ამ წიგნში იპოვიან მიზეზებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაშრომი არ შეიცავს მარტივ ფორმულას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვამუშაოთ გლობალიზაცია, სტიგლიცი გვთავაზობს რეფორმების დღის წესრიგს. ბუნებრივია, მის აზრებსაც ჰყავს მოწინააღმდეგეები.

იშვიათად თუ გვხვდება გლობალიზაციის მთავარი ინსტიტუტების ასეთი ინსაიდერული ანალიზი, როგორც ამ სიღრმისეულ წიგნშია წარმოდგენილი.

***

ეს ფუნდამენტური ნაშრომები არა მხოლოდ ეკონომიკური აზროვნების არტეფაქტებს წარმოადგენს, არამედ ცოცხალი იდეების ულევი წყაროა.

მათში წამოჭრილი საკითხები – თავისუფალი ბაზრის როლიდან სოციალურ სამართლიანობამდე, გლობალიზაციის გამოწვევებიდან ეკონომიკური პოლიტიკის ოპტიმალურ მართვამდე – კვლავაც აქტუალურია XXI საუკუნის მკითხველისთვის.

ამ ეკონომიკური ტექსტების გაცნობა აუცილებელია ყველასთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს თანამედროვე ეკონომიკური სისტემის კომპლექსურობა და მისი გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.