მაიკლ პორტერის ბაზრის 5 ძალის სტრატეგიული ანალიზის მოდელი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ 1979 წელს გახდა ცნობილი. პორტერმა სტატია Harvard Business Review-ში გამოქვეყნა და სწორედ იქ აღნიშნა ფუნდამენტური საბაზრო ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესებზე.
ეს მოდელი დღემდე რჩება ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ბიზნესის სტრატეგიული ანალიტიკოსებისთვის, რომლებსაც რთული და მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.
პორტერმა ჩამოაყალიბა ხუთი ძალა, რომლებიც გავლენას ახდენს კომპანიების მომგებიანობაზე. მათი გათვალისწინებით შესაძლებელია კომპანიის თვისებრივი ანალიზი და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილების მიღება.
ეს ძალებია:
პორტერის პირველი ძალა – ბაზარზე შესვლის ბარიერები
ავტორი ამბობს, რომ ხშირად არსებული ფირმების ძალაუფლებას განსაზღვრავს ის თუ რამდენად რთულია მასთან კონკურნეციაში შესვლა.
თუ ბაზარზე შესვლის ბარიერები დაბალია, მეტი კონკურენტი შემოვა ბაზარზე და მომხმარებლების ნაწილს დავკარგავთ.
ასეთი სიტუაცია საქართველოში შაურმების ბაზარზე იყო. როდესაც მოკლე დროში უამრავი საშაურმე გაიხსნა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბების საკითხი. დღეს შაურმის ბაზარზე ძლიერი ბრენდები გვხვდება, როგორებიცაა: მაკშაურმა, შაურმა ქლაბი, გლდანის შაურმა და ა.შ.
ამ დროს ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნება რიამე ფორმით ბარიერი თავად შეუქმნათ ახალ კომპანიებს, მაგალითად: ჩამოყალიბოთ ბრენდი და ამით შეძლოთ სხვებისგან დიფერენციაცია.
ბაზარზე შესვლის ბარიერს სხვა ფაქტორებიც ქმნის:
- მთავრობის რეგულაციები, მაგალითად აქციზის გადასახადი.
- ზოგჯერ ერთი პროდუქტიდან მეორე პროდუქტზე მორგება რთული პროცესია ხოლმე, რაც ახალი კომპანიისთვის მაღალ შესვლის ბარიერს წარმოადგენს. ასეთი შემთხვევები ხშირად პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში გვხვდება. როდესაც ერთი პროგრამის ინტერფეისს მომხმარებელი იმდენადაა შეჩვეული, რომ უჭირს სხვა პროდუქტის ინტერფეისსზე მუშაობა.
- ქსელური ეფექტი შეიძლება დამატებითი ბარიერის შემქმნელად მოგვევლინოს. მაგალითად: Google Meets-ისთვის კონკურენციის გაწევა რთულია, ვინაიდან უკვე ბევრი ადამიანი იყენებს ამ პლატფორმას. თუ ახალი კომპანია ზუსტად ამ სეგმენტზე შესვლას გადაწყვეტს, სწორედ ამ ქსელური ეფექტის გამო გაუჭირდება კონკურენციის დაწევა.
* ქსელური ეფექტი – პროდუქტის ან მომსახურების ღირებულება მკვეთრად იზრდება მაშინ როდესაც მას ბევრი ადამიანი იყენებს. თუ Facebook-ს სხვები არ გამოიყენებენ, მაშინ FB პროფილის შექმნა აზრს დაკარგავს.
- მასშტაბის ეკონომია – იმ შემთხვევაში თუ ბაზარზე ისეთი მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი, რომელიც მასშტაბის ეკონომიას აკეთებს, მაშინ ახალი კომპანიისთვის იქ ოპერირება რთულდება.
- ბაზრიდან გასვლის ბარიერი – თუ ბიზნესიდან გასვლა დამატებით ხარჯებს არ წარმოშობს, ეს ბაზარზე შესვლის ბარიერზე დადებითად მოქმედებს. ვინაიდან მარტივი იქნება შეცდომების დაშვების ხარჯები.
