POLUX MEDIA

როგორ უნდა მოვითხოვოთ
ხელფასის გაზრდა?

ხელფასის გაზრდა

შრომის ქართულ ბაზარზე ანაზღაურების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და საინტერესო თემაა დასაქმებულთათვის. განსაკუთრებით აქტუალურია ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებული პროცესი: როგორ მოვითხოვოთ ხელფასის გაზრდა ისე, რომ “უხეხრულად” არ ვიგრძნოთ თავი, ხელმძღვანელმა უარყოფითად არ მიიღოს ჩვენი წინადადება და საბოლოოდ სამართლიანი ანაზღაურება მივიღოთ. 

სოციალურ ქსელებში ამ თემაზე ბევრი იწერება, მაგრამ ყველაზე ფასეულ რჩევებს უშუალოდ ამ საქმის პროფესიონალები გაგვიზიარებენ – HR სპეციალისტები. 

ეს კითხვა ქართველ HR ექსპერტებს დავუსვით, მათ კი ლაკონური პასუხები და საინტერესო მოსაზრებები გაგვიზიარეს. 

წარმოგიდგენთ ქართველი სპეციალისტების პასუხებს კითხვაზე: “როგორ უნდა მოვითხოვოთ ხელფასის გაზრდა?”

ჰრ სპეციალისტი

HR სპეციალისტი

ნინო ქოქიაშვილი

ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში, რთული და ემოციური პროცესია, როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის. იმისათვის, რომ პროცესი ორივე მხარისთვის უმტკივნეულოდ წარიმართოს, მნიშვნელოვანია დასაქმებულმა სწორად წარმართოს კომუნიკაცია და გაითვალისწინოს შემდეგი ეტაპები:

  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის იდენტიფიცირება – დასაქმებულმა უნდა განსაზღვროს, მისთვის დაკისრებული სამუშაოს შესრულების ხარისხი, რაც აუცილებლად უნდა გაამყაროს არგუმენტებით (მაგალითად, თავისი პორტფოლიოს X%-ით გაზრდა, მომხმარებელთა კმაყოფილების დონის Y%-ით გაზრდა, დაკისრებული მოვალეობების გაზრდა და სხვა);
  • დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობის კვლევა – დასაქმებულმა უნდა მოიძიოს და გააანალიზოს დამსაქმებლის ფინანსურ მდომარეობაზე ინფორმაცია (მაგ: ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომპანიის მხრიდან განხორციელებულ კამპანიებზე, დამსაქმებლის მიზნებსა და ამოცანებზე, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით). იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ არის ფინანსურად სახარბიელო მდგომარეობაში, მაშინ ეს არ არის სწორი დრო ანაზღაურების მოთხოვნისთვის;
  • სახელფასო ბაზრის კვლევა – დასაქმებულმა უნდა მოიძიოს შრომის ბაზარზე, მისი პოზიციის/სამუშაო აღწერილობის ვაკანსიებზე არსებული სახელფასო ბიუჯეტი, რათა შეძლოს რეალურ ბიუჯეტზე საუბარი;
  • მოემზადოს კითხვებზე პასუხისთვის – განიხილოს ყველა შესაძლო სცენარი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მენეჯერთან შეხვედრა;
  • შეარჩიოს ხელმძღვანელთან საუბრისთვის სწორი დრო – სასურველია გაითვალისწინოს მენეჯერის დღის წესრიგი, ხომ არ აქვს მიმდინარედ ისეთი საკითხები, რომელზეც სრულად კონცენტრირებულია. ამ შემთხვევაში, ანაზღაურების მატებასთან დაკავშირების ინიციატივა არ იქნება შედეგიბს მომტანი;
  • გაუზიაროს ხელმძღვანელს რა საკითხზე სურს მასთან გასაუბრება – დასაქმებულმა მოკლედ და გარკვევით, ორაზროვანი წინადადებების გარეშე გაუზიაროს არგუმენტები, თუ რატომ ფიქრობს, რომ იმსახურებს ანაზღაურების მატებას.”

