POLUX MEDIA

დარენდორფის ჰიპოთეზა – ერთი ეკონომიკური მოდელი ყველგან არ მუშაობს

რალფ დარენდორფმა, გერმანელ-ბრიტანელმა მეცნიერმა, წამოაყენა აზრი, რომელსაც “დარენდორფის ჰიპოთეზა” ეწოდა. მისი აზრით, ქვეყნებს სჭირდებათ განსხვავებული ეკონომიკური გეგმები, რადგან ყველა ქვეყანა და საზოგადოება განსხვავებულია.

წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ორი სოფელი: ერთი მთაში და მეორე ზღვის პირას. ცხადია, მათ განსხვავებული საჭიროებები ექნებათ. მთის სოფელს შეიძლება სჭირდებოდეს უკეთესი გზები, ხოლო ზღვისპირა სოფელს – ნავსადგური. ასევეა ქვეყნების შემთხვევაშიც.

დარენდორფი ამბობს, რომ თუ ერთსა და იმავე ეკონომიკურ გეგმას გამოვიყენებთ ყველა ქვეყანაში, ის ვერ იმუშავებს ერთნაირად კარგად ყველგან. ზოგ ქვეყანაში შეიძლება წარმატებული იყოს, ზოგში კი – არა.

ეს აზრი განსხვავდება იმ ფართოდ გავრცელებული ნეოკლასიკური შეხედულებისგან, რომ არსებობს ეკონომიკის მართვის ერთი “საუკეთესო” გზა ყველა ქვეყნისთვის. დარენდორფი გვთავაზობს, რომ ყურადღება მივაქციოთ თითოეული ქვეყნის უნიკალურ საჭიროებებს და შევიმუშაოთ შესაბამისი ეკონომიკური გეგმები.

ეს იდეა გვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ შეიძლება ზოგიერთი ეკონომიკური პოლიტიკა კარგად მუშაობდეს ერთ ქვეყანაში და არა – მეორეში.

დარენდორფის ჰიპოთეზის პრაქტიკული მაგალითები

იდეის უკეთ გასაგებად, განვიხილოთ რამდენიმე რეალური მაგალითი. მაგალითად, იაპონიაში წარმატებული იყო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ კონკრეტული ინდუსტრიების მხარდაჭერას გულისხმობდა. თუმცა, იგივე პოლიტიკა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ეს განსხვავება შეიძლება აიხსნას ამ ქვეყნების განსხვავებული კულტურული, ისტორიული და ინსტიტუციური კონტექსტებით.

ასევე, ძალიან საინტერესო იაპონური დისტრიბუციის Just-In-Time მეთოდი, რომელიც ფაქტობრივად წარმოების დროს მარაგებზე უარის თქმას გულისხმობს. მაგალითად: ავტომწარმოებელი კომპანია “ტოიოტა” დღემდე წარმატებულად იყენებს ამ მოდელს, ის არ იჩერებს მარაგებს ქარხნებში, არამედ მომწოდებლებს საჭირო ნაწილებს მაშინ უკვეთავს, როდესაც სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ეს მოდელი, რომ ქართულ ან თუნდაც ამერიკულ რეალობაში დავნერგოთ იგივე შედეგს მივიღებთ? – ქართულზე არ ვიცი, მაგრამ ამერიკულმა კომპანიებმა სცადეს ამ მეთოდისთვის ფეხის აწყობა, თუმცა უშედეგოდ. რატომ? ქართულ სინამდვილეში, დაგვიანება, დროის გადაცდენა არც ისე “მძიმე დანაშაულად” ითვლება, იაპონურ ბიზნეს კულტურაში კი ეს საგანგაშოა. იაპონური პედანტიზმი ამ მოდელს არსებობის საშუალებას აძლევს.

ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ არსებობს ეკონომიკური პრინციპები, რომლებიც უნივერსალურად მოქმედებს. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდისთვის თავისუფალი ბაზარი და კერძო საკუთრების უფლებები ყველა ქვეყანაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სოციალისტურ და ავტორიტარულ რეჟიმებს უკეთესი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ. მაგ: 1929 წლის დიდი დეპრესიის დროს დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობა ძალიან ღრმა კრიზისში ჩავარდა, თუმცა ეს ნაკლებად შეეხო საბჭოთა კავშირს.

ბოლოსიტყვაობა

ბუნებრივია, მსგავსი დებატები კვლავ გაგრძელდება, თუმცა დარენდორფის აზრით one-fits-all სტრატეგიის ნაცვლად უმჯობესია გარემო პირობებზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშავოთ. უფრო მეტიც, როგორც კლაუზევიცი (მე-19 საუკუნის სამხედრო მოღვაწე და თეორეტიკოსი) გვმოძღვრავს გეგმა რეალობას უნდა მოერგოს და არა პირიქით.