წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ინფორმაცია ჰაერივით თავისუფლად მოძრაობს.. სამყარო, სადაც მონაცემები არ ექვემდებარება ცენზურას, გაყალბებას ან კონტროლს ერთი კონკრეტული მხარის მიერ. სწორედ ასეთ რევოლუციურ სამყაროს გვთავაზობს ბლოკჩეინის ტექნოლოგია.
ეს არის გიგანტური, გლობალური ქსელი, რომელშიც მონაწილეობს მილიონობით კომპიუტერი მთელი მსოფლიოდან. ამ ქსელში არ არსებობს ცენტრალური მმართველი ან მონოპოლისტი – ყველა მონაწილე თანაბარუფლებიანია. ინფორმაცია კი ინახება დეცენტრალიზებულად და მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამისათვის ქსელში მყოფი ყველა მონაწილის თანხმობაა საჭირო.
რა არის ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინი ნამდვილად მაბიციური პროექტია.შეიძლება ითქვას იგი ციფრული ყუთების, ბლოკების ერთობლიობას წარმოადგენს. მონაცემები კი ერთმანეთზე დაკავშირებულ “ბლოკებში” ინახება. ეს ბლოკები კი თავის მხრივ ერთმანეთს კრიპტოგრაფიული ჯაჭვების მეშვეობით უკავშირდება.
ბლოკჩეინი წარმოიდგინეთ როგორც უზარმაზარი საცავი, სადაც ყოველი ახალი ინფორმაცია ჩაიდება ახალ კოლოფში და მიებმება წინა კოლოფს. ეს კოლოფები კი ერთმანეთს უნიკალური გასაღებით უკავშირდება. ამ გზით, ინფორმაცია უსაფრთხო ხდება და არავის შეუძლია მისი შეცვლა ან გაყალბება.
ბლოკჩეინის უპირატესობები გამოიხატება მისი დეცენტრალიზებული ბუნებით. არ არსებობს ცენტრალური ავტორიტეტი, რომელიც აკონტროლებს ამ სისტემას. ნაცვლად ამისა, ბლოკჩეინი ეფუძნება “კრიპტოგრაფიული კონსენსუსის” პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ქსელის მონაწილეები თვითონვე ამოწმებენ და ადასტურებენ ტრანზაქციებს სპეციალური ალგორითმების საშუალებით.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოყენების სფერო ბლოკჩეინისთვის კრიპტოვალუტაა, მაგალითად ბიტკოინი. ბიტკოინი არის პირველი და ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა. მისი წარმატების საიდუმლო სწორედ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას ეფუძნება, რაც ვალუტას სანდოობას სძენს.
ბლოკჩეინის ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია გამოვიდა კრიპტოვალუტების ჩარჩოებიდან და უამრავ ახალ სფეროში შეაბიჯა.
ფინანსური სექტორი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც თავიდანვე დაინახა ბლოკჩეინის პოტენციალი. კრიპტოვალუტების გარდა, ბლოკჩეინის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას უსაფრთხო ტრანზაქციებისთვის, გადახდების დაჩქარებისთვის და საბანკო პროცესების გამარტივებისთვის.
გავიხსენოთ ტრადიციული საბანკო გადარიცხვები – როცა ფული გადაიგზავნება ერთი ბანკიდან მეორეში, ამ პროცესში ჩართულია რამდენიმე შუამავალი. ბლოკჩეინის დახმარებით კი შესაძლებელია პირდაპირი გადარიცხვები, გარეშე მხარეების ჩარევის გარეშე. ეს არა მხოლოდ დაზოგავს დროსა და ფულს, არამედ გაცილებით უსაფრთხოს გახდის მონაცემებს.
ბლოკჩეინი და სახელმწიფო სექტორი
ბლოკჩეინის გამჭვირვალობა და დეცენტრალიზაცია მას სახელმწიფო ორგანიზაციებისთვისაც ძალიან მიმზიდველს ხდის.
მთავრობებს მისი გამოყენება წარმატებით შეუძლია სხვადასხვა სახის აღრიცხვისთვის, როგორიცაა საარჩევნო პროცესები, საკუთრების უფლებები თუ საგადასახადო სისტემა.
წარმოიდგინეთ არჩევნები ბლოკჩეინის ბაზაზე – თითოეული ხმა დაფიქსირდება ბლოკში და ვერავინ ვერ შეცვლის ან გააყალბებს მას. ან კიდევ, საკუთრების უფლებების აღრიცხვა – ბლოკჩეინში დაფიქსირდება ყველა ტრანზაქცია და არავის ექნება შესაძლებლობა შეცვალოს ისტორია. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად გააუმჯობესებდა ქართული არჩევნების ჩატარების პროცესსაც.
ჯანდაცვის სექტორი
ჯანდაცვის სექტორი ასევე აქტიურად იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას პაციენტთა მონაცემების უსაფრთხოდ შესანახად და გასაცვლელად. ტრადიციული მეთოდები ხშირად არასაკმარისად უსაფრთხოა, ამ ტექნოლოგიის საშუალებით კი გაცილებით მშვიდად შეგიძლიათ შეინახოთ პაციენტთა მონაცემები, ანალიზები, სამედიცინო ისტორიები, კვლევის შედეგები, წამლების შესახებ ინფორმაციები და ა.შ..
ბლოკჩეინის გამოყენების სხვა სფეროები
ბლოკჩეინის გამოყენების სფეროები დღითიდღე ფართოვდება. იგი წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ კომუნიკაციების სფეროში, თაღლითობის აღმოსაფხვრელად, ავთენტურობის დასადგენად და ა.შ..
მაგალითად, კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ბლოკჩეინი, რათა დაამტკიცონ თავიანთი პროდუქციის ავთენტურობა და ამ გზით მომახმრებლის თვალში ნდობა მოიპოვონ. ან კიდევ, ლოჯისტიკის კომპანიებმა ბლოკჩეინებში აღრიცხონ გზავნილების მდგომარეობა და მოძრაობა..
მას თითქმის ყველა სფეროში შეუძლია თავის დამკვიდრება, სადაც საჭიროა მონაცემების უსაფრთხო და გამჭვირვალე გაცვლა-გამოცვლა.
ბლოკჩეინის უარყოფითი მხარეები
როგორც ყველა ფენომენს ამ ტექნოლოგიასაც გააჩნია უარყოფითი მხარეები.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ენერგომხმარებაა. სწორედ, ამ საკითხზე აპელირებენ ეკოაქტივისტები. ბლოკჩეინის შენარჩუნება და ტრანზაქციების დამუშავება საკმაოდ ენერგოინტენსიურია, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ციდლობენ ეკო-მეგრობრული ბლოქჩეინები შექმნან, ეს გამოწვევა დღემდე მთავარ პრობლემად რჩება.
ამას გარდა, ბლოკჩეინი არ არის ისეთივე სწრაფი, როგორც ტრადიციული ცენტრალიზებული სისტემები. ტრანზაქციების დამუშავება გარკვეულ დროს მოითხოვს, რამაც შესაძლოა ბევრს გაურთულოს მისი გამოყენება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბლოკჩეინის ქსელის ზრდასთან ერთად იზრდება ტრანზაქციების დამუშავების დრო და ბლოკების ზომა.
ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგიერთ სწრაფად ცვალებად გარემოში, მაგალითად: საფონდო და საბალუტო ბირჟებზე, როდესაც გადაწყვეტილებებს ტრეიდერები სწრაფად იღებენ და დილობენ სასურველი ფასი გამოიჭირონ.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ამ სისტემაში გადარიცხვების დროს მესამე მხარე არ არის ჩართული. შესაბამისად, იზრდება უკანონოდ მოპოვებული ფულის გადარიცხვების რისკები.
მიუხედავად უარყოფითი მხარეებისა, ბლოკჩეინი ისევე რევოლუციურია, როგორც ინტერნეტი გახლდათ თავის დროზე. იგი ცვლის ჩვენს შესაძლებლობებს მონაცემთა გაცვლა-გადაცემაზე და ქმნის ახალ შესაძლებლობებს უსაფრთხო და გამჭვირვალე ტრანზაქციებისთვის. ბლოკჩეინის ნათელი მომავალი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამ რევოლუციური ტექნოლოგიის სრული პოტენციალის ათვისებას.