ბოლო დროს კვერცხის ფასი საერთაშორისო ბაზარზე შესამჩნევად გაიზარდა და ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი ფასები 2025 წლამდე შენარჩუნდება. ტენდეცია გაძლიერდება თუ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის (HPAI) ინფექცია, (“ფრინველის გრიპი”) შემდეგ წელსაც გაგრძელდება.
Wells Fargo Agri-Food Institute-ის სექტორის მენეჯერის, კევინ ბერგკვისტის განცხადებით, კვერცხის ფასი 2023 წლიდან ძალიან მაღალია, რაც გამოწვეულია სეზონური ფასების ზრდითა და ფრინველის გრიპის გამო მიწოდების შეფერხებით.
მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში ფასები “ზოგადად” 2023 წლის ფასებზე მაღალი იყო და ხშირად 2022 წლის მონაცემებსაც კი აჭარბებდა.
საერთაშორისო ბაზრებზე კვერცხის საბითუმო ფასი ნოემბერში თითქმის 55%-ით გაიზარდა. რეალურად ეს მაღაზიებში დახლებზე გამოტანილ ფასებს არ ასახავს და მომხმარებლის გადახდილი თანხისგან მკვეთრად შეიძლება განსხვავდებოდეს.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, სასურსათო ფასები ნოემბერში 0.5%-ით გაიზარდა.
კვერცხმა ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა: ხორცის, ფრინველის, თევზისა და კვერცხის ფასები ნოემბერში 1.7%-ით გაიზარდა, ხოლო კვერცხის ფასი – 8.2%-ით.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 2022 წლის მარტში ფრინველის გრიპის დიდ აფეთქებამდე, ფრინველების რაოდენობა იმ დონეზე იყო, რომ პროდუქტი მაინც დაბალ ფასად იყიდებოდა. თუმცა, დაავადების აფეთქებამ ბაზარი დაარღვია, რამაც 2022 წლის დეკემბერში ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. 2023 წლისთვის საშუალო ფასი შემცირდა, თუმცა ფრინველის გრიპის ხელახალმა გამოჩენამ 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში კვლავ შეაფერხა წარმოება.
2024 წლის ბოლოსთვის მწარმოებლებს განმეორებითი აფეთქებების გამო ჯერ კიდევ არ შეუძლიათ კვერცხმდებელი ფრინველების საერთო რაოდენობის აღდგენა. ამიტომ ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვისაც კვერცხის ფასი საერთაშორისო ბაზარზე გაიზრდება.