ციცი ღლონტი

ხელფასის ზრდის მოთხოვნა საჭიროებს მკაფიო, არგუმენტირებულ მიდგომას.

პირველ რიგში, გირჩევთ, რომ წინასწარ ჩაატაროთ ბაზრის ანალიზი და დაადგინოთ, თუ რა არის შესაბამისი და სამართლიანი ანაზღაურება თქვენი პოზიციისთვის. 

ამის შემდეგ, უნდა მოამზადოთ დამაჯერებელი არგუმენტები, რომლებიც დაასაბუთებს თქვენს მოთხოვნას. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გააკეთოთ თქვენს მიღწევებსა და იმაზე, თუ როგორ შეუწყვეთ ხელი კომპანიის განვითარებას. დამსაქმებელს სურს დარწმუნება, რომ თქვენი წვლილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზაციის წარმატებაზე.

 

HR მენეჯერი, ტექ.რეკრუტერი

ეიჩარ სპეციალისტი

კარიერული მენტორი

სალომე სულაბერიძე

ხელფასის გაზრდა შეიძლება არგუმენტირებულად მოითხოვოთ, თუ წარადგენთ მიღწეულ შედეგებს, გაზრდილ პასუხისმგებლობებსა და ბაზრის სახელფასო საშუალო მაჩვენებლებს. მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ფორმა, რათა თხოვნა პოზიტიურად წარადგინოთ, კონკრეტული ფაქტებით და მზად იყოთ მოლაპარაკებისთვის.

ნათია მაჭარაშვილი

ხელფასის გაზრდის მოთხოვნამდე სანამ მივალთ ჩვენს თავს უნდა დავუსვათ რამდენიმე კითხვა :

1. რამდენად კარგად ვასრულებ დაკისრებულ მოვალებას? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხის გაცემისას საკუთარ თავთან ვიყოთ გულწრფელნი და რატომ – როდესაც აანალიზებ , რომ დასახვეწი გაქვს, თუნდაც დისციპლინის ნაწილი , ამაზე იწყებ მუშაობას,  ვითარდები და ერთი კიბით ზემოთ ადიხარ.

2. ამის შემდეგ ვსვამთ მეორე კითხვას : შეესაბამება თუ არა არსებული ანაზღაურება ჩემ მიერ გაწეულ შრომას?

სხვა შემთხვევაში  ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით მისულს ხელმძღვანელისგან დაგხვდებათ კონტრარგუმენტები: იცი რა, შენ რომ სამსახურში სულ აგვიანებ, დედლაინს რომ გადააცილე , და ა.შ.

თუ ბოლო პერიოდი შენს თავზე იმუშავე და შედეგი სახეზეა, დისციპლინირებული თანამშრომლის დაკარგვა არცერთ კომპანიას არ მოუნდება და ხელფასის ზრდაც რელევანტური იქნება.

ეიჩარ ექსპერტი

HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

HR სპეციალისტი

მარიამ ჩარგეიშვილი

თუ საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს იმისათვის რომ ანაზღაურების გაზრდა მოვითხოვოთ (მაგ: საკმარისი გამოცდილება, სტაჟი, კონკრეტულ კომპანიაში მრავალწლიანი მუშაობის პრაქტიკა ) მაშინ ამას ვაკეთებთ პირდაპირ და ღიად უშუალოდ ჩვენს ხელმძღვანელთან. 

წინააღმდეგ შემთხვევაში უკმაყოფილების შეგრძნება აისახება ჩვენს შედეგებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუ დიდია იმის ალბათობა რომ უარს მივიღებთ, სჯობს დროულად ვეძებოთ ალტერნატიული ვარიანტი და გარემო შევიცვალოთ, რათა ვიმუშაოთ იქ სადაც ჩვენს პოტენციალს დააფასებენ.

თინათინ სვანიძე

“ხელფასის გაზრდის მოთხოვნა ჩემთვის 2 ეტაპად იყოფა.

არის შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელს წინასწარ ვუთანხმებთ , რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ თუ კი ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება, ხელფასი უნდა გაიზარდოს რაღაც X თანხით.

მეორე შემთხვევა, როდესაც დასაქმებულის შრომის კოეფიციენტი არის ძალიან მაღალი და ის როგორც კაპიტალი არის მოგების მომტანი კომპანიისთვის. ასეთ დროს დასაქმებულის კვალიფიკაციის შეფასება (სახელფასო სარგებელი ) პირდაპირ პროპოციულად უნდა იზრდებოდეს კომპანიის ამონაგებთან.”

HR სპეციალისტი საქართველოში

HR ექსპერტი PH.D

ტექ.ტალანტების შერჩევის მენეჯერი

მარიამ ხუროშვილი

ხელფასის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებული საუბრები ხშირად უხერხულობის შეგრძნებასა და შფოთვასთან არის დაკავშირებული, ამავდროულად ეს თქვენი კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სწორი და პროფესიონალური მიდგომით, დაგეხმარებათ  სასურველი შედეგის მიღწევაში:

  • ჩაატარეთ კვლევა: მოიკვლიეთ რა რეინჯში მერყეობს საშუალო ხელფასი ანალოგიურ პოზიციაზე თქვენს ინდუსტრიაში, იმ ლოკაციაზე, სადაც ამჟამად მუშაობთ. ეს დაგეხმარებათ იმის შეფასებაში, თუ რამდენად მართებული და ადეკვატურია თქვენი მოთხოვნა. 
  • შეაჯამეთ თქვენი მიღწევები: მოამზადეთ თქვენი მიღწევების და კონტრიბუციების ჩამონათვალი. ის მონაცემები, რომელთა დათვლაც შესაძლებელია გამოსახეთ ციფრებში. ეს უფრო ნათლად წარმოაჩენს კომპანიის მიმართ თქვენს კონტრიბუციას და მენეჯერთან შეხვედრის დროსაც მეტად მომზადებული იქნებით. 
  • შეარჩიეთ სწორი დრო: ჩანიშნეთ შეხვედრა თქვენს მენეჯერთან მაშინ, როდესაც ის ნაკლებად დატვირთულია. ასეთ შემთხვევაში, გაზრდით იმის ალბათობას, რომ მან მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს თქვენს თხოვნას. 
  • იყავით თავდაჯერებული: როდესაც მომზადებული და თავდაჯერებული ხართ ასეთ დროს უკეთ შეძლებთ თვითპრეზენტაციას, რაც თქვენი წარმატების შანსებს კიდევ გაზრდის.
  • მზად იყავით მოლაპარაკებისთვის: მხედველობაში იქონიეთ სახელფასო რეინჯი, და მზად იყავით მისი მშვიდად და პროფესიონალურად განხილვისათვის. 
  • გაივარჯიშეთ: წინასწარ გაივარჯიშეთ რის თქმასაც აპირებთ იმისათვის, რომ უფრო თავდაჯერებული იყოთ საუბრის მომენტში.

თებეა გაბუნია

როდესაც გვსურს, ანაზღაურების გაზრდა და ამ საკითხის მენეჯმენტთან ან/და უშუალო ხელმძღვანელთან გავლა, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ რომ კომპანია, არა რომელიმე ინდივიდიდან გამომდინარე იხდის ანაზღაურებას, არამედ პოზიციების მიხედვით. 

მაგალითად, რაც არ უნდა მონდომებული და პროფესიონალი HR  იყო, შესაძლოა კომპანიას არ უღირდეს ამ პოზიციაში იმაზე მეტის გადახადა, რა რეინჯიც აქვს განსაზღვრული, რის გამოც შესაძლოა შტატიც კი  გაუქმდეს. ამიტომ კარგი იქნება თუ კომუნიკაციამდე ბაზრის კვლევას ჩაატარებთ  და გაიგებთ თქვენი პოზიციის შესაბამის ანაზღაურებებს სხვა ორგანიზაციებში,  (მაგრამ აქაც ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, კომპანის მასშტაბი, ინდუსტრია, რომელშიც საქმიანობს და ა.შ).

ასევე მოთხოვნამდე უმჯობესია სწორი დრო შეარჩიოთ, რადგან შესაძლოა თქვენს კომპანიას მოცემულ მომენტში ფინანსური კრიზისი ან რაიმე სხვა სახის სერიოზული პრობლემა ჰქონდეს. ამიტომ ამ შემთხვევაში სჯობს საუბარი დროებით გადადოთ, სწორი დროის შერჩევის შემდეგ კი სჯობს კომუნიკაცია თავაზიანად წარმართოთ.

 

პირველ რიგში დამსაქმებელს უნდა დაანახოთ თქვენი და  თქვენი  პოზიციის  მნიშვნელობა კომპანიაში, ესაუბროთ თქვენს გამოცდილებაზე, ცოდნასა და კომპეტენციებზე. ეცადეთ მოიყვანოთ რაციონალური არგუმენტები და არა პირადი მიზეზები, რომელთა გამოც გსურთ ანაზღაურების მომატება.

ელენე მოდებაძე

საქართველოში სამწუხაროდ ის ტენდენციაა, რომ ხელფასთან დაკავშირებით დასაქმებულები ყოველთვის თავს იკავებენ საუბარს. ჩემი აზრით ჟარგონულად რომ ვთქვათ “არ ტეხავს” ხელფასის მატებაზე საუბარი. თუ თვლის დასაქმებული რომ მისი ანაზღაურება არ არის შესაბამისი , თან ბაზარი კონკურენტუნარიანია, მისი სამუშაოს შესრულება კი რელევანტურია პოზიციასთან და სამუშაო აღწერილობასთან პირდაპირი ფორმით ხელფასის მატების მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს ხელმძღვანელთან.

ნატა კოტარია

“ხელფასი ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს და არასოდესაა ზედმეტი.

ჩემი პრაქტიკიდან, როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის გადმოსახედიდან  ვეცდები გაგიზაროთ რჩევები, თუ როგორ მოვითხოვოთ ხელფასის გაზრდა.

მანამ, სანამ ანაზღაურების ზრდას მოვითხოვთ, უნდა გავეცნოთ ბაზარზე მსგავს პოზიციებზე არსებულ ე.წ. სახელფასო რეინჯებს, რაც წარმოდგენას შეგვიქმნის მოცემული პოზიციის საშუალო ანაზღაურებაზე და შევძლებთ შევადაროთ ჩვენს მოცემულობას.  მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა/ თხოვნა ანაზღაურების ზრდაზე იყოს რეალისტური და გამყარებული არგუმენტებით.

მოლაპარაკება ორმხრივი პროცესია და როგორც წესი, თუ თქვენი მხრიდან დამსაქმებელს რაიმე დამატებითის ინტერესს არ შესთავაზებთ, შესაძლოა თქვენი მოთხოვნა ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაკმაყოფილდეს. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ წინასწარ განსაზღვროთ თქვენი შესაძლებლობები და ის, თუ რის გაკეთებას შეძლებთ მეტი ანაზღაურების სანაცვლოდ  კომპანიისთვის, რათა დამსაქმებელსაც ჰქონდეს თქვენი მოტივაციის ამაღლების ინტერესი.

აუცილებელია, ანაზღაურების ზრდა ვითხოვოთ შესაბამისი ფორმით, სწორ დროს და სწორ ადგილას.

კარგი იქნება, თუ დამსაქმებელს წინასწარ ვაცნობებთ რომ მასთან ამ საკითხზე გასაუბრება გვსურს.

ჰრ ექსპერტები

ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აღნიშნული საუბრისას, მნიშვნელოვანია დაძლიოთ მორიდებულობა, ხაზი გავუსვათ საკუთარ მიღწევებსა და იმ შედეგებს, რომლებიც კომპანიამ თქვენთან თანამშრომლობის შედეგად  მიიღო.

ნუ კონცენტრირდებით კონკრეტულ ოდენობაზე, დატოვეთ პატარა ‘’ფანჯარა’’ შეთანხმებისთვის.

გახსოვდეთ, რომ შეთანხმება და გარიგება ორივე მხარისთვის სიკეთის მომტანი უნდა იყოს.”

HR პროფესიონალი

ეკატერინა ზედელაშვილი

ხელფასის მომატების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და შეიძლება ითქვას უხერხული/უსიამოვნო თემაა, თუმცა ჩემი აზრით, მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ტაბუდადებული. 

თუ თანამშრომელი უკმაყოფილოა ხელფასით აუცილებლად უნდა დააფიქსიროს ეს უშუალო უფროსთან, ოღონდ ყურადღება უნდა მივაქციოთ რამოდენიმე ფაქტორს: 

ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნა მოხდეს სწორ დროს და სწორი ფორმით. სწორ დროში ვგულისმობ იმას, რომ გარკევული პერიოდი უნდა იყოს გასული ამ კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დწყებიდან. რატომ? – იმისთვის რომ ხელმძღვანელმა შეძლოს თანამშრომლის პროდუქტიულობის შედარება წინა პერიოდთან (მაგ უკვე კარგად აუღო ალღო, კარგად შეისწავლა საქმის პეციფიკა დ ა.შ), ან ისეთ დროს როდესაც კომპანიაში მიმდინარე სხვადსხვა პროცესების გამო ამ პოზიციას დაემატა სხვა, განსახავებული და ახალი მოვალეობები, ან გაიზარდა საქმის მაშტატები და ა.შ. 

რა თქმა უნდა, გასათვალსიწინებელია კომპანიის ფინანსური მდგომარეობაც. იმ პერიოდისთვის, თუ კომპანია ფინაასურ კრიზის განიცდის ხელფასის მომატების თხოვნა თავისთავად უკვე ძალიან უადგილო გამოდის.

რაც შეეხება ფორმას (ხელფასის მომატების თხოვნის ფრომა) მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ულტიმატუმის ფორმა (,,თუ არ მომიმატებთ წავალ“ ქვეტექსტი), უნდა იყოს აუცილებლად არგუმენტირებული, თუ რატომ თვლის თანამშრომელი რომ იმსახურებს ანაზღაურების მომატებას

ამას გარდა, აუცილებელია აჩვენოთ კომპანიის მიმართ თქვენი ლოიალურობის და ერთგულების მომენტიც, ანუ ის რომ გირჩევნიათ განვითარდეთ თქვენივე კომპანიაში და ამისთვის გჭირდებათ შესაბამისი პირობები, ვიდრე ეგრევე წახვიდეთ სხვაგან უკეთეს ხელფასზე. 

ასევე ძალიანა არასწორია როდესაც თანამშრომელი ხელფასის გაზრდის მოთხოვნისას სხვა თანამშრომლის მაღალ ანაზღაურებას იშველიებს არგუმენტად, ანუ იმ ფაქტს რომ ვიღაცას თქვენზე მეტი აქვს. არ არის სწორი სხვა ადამიანის ხელფასის დამსახურებულობის შეფასება, თქვენ მხოლოდ საკუთარ თავზე, თქვენს შესაძლებლობებსა და მოთხვნებზე უნდა ისაუბროთ.

ასევე უნდა გავარკვიოთ სამომავლო პერსპექტივაც. შესაძლებელია დამქირავებელმა/უშუალო ხელმძღვანელმა იმ კონკრეტულ მომენტში უარი გითხრათ მომატებაზე (ამა თუ იმ არგუმენტებზე დაყრდნობით) თუმცა შესაძლებელია, თქვენი შეკითხვის შემთხვევაში, გითხართ მიახლოებითი პერიოდი როდის იქნება ეს შესაძლებელი და ასევე მოგთხოვოთ კონკრეტული ქმედებები, მაგ: კვალიფიკაციის ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით, ან რომელიმე უნარის გაუმჯობებსება (მაგ თაიმ მენეჯმენტი), ანუ მიგანიშნოთ რა გაკლიათ იმისთვის, რომ თქვენი ანაზღაურება გაიზარდოს და შრომის ბაზარზე მეტი ღირდეთ. 

თუ არ გეუბნებათ მაშინ თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ ეს ორი კონკრეტული შეკიტხვა: შესაძლებელია თუ არა სამომავლოდ მაინც თქვენი ანაზღაურების გაზრდა პერიოდის მითითებით და რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისთვის.

გიული გოგალაძე

“ხელფასის ზრდის მოთხოვნა, ზოგადად ცოტათი უხერხულებას იწვევს დასაქმებულში, მაგრამ ვთვლი თუ შესაბამისი არგუმენტები გაქვთ და ფიქრობთ რომ ნამდვილად იმსახურებთ ანაზღურების მატებას, რატომაც არა უნდა ვცადოთ:
მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

  • ჩვენი მიღწევები –  აუცილებელია წინასწარ მოვემზადოთ კონკრეტული დიალოგისთვის,  საკუთარ მიღწევებს თავდაჯერებულად გავუსვათ ხაზი და ვაჩვენოთ თუ რა შედეგი მიიღო მიიღო თქვენთან თანამშრომლობისგან. 
  • კომპანიის ეკონომიკური მდგომარება, ბაზრის კვლევა – ასევე გასათვალისწინებელია კომპანიის მიმდინარე ეკომნომიკური მდგომარება, რამდენად შეძლებს კომპანია ხელფასის მომატებას და რამდენია ანაზღაურება აღნიშნულ პოზიციაზე სხვა ორგანიზაციებში… საჭიროა ამ მიმართულებებით წინასწარ ვფლობდეთ ინფორმაციას.
  • რაც შეეხება უშუალოდ ხელმძღვანელთან საუბარს: იყავით თავდაჯერებული , ნუ შევადარებთ თავს რომელიმე კოლეგას, არამედ ვისაუბროთ მხოლოდ ჩვენ გამოცდილებასა და მიღწევებზე.

გახსოვდეთ რომ სწორ კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს,
ყველაზე კარგი შეგრძნებაა როდესაც ითხოვ იმას რაც ნამდვილად გეკუთვნის და იღებ კიდეც” 

გიული გოგალაძე ფრილანს ჰრ სპეციალისტი

HR სპეციალისტი

სალომე ბლიაძე HR სპეციალისტი

HR სპეციალისტი

სალომე ბლიაძე

“აუცილებელია დავიცვათ კომუნიკაციის წესები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უხეში ფორმით მოთხოვნამ შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს, ხოლო კარგად აღწერილი,  არგუმენტირებული თხოვნა თუ რის საფუძველზე ვითხოვთ ჩვენ ხელფასის ზრდას, უკეთეს შედეგს მოგვცემს. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში როცა ჩვენი დაკისრებული ვალდებულებები იზრდება და სამუშაოს შესასრულებლად მეტი რესურსია საჭირო.

გარდა ამისა, უნდა შევარჩიოთ სწორი დრო და ის მომენტი როცა ნამდვილად ვიცით, რომ კომპანიას რესურსი აქვს და შესაძლოა ხელფასის გაზრდა მართლაც შეძლოს. “