მეორე ფაქტორი – მყიდველების ძალა
ხშირად მწარმოებლებს უჭირთ ფასების ცვლილება პროდუქტზე, იმ შემთხვევაში კი თუ მათი შეთავაზება განსხვავებულია კონკურენტისგან. ამ დროს ბაზარს პირობებს მყიდველები კარნახობენ.
.
ასეთი სიტუაცია წარმოიქმნება მაშინ, როდესაც:
- თუ მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ თქვენი პროდუქტის სხვა ბრენდით ჩანაცვლება, ეს თქვენი კომპანიის საბაზრო ძალაუფლებას შეამცირებს.
- ბაზარზე ბევრი მწარმოებელი და ძალიან ცოტა მომხმარებელია, შესაბამისად მყიდველებს შეუძლიათ პირობები წამოუყენონ მომწოდებლებს.
- კომპანიები აწარმოებენ სტანდარტულ პროდუქტებს და ინოვაციის შესაძლებლობა ნაკლებია, მაგალთად ფოლადის ქარხნები.
- მყიდველები ფასის ცვლილებაზე მარტივად რეაგირებენ. ეს ნიშნავს, რომ ფასის მცირედი გაზრდით ბევრი მომხმარებელი იტყვის უარს პროდუქტის შეძენაზე და პირიქით. ასეთი ტიპის პორდუქტებს ძირითადად ფუფუნების საგნები წარმოადგენს, ოქროზე ფასის ზრდამ შესაძლოა ძალიან ბევრს ათქმევინოს უარი მის შეძენაზე (ამ დროს მოთხოვნა ელასტიურია).
მესამე ფაქტორი – მიმწოდებლების ძალა
ამ შემთხვევაში სიტუაცია მეორე ფაქტორისგან განსხვავებულია. როდესაც ბაზარზე რამდენიმე მომწოდებელია და ბევრი მყიდველი, ბუნებრივია კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა პროდუქტი (ან მომსახურება) მაღალ ფასად გაყიდონ.
მომწოდებლების ძალა იზრდება სხვა შემთხვევებშიც:
- როდესაც სხვა პროდუქტის გამოყენების ხარჯები დიდია.
- პროფკავშირები – როდესაც ისინი პროდუქტის წარმოების წესებს და პირობებს აყალიბებენ.
- ცოტა ჩამნაცვლებები – ბუნებრივია, თუ პროდუქტს ანალოგი არ აქვს და დიდი ღირებულება მოაქვს მომხმარებლისთვის, მწარმოებლის საბაზრო ძალაუფლება იზრდება.
პორტერის მეოთხე ძალა – ჩამნაცვლებლები
წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც პურის ყიდვა გსურთ და ერთ მაღაზიაში მისი ფასი 4 ლარია, ხოლო მეორეში 2 ლარი. ვინაიდან პური ნაკლებად დიფერენცირებადი პროდუქტია მომხმარებელთა უმეტესობა 2 ლარიანს აირჩევს. ეს სწორედ ჩამნაცვლებლების ძალის გამო მოხდება – ამ პროდუქტს ბევრი ალტერნატივა აქვს.
პორტერიც ერთ-ერთ საბაზრო ფაქტორად ჩამნაცვლებლების რაოდენობას ასახელებს. ლოგიკურია, თუ მომხმარებელს მარტივად შეუძლია აირჩიოს თქვენი კონკურენტი და პროდუქტის დიფერენციაცია გირთულდებათ, მაშინ შეთავაზებას მაღალ ფასს ვერ დაადებთ.
ბაზრის მეხუთე ძალა – კონკურენციის სიმძაფრე
ხშირად მძაფრი კონკურენცია კომპანიების გაკოტრების მიზეზი ყოფილა. პორტერის აზრით, როდესაც სამიზნე სეგმენტს უამრავი კომპანია უმიზნებს და ყოველი ახალი კომპანია ძველ მოთამაშეებს მომხმარებელს ართმევს, ამ შემთხვევაში კონკურენციის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.
***
პორტერის ძალების გააზრება კომპანიებს ბაზრის ანალიზსა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. ბაზრის ანალიზის ეს მოდელი ფუნდამენტური ინსტრუმენტია კომპანიის მიმდინარე მდგოამრეობის შეფასებისთვის. უფრო მეტიც, ამ მოდელით კომპანიის ანალიზი დაგეხმარებათ ჯანსაღი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაშიც.