POLUX MEDIA

ლურჯის ოკეანის სტრატეგია

ხშირად ფიქრობთ ბიზნესის წამოწყებაზე და არ იცით როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯი? შეიძლება, ბევრჯერ გითქვამთ კიდეც: “ეს იდეა ხომ მეც მქონდა, ახლა რაღა აზრი აქვს?”, “პურის ბიზნესის დაწყებას არ გირჩევ ისედაც ბევრია” და ა.შ.

სადაც არ უნდა გაიხედოთ ყველა ნიშა ათვისებულია, შეიძლება ითქვას ახალი ბიზნესის ადგილი აღარ დარჩა… დაიჯერეთ? სულ ტყუილად. 

იცით, თავის დროზე უოლტ დისნეიც ასე ფიქრობდა. მომავალი მილიონერი ხშირად ამბობდა, რომ ტექნოლოგიის წყალობით ყველა ბაზარი ათვისებული იყო, ახლის გამოგონება კი თითქმის შეუძლებელი. საბედნიეროდ, უოლტმა ამ ხმას არ დაუჯერა და თავად მოახდინა კინემატოგრაფიაში რევოლუცია.

უფრო მეტიც, წარმოიდგინეთ 80-იანი წლების ცირკის ბაზარი – მონოტონური შოუები, ცხოველების ნომრები (რომლებიც მაყურებელმა უკვე ზეპირად იცის) და მოსაწყენი აკრობატული ილეთები. რა გასაკვირია, ცირკის მაყურებელთა რაოდენობა იმ დროისთვის ძალიან შემცირდა. ახლა კი გახსენით ფანტაზია და ასეთი რამე დაუშვით – თქვენთვის რომ ვინმეს დაევალებინა ამ ბიზნესში ფულის ჩადება, რას იტყოდით? – ალბათ, ამ ადამიანს მეორედ არც კი შეხვდებოდით. 

1984 წელს ამ ბიზნესში დანაზოგი დააბანდა ცირკის ყოფილმა მსახიობმა გაი ლალიბერტმა. მან არა მხოლოდ დიდძალი ფული გამოიმუშავა, არამედ ცირკის ინდუსტრია სამუდამ შეცვალა. 

როგორ მოიპოვა წარმატება? – ლურჯი ოკეანის სტრატეგიით. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცირკის შოუები დიდი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩეოდა. რთული ტრუიკების მონოტონური გამეორების გარდა მაყურებელი შოუდან შოუმდე ვერაფერს ამჩნევდა. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ცირკის მაყურებლებს ძირითადად ბავშვები და მათი მშობლები წარმოადგენდნენ. ამ ტიპის შოუ მარტივად ხელმისაწვდომი გახლდათ ადამიანებისთვის, ვინაიდან ბაზარზე უამრავი წვრილი და ერთმანეთის მსგავსი აკრობატული გუნდი იყო წარმოდგენილი.

გაი ლალიბერტმა მოიფიქრა – რა მოხდება თუ შოუ უფრო მეტად იქნება მხატვრული ელემენტებით გაჯერებული და ხელოვნების დონეზე აყვანილი. თეატრებში ხომ უამრავი ადამიანი დადის და ყოველ ჯერზე დიდ სიამოვნებას განიცდიან. რატომ არ შეიძლება ცირკშიც ვცადოთ ეს?  

– ეს ნიშა აუთვისებელი იყო, შესაბამისად კონკურენტები ვერ შეაწუხებდათ

– გაზრდიდა მაყურებელთა სეგმენტს: შოუს ბავშვებთან და მშობლებთან ერთად სხვა სოციალური სეგმენტის წარმომადგენლებიც დაესწრებოდნენ.

ერთი სიტყვით, ლალიბერტმა ინდუსტრია თავიდან შექმნა. მან გაიაზრა რომ უკვე არსებულ ბაზარზე ზედმეტად ბევრი ზვიგენი იბრძოდა ნადავლისთვის და მიხვდა, რომ ამ სისხლიან ოკეანეს უნდა გასცლოდა. სამაგიეროდ, უნდა ეპოვა თავისუფალი წყლები, სადაც სხვა ზვიგენებს არ გადააწყდებოდა.

ლურჯი ოკეანე და მისი შედეგები

1984 წელს, Cirque Du Soleil-ის დაარსებით ლალიბერტმა შეცურა ლურჯ ოკეანეში და გასართობ ინდუსტრიაში ახალი ბაზარი ჩამოყალიბა. ლურჯი ოკეანის სტრატეგიით კომპანიამ რამდენიმე მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და თავის ბაზარზე ლიდერ ბრენდად ჩამოყალიბდა.

4 მთავარი კითხვა ლურჯი ოკეანის შესაქმნელად

ბაზარზე აუთვისებელი შესაძლებლობების შესამჩნევად ამ 4 კითხვას უნდა გავცეთ პასუხი:

  • ამჟამინდელი ინდუსტრიის რომელი მახასიათებლების თავიდან მოშორებაა შესაძლებელი? (Eliminate)
  • ინდუსტრიის რომელი მახასიათებლები უნდა გავაძლიეროთ და გადავიტანოთ პრიორიტეტებში? (Raise)
  • რომელი ფაქტორების შემცირებაა შესაძლებელი? (Reduce)
  • რა ახალი შეთავაზების დამატება შეიძლება პროდუქტსა თუ მომსახურებაზე? (Create)

ლურჯი ოკეანის მაგალითები

Yellow Tale – თუ ადრე ღვინო არსიტოკრატული სასმელი გახლდათ, ავსტრალიურმა კომპანიამ Yellow Tale ის კლუბებში განათავსა და ახალგაზრდულ სასმელად აქცია. შედეგად, ღვინის ბაზარზე ახალი მიმართულება ჩამოაყალიბა. 

შეიძლება ითქვას, მასთან ერთად შუშხუნა ღვინოს ქართული ბრენდი “ჟუჟუნაც” ლურჯი ოკეანის სტრატეგიის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.

Marvel – მოგეხსენებათ მარველმა 1939 წელს კომიქსების გამოშვებით დაიწყო, რომლებშიც სუპერგმირები ძირითადად ბავშვების სეგმენტზე იყო გათვლილი. თუმცა მოგვიანებით მან სუპერგმირები ადამიანებთან და სხვა გმირებთან გააერთიანა, რომლითაც ახალ ბაზარს დაუდო სათავე კომიქსებსა და კინემატოგრაფიაში.

ციფრული ბანკი Space – სფეისი ლურჯი ოკეანის ნამდვილად საინტერესო ქართული მაგალითია. სფეისმა თავი აარიდა უკვე ათვისებულ საბანკო ბაზარს და სრულიად ციფრულ სამყაროზე ფოკუსირდა. ამ გზით გახდა პირველი ქართული ნეობანკი და შექმნა ლურჯი ოკეანე ზედმეტად გაჯერებულ ფინანსურ სამყაროში.

Uber – ტაქსების კომპანიებთან თავის ასარიდებლად, უბერმა მთელი ბიზნესი მობილურ აპლიკაციებზე დააფუძნა. ამ ინოვაციამ ის ბაზრის ლიდერად აქცია და მრავალმილიარდიანი მოგებაც მოუტანა.

ბუნებრივია, ლურჯი ოკეანის პრაქტიკაში განხორციელებისას უნდა ჩაატაროთ ბაზრის სიღმისეული კვლევა, გაიგოთ როგორი მდგომარეობაა ბაზარზე, რომელი ძალები ახდენს გავლენას და როგორ შეგიძლიათ თავი აარიდოთ “დიდ ზვიგენებს”.