POLUX MEDIA

რისგან შედგება ულტრაბიოტიკი ATB და როგორ უნდა გამოვიყენოთ

პრეპარატი, სახელად ულტრაბიოტიკი ATB, პრობიოტიკებს, ანუ ე. წ. მეგობარ ბაქტერიებს  შეიცავს. ეს საშუალება ნაწლავური მიკროფლორის დარღვევის დროს გამოიყენება, რათა საზიანო და სასარგებლო მიკროორგანიზმების ბალანსი აღდგეს.

ულტრაბიოტიკი ამას მეგობარი ბაქტერიების შეყვანით უზრუნველყოფს და ჩვენს ნაწლავებს გამართულ მუშაობაში ეხმარება.

რისგან შედგება ულტრაბიოტიკი

ულტრაბიოტიკი ATB, უფრო ზუსტად, სასარგებლო ბაქტერიების 5 შტამს, ანუ სახეობას, შეიცავს. ეს შტამებია: Lactobacillus casei, Lactobacillus plantarum, Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus helveticus და Bifidobacterium lactis. ცნობისთვის, თითოეულ კაფსულში დაახლოებით 20 მილიარდი ლაქტობაცილაა თავმოყრილი, ფლაკონში კი 10 კაფსული გვხვდება.

ულტრაბიოტიკის კაფსულები ცელულოზისგან არის დამზადებული, ანუ ისინი მცენარეული წარმოშობისაა. გარდა ამისა, ისინი ცხიმოვან მჟავათა მაგნიუმის მარილებს შეიცავს. ანტიოქსიდანტის სახით მედიკამენტში გვხვდება ასკორბინის მჟავა, იგივე C ვიტამინი. კაფსულებში, შესაძლოა, სოია და რძეც გვხვდებოდეს. თუკი რომელიმე ამ კომპონენტზე ალერგია გაქვთ, ულტრაბიოტიკი ATB-ს გამოყენებას უნდა მოერიდოთ.

ცნობისთვის, ულტრაბიოტიკი არაერთი ფორმებით არსებობს. ისინი ერთმანეთისგან შედგენილობით, მოქმედებითა და ფასებით შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, PSP-ს სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომია სხვა საშუალებებიც, ულტრაბიოტიკი Equilibre და ულტრაბიოტიკი Instant.

როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პრეპარატი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი საშუალებები მაშინ გამოიყენება, როცა ნაწლავში მიკროფლორაა დარღვეული და საზიანო მიკროორგანიზმებია მოჭარბებული.  ცნობილია, რომ ეს მდგომარეობა არაერთ პრობლემას იწვევს, იქნება ეს შეკრულობა, შებერილობა თუ დიარეა. ულტრაბიოტიკ ATB-ს სწორედ ამ მდგომარეობების მკურნალობის დროს იყენებენ.

მეორე მხრივ, გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს სხვა დაავადებებიც შეიძლება იწვევდეს — ისეთი დაავადებები, რომელთაც პრობიოტიკების მიღება ვერ განკურნავს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ულტრაბიოტიკის მიღება ექიმის რეკომენდაციით დაიწყოთ მას შემდეგ, რაც სიმპტომების წარმომავლობას დააზუსტებთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ, შესაძლოა, სასარგებლო ბაქტერიების მიღება ყველასთვის არ იყოს უსაფრთხო, განსაკუთრებით დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის.

რაც შეეხება მიღების წესებს, ულტრაბიოტიკი სხვადასხვა ასაკში განსხვავებული დოზით შეიძლება დაინიშნოს, რადგან განსხვავებულია სხეულის ზომა და მასა. თავისთავად, ეს პრეპარატის ფორმასა და შედგენილობაზეც არის დამოკიდებული. დოზირების დეტალები აუცილებლად თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან უნდა დააზუსტოთ.

ულტრაბიოტიკი ATB-ს გამოყენების ზოგადი ინსტრუქცია ამბობს, რომ დღეში ერთხელ თითო კაფსული უნდა მიიღოთ ჭიქა წყალთან ერთად. სასურველია, ეს ჭამის დროს დაამთხვიოთ. შეგიძლიათ ისიც, რომ კაფსული გახსნათ და ფხვნილი საკვებს ან სასმელს შეურიოთ, ანუ ულტრაბიოტიკი ფხვნილის სახით მიიღოთ. 

პრეპარატის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუბუქი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, სანამ ორგანიზმი გარედან მიღებულ პრობიოტიკებს შეეგუება. პირველ დღეებში შეიძლება გაჩნდეს ან გამძაფრდეს: შეკრულობა, შებერილობა და დიარეა. თუკი რომელიმე სიმპტომი ძალიან შემაწუხებელია, თქვენს მკურნალ ექიმს უნდა მიმართოთ.

ისევე, როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ნუ გადააჭარბებთ ულტრაბიოტიკის დღიურ დოზას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან სერიოზული ზიანი მოიტანოს, თუმცა პრობლემების გამძაფრება მაინც შესაძლებელია.

ულტრაბიოტიკი ATB იქნება ეს თუ პრობიოტიკების შემცველი სხვა საშუალება, ისინი მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ. ასე პრეპარატები მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება.