POLUX MEDIA

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა(ები) CV-ს შედგენისას

CV შეცდომები

ერთი შეხედვით რეზიუმეს (CV) შედგენა ძალიან მარტივი პროცესია. თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს მოსაზრება სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება. 

ქართველი HR სპეციალისტების აზრით სივში ძალიან ბევრი შეცდომებია, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს დამსაქმებლის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

ამ საკითხზე ქართველ HR სპეციალისტებსა და კარიერულ მენტორებს ვკითხეთ აზრი, მათ კი საინტერესო დაკვირვებები გაგვიზიარეს.

ამასთანავე, შემოგვთავაზეს თუ რას აქცევენ თავად ყურადღებას.

სალომე სულაბერიძე

“სივში ხშირად დაშვებული შეცდომები როგორებიცაა არარელევანტური დეტალების ჩამონათვალი, კონკრეტული მიღწევების არქონა, გრამატიკული შეცდომები და არასწორი სტრუქტურა. დამსაქმებელი ეძებს მკაფიო, კონკრეტულ და ლაკონიურ ინფორმაციას, რომელიც ზუსტად შეესაბამება მის მიერ გამოცხადებული ვაკანსიის ტექსტს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს მარტივად წაკითხვადი, პოზიციაზე მორგებული და კონცენტრირებული მნიშვნელოვან პუნქტებზე.”

ეიჩარ სპეციალისტი

კარიერული მენტორი

HR პროფესიონალი

ეკატერინა ზედელაშვილი

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეზიუმე უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი, ადვილად წასაკითხი დაქმირავებლისთვის, ქორონოლოგიურად დალაგებული პუნქტების მიხედვით და არ უნდა იყოს გადატვირთული ზედმეტი, უნიტერესო და არაფრის მომცემი ინფორმაციით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა სწორედ ეს არის, არასტუქტურირებული რეზიუმე, სადაც დამქირავებელმა უნდა ,,ეძებოს“ საჭირო ინფორმაცია.

დიდი მნიშვნელობა აქვს ქრონოლოგიას, რაც ასევე ხშირად არის დარღვეული. მაგ: ეს ეხება ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს – გამოცდილებას, რომელიც ყველა დამქირავებელს ყევლაზე მეტად აინტერესებს: აუცილებელია სამუშაო გამოცდილება დავიწყოთ ბოლო სამუშაო ადგილიდან და არა სულ პირველიდან, ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა. გარდა იმისა, რომ უნდა ეწეროს მუშაობის წლები -დან -მდე, ორგანიზაციის დასახელება, ასევე მოცემული უნდა იყოს დაკავებული პოზიცია. ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლედ, რამდენიმე პუნქტად ნაჩვენები იყოს ძირითადი ფუნქციები.

ფაილის ფორმატი – ეს შეცდომა ამ ბოლოს დროს უკვე ნაკლებად გვხვდება, თუმცა მაინც გვხვდება შემთხვევები როდესაც რეზიუმეს აგზავნიან ვორდის ფაილით და არა PDF – ით, ესეც არ არის სწორი, აუცილებელია CV გაგზავნილი იქნას მხოლოდამხოლოდ PDF ფორმატში და არა ვორდის, ან სხვა რაიმე ფორმატის ფაილით (მე პირადად მიმიღია ექსელის ფორმატში აწყობილი რეზიუმეებიც).

რაც შეეხება სურათს – ზოგადად ბევრს კამათობენ იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა რეზიუმეში სურათი. ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, უფრო სწორად გააჩნია ქვეყანას და კულტურას. ამერიკაში მაგალითად ვერ ნახავთ რეზიუმეს სურათით, დამქირავებელი არ ითხოვს ფოტოსურათიან რეზიუმეს, რადგან ეს მიიჩნევა დისკრიმინაციად. ჩემი აზრით კი უნდა იყოს იმ შემთხვევში თუ ამას დამქირავებელი ვაკანსიის ტექსტში მოითხოვს და ასევე შეიძლება იყოს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ვაკანსიის სპეციფიკა თავისთავად გულისხმობს კარგ ვიზუალს, დანარჩენ შემთხვევებში არ არის სასურველი. თან ამისთვის არსებობს უკვე სოციალური ქსელები, სადაც დამქირავებელს შეუძლია ნახოს თქვენი ვიზუალი, ცხადია თუ ეს მას დააინტერესებს ან მისთვის მნიშვნელოვანია.

ნატა კოტარია

გამოგზავნილ რეზიუმეებში ხშირად არ არის სწორად ჩამოყალიბებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არის სტრუქტურიზებული და მარტივად აღსაქმელი.

დასაქმების ბაზარზე, რეზიუმე თქვენი სახეა. საშუალოდ, რეკრუტერს 5-7 წამი სჭირდება რომ წარმოდგენა შეექმნას კანდიდატზე რეზიუმეს თანახმად. ბუნებრივია, ამ დროში  შინაარსში შესვლა რთულია და ყურადღებას უფრო დეტალები იქცევს. ამიტომ აუცილებელია რომ რეზიუმე იყოს სტრუქტურიზებული, ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად კარგად აღსაქმელი. 

დავიწყოთ თავიდან: ფოტოსურათი რეზიუმეში აუცილებელი არ არის, თუმცა თუ გსურთ ფოტო დაურთოთ, საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა. საიმიჯო ფოტო იდეალური გადაწყვეტაა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ფოტო მთლიან გვერდს არ იკავებდეს და პატარა ზომის იყოს. 

დასაწყისში, აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (საკმარისია მეილი და ტელეფონის ნომერი;)

სტრუქტურულად გამოყავით –  უნარები, კომპეტენციები, ენებისა და საოფისე პროგრამების ცოდნის დონე და განათლება – უმაღლესი, პროფესიული თუ საკვალიფიკაციო კურსები (საშუალო განათლების და სკოლის აღნიშვნა სავალდებულო არაა).

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებებს, პირველ გვერდზე განათავსეთ ბოლო სამუშაო გამოცდილება და მიყევით უკუსვლით. სამუშაო გამოცდილებებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია აღნიშნოთ დასაქმების პერიოდი, კომპანიის დასახელება, პოზიციის დასახელება, ფუნქციები – რისი შესრულება გევალებოდათ და შედეგები- რა შედეგი მოუტანა კომპანიას თქვენმა გაწეულმა შრომამ. 

ჰრ ექსპერტები

ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ასევე, მნიშვნელოვანია რეზიუმეში მითითებული გქონდეთ რელევანტური გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე პოზიციებზე, იმ პოზიციებთან მიმართებით, რა პოზიციაზეც აპირებთ მის გაგზავნას. რეზიუმეს ოპტიმალური მოცულობა 1-2 გვერდია. ეცადეთ, ძირითადი ინფორმაცია ჩამოაყალობოთ. 

რეზიუმეში არაა აუცილებელი მიუთითოთ რა ანაზღაურება გაქვთ ან გქონდათ რომელიმე პოზიციაზე მუშაობისას. ასევე, არაა საჭირო მიეთითოს კანდიდატის ოჯახური მდგომარეობა, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, მამის სახელი ან ოჯახის წევრების სამუშაო გამოცდილებები. 

გახსოვდეთ რომ დამსაქმებელთან ურთიერთობა ტყუილით არ უნდა დავიწყოთ და მითითებული ინფორმაცია რეალური უნდა იყოს. 

ელენე მოდებაძე

“CV-ს შედგენისას ჩემთვის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა მრავალგვერდიანი რეზიუმეები. დამიჯერეთ, ბევრი არ კითხულობს დეტალურ რეზიუმეს. პოზიციას თან რომ სდევს დეტალური სამუშაო აღწერილობა ვფიქრობ ერთ-ერთი “რედ ფლეგია” CV-ს შედგენისას. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ რეზიუმე იყოს მოკლე და ინფორმატიული.

ამას გარდა ხშირად მხვდება სელფები ან არაფორმალური სურათები რეზიუმეში. მაგალითად, სანაპიროზე, ფილტრიანი სურათი. სურათს თუ თან ვურთავთ, რომლის აუცილებლობა არ არის, უნდა იყოს ფორმატში, სადაც ზედმეტად არც გამოკვეთილია მაკიაჟი და შეესაბამება რეალობას.”

თებეა გაბუნია

დავიწყოთ იმით, რომ რეზიუმეს რაიოდენობა 2 გვერდს არ უნდა აღამატებოდეს, რეზიუმეს მიღებისა და თვალის გადავლების  დროს კარგი რეკრუტერი  მალევე ხვდება ვინ დაიბაროს გასაუბრებაზე და ვინ არა, უმნიშვნელოვანესია, რომ CV-ში წარმოდგენილი ინფორმაცია გასაგები და ორგანიზებული იყოს. შესაბამისად, თითოეული სექცია უნდა გამოყოთ და დაასათაუროთ

რეზიუმე უნდა მოარგოთ ერთ კონკრეტულ პოზიციას და არ უნდა შექმნათ ავტობიოგრაფიული  ტექსტი, რომელშიც თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებებს გადმოსცემთ.

თხრობა უნდა იყოს აწმყოდან წარსულისკენ. (მაგალითად გამოცდილებასა თუ განათლებაზე საუბრისას)

ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, არეული შრიფტი იმ შეცდომათა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებს რეკრუტერებს 🙂 . დარწმუნდით, რომ CV აკრეფილია ერთი შრიფტით.

არ გადმოსცეთ ზედმეტი პირადი ინფორმაცია. შექმენით ისეთი რეზიუმე, რომელიც უშუალოდ თქვენთვის სასურველ პიზიციასთან იქნება დაკავშირებული.”

ტექ.ტალანტების შერჩევის მენეჯერი

მარიამ ხუროშვილი

” რეზიუმეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი და გავრცელებული შეცდომა მხვდება:

  • ზედმეტი ინფორმაციით გადატვირთული CV: რეზიუმე უნდა იყოს მოკლე, ლაკონიური და მხოლოდ მნიშვნელოვან უნარებსა და გამოცდილებაზე აქცენტირებული. 
  • საკვანძო სიტყვების ნაკლებობა: ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ბევრი კომპანია უკვე იყენებს applicant tracking systems (ATS)  სისტემებს, რომლებიც ახდენენ კომპანიაში შემოსული რეზიუმეების ავტომატურად გადარჩევას საკვანძო სიტყვების ე.წ. keyword-ების მიხედვით. იმისთვის რომ ასეთი სისტემისთვის თქვენი რეზიუმე მარტივად შერჩევადი იყოს, რეზიუმეში გამოიყენეთ თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებული და თქვენი ინდუსტრიისთვის სპეციფიკური ტერმინები. 
  • ნაკლებად მიმზიდველი ვიზუალი: დარწმუნდით, რომ თქვენი CV არის ვიზუალურად მიმზიდველი, ადვილად წასაკითხი და თანმიმდევრულად დალაგებული. 
  • არასრული ან არასწორი ინფორმაცია: ვაკანსიაზე გამოხმაურებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა მითითეული ინფორმაციის სიზუსტე, მათ შორის საკონტაქტო ინფორმაცია, თარიღები, სამუშაო ადგილის და პოზიციის დასახელებები და ა.შ.
  • ძალიან ზოგადი და შაბლონური CV: რეზიუმეს შექმნისას თავი აარიდეთ ზოგადი შაბლონის გამოყენებას, სადაც არ იქნება გამოკვეთილი თქვენი უნიკალური კვალიფიკაციები. ეცადეთ ახალ ვაკანსიაზე გამოხმაურების წინ რეზიუმეში თქვენი ის გამოცდილება, კვალიფიკაციები და უნარები წამოწიოთ წინა პლანზე რომლებიც კონკრეტული ვაკანსიის მოთხივნებს ყველაზე მეტად მიესადაგება.

ამ გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებითა და ზემოაღნიშნული რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ შექმნათ ძლიერი CV. “

თინათინ სვანიძე

CV კონკრეტული ვაკანსიისთვის უნდა იყოს შედგენილი. ერთი უნივერსალური CV არ არსებობს, რომლის გაზიარება ყველგან მისაღებია. ეს არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც ბოლო დროს რეკრუტინგის დროს ვაწყდები რეზიუმესთან მიმართებაში.”

HR სპეციალისტი საქართველოში

HR ექსპერტი PH.D

HR სპეციალისტი

მარიამ ჩარგეიშვილი

ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი შეცდომა რეზიუმეს შედგენისას არის არასაჭირო ინფორმაციის შეტანა ანუ ხელოვნურად გაზრდა CV-ის. როცა CV-ს ვადგენთ კონკრეტული ვაკანსიისთვის და კომპანიისთვის, აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ უკანასკნელის მოთხოვნილებები და ძირითადად ამაზე გავამახვილოთ ყურადღება.”

ნათია მაჭარაშვილი

რეზიუმე უნდა იყოს მოკლე და კონკრეტული , ერთ გვერდზე მოთავსებული. ერთი შეხედვით წასაკითხი, რადგან ვინც რეზიუმეს უყურებს ხშირ შემთხვევაში აქვს დიდი რაოდენობით გადასარჩევი ამ რეალობაში . ხშირად მხვდება სტუდენტების რეზიუმე , რომელშიც 2,3 გვერდზეა მოცემული მისი დამსახურებები , მაგრამ სამუშაო გამოცდილება არ აქვს . მიუხედავად სამუშაო გამოცდილების არქონისა, ნუ გადატვირთავთ რეზიუმეს – ამის ნაცვლად გამოყავით თვისებები , რომლებიც ამ დამსახურებებში დაგეხმარათ . მიღწევებიც დაურთეთ , უბრალოდ ლაკონურად. 

მნიშვნელოვანია, რომ მოკლე სამოტივაციო წერილიც დაურთოთ მეილის ტექსტში, ეს ყოველთვის პლიუსად აღიქმება დამსაქმებლის მხრიდან . პირადი ნომერი, ზედმეტად ზუსტი მისამართი (ბინა, სართული ) – არ დაურთოთ რეზიუმეს.”

ეიჩარ ექსპერტი

HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ციცი ღლონტი

CV-ს შედგენისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის ძალიან ზოგადი ინფორმაციის მიწოდება დამსაქმებელისთვის. კანდიდატები ხშირად არ იყენებენ მიღწევებზე დაფუძნებულ მიდგომას, სადაც ზუსტად უნდა გამოიკვეთოს, რა წვლილი აქვთ შეტანილი კონკრეტულ სამუშაო ადგილზე და რა შედეგებს მიაღწიეს.  მნიშვნელოვანია ასევე, რომ CV იყოს სპეციფიური იმ პოზიციის მიმართ, რომელზეც აპლიკაციას აკეთებთ და სწორად იყოს სტრუქტურირებული: მკაფიო სექციებით, ადვილად გასაგები ენის გამოყენებით და უახლესი ინფორმაციით.”

HR მენეჯერი, ტექ.რეკრუტერი

ჰრ სპეციალისტი

HR სპეციალისტი

ნინო ქოქიაშვილი

CV-ს შედგენისას, მნიშვნელოვანია როგორც შინაარსობრივი, ისე ვიზუალური მხარე. გიზიარებთ იმ საკითხებს, რაც სასურველია გაითვალისწინოს სამსახურის მაძიებელმა:

შინაარსობრივი მხარე: 

  • CV უნდა იყოს მარტივად წაკითხვადი, ინფორმატიული, თუმცა მოკლედ წარმოდგენილი;
  • CV მოარგეთ ვაკანსიის მოთხოვნებსა და სამუშაო აღწერილობას (ყურადღება გაამახვილეთ და წარმოაჩინეთ ისეთი გამოცდილება და/ან უნარები, რომელიც შესაძლოა საინტერესო იყოს კონკრეტული ვაკანტური პოზიციისთვის);
  • ინფორმაცია შეიტანეთ ქრონოლოგიურად (ისე, რომ დამსაქმებელი პირველ რიგში ხედავდეს უახლეს ინფორმაციას, შემდეგ კი შეეძლოს წინა გამოცდილებების ნახვა, ანალოგიურად განათლების ნაწილში);
  • ჩაწერეთ რეალური ინფორმაცია (სასურველი პოზიციის მისაღებად, არ არის გამართლებული რეზიუმეში არასწორი ინფორმაციის ჩაწერა, რადგან აუცილებლად გაცხადდება სიმართლე);

ვიზუალური მხარე:  

  • CV- ში ინფორმაცია აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ერთი ფორმატით (მაგ: შრიფტი, ტექსტის ზომა და ა.შ); 
  • ფოტოსურათი არ არის აუცილებელი, თუმცა, თუ გსურთ დაურთოთ, აუცილებლად შეარჩიეთ ოფიციალური ხასიათის (არ იგულისხმება აუცილებლად 3X4-ზე ფორმატით, თუმცა დაუშვებელია ე.წ „სელფის“, სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში, ან მეგობრების წრეში გადაღებული ფოტოების გაზიარება);
  • მნიშვნელოვანია CV იყოს PDF ფორმატის და ფაილის სახელწოდება იყოს კანდიდატის სახელი, გვარი”

სალომე ბლიაძე

” ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის, როდესაც კანდიდატი არ ახდენს ფოკუსირებას ვაკანსიის დეტალებზე. მაგალითად, არ აღნიშნავს ყველა იმ საჭირო დეტალს გამოცდილების ნაწილში, რომლებიც პოზიცის აღწერაშია ან ფუნქცია- მოვალებებშია მითითებული.


გარდა ამისა, ხშირად არის დაშვებული შეცდომა ფორმატთან დაკავშირებით, მითითებულია ზედმეტად ბევრი, არასაჭირო პირადი ინფორმაცია. (პ/ნ; საცხოვრებელი ქუჩა-სადარბაზო,სართ; ოჯახური მდგომარეობა და ა.შ).


მსგავსი დეტალების დართვა არ არის საჭირო თუ თავად ვაკანსია არ მოითხოვს ჩვენი მხრიდან ამის გაზიარებას, გარდა იმისა რომ ასეთი რეზიუმე ნაკლებად პროფესიულია – ჩვენ არ ვიცით ვის ვუზიარებთ პირად ინფორმაციას, ამიტომ ფრთხილად.


გამოყენებულია არაპროფესიონალური ფოტო (ვგულისხმობ სხვადასხვა საზეიმო კოსტიუმსა თუ კაბაში გამოწყობილი, ან კიდევ არაფორმალურ სივრცეში გადაღებული, ან ე.წ “სელფი”).


ასევე ხშირია, როდესაც ყველა სასურველ ვაკანსიაზე ერთი და იმავე რეზიუმეს გზავნიან. რეზიუმე უნდა მოვარგოთ ვაკანსიის მოთხოვნებს და თითოეულ ვაკანტურ ადგილზე გაგზავნისას აუცილებლად შევასწოროთ მოთხოვნის შესაბამისად.”

სალომე ბლიაძე HR სპეციალისტი

HR სპეციალისტი