POLUX MEDIA

იმპერიების აღზევებისა და დაცემის დიდი ციკლი – რეი დალიო (ნაწილი III)

დიდი ეკონომიკური კანონზომიერებების აღმოსაჩენად, გადავწყვიტე შემესწავლა ბოლო 500 წლის განმავლობაში არსებული10 დიდი იმპერია. მთავარი რასაც ვაკვირდებოდი იყო კავშირი ამ იმპერიებსა და მათ ვალუტებს შორის – რა როლს თამაშობდა სახელმწიფოს ვალუტა მსოფლიო ეკონომიკაში.

ჩემი კვლევა მოიცავდა ჰოლანდიის იმპერიისა და გილდის, ბრიტანეთის იმპერიისა და ფუნტის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დოლარის, ასევე ჩინეთის იმპერიისა და მისი ვალუტების დაცემასა და აღმასვლას. გარდა ამისა, შევისწავლე ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ინდოეთის, იაპონიის, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების აღზევება და დაცემაც.

კვლევის დროს ძირითადად 8 მნიშვნელოვან ფაქტორს ვაქცევდი ყურადღებას: 

  • განათლება
  • ტექნოლოგიური განვითარება
  • კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზრებზე
  • წარმოების მოცულობა
  • წილი მსოფლიო ვაჭრობაში
  • სამხედრო ძალა
  • სახელმწიფოს ფინანსური ცენტრის სიძლიერე კაპიტალის ბაზრებზე 
  • მათი ვალუტის სიძლიერე, როგორც სარეზერვო ვალუტისა.

აღმოჩნდა, რომ უკეთესი განათლება, როგორც წესი, იწვევს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და გარკვეული დაგვიანებით, ვალუტის, როგორც სარეზერვო ვალუტის დამკვიდრებას. ასევე დავინახეთ, რომ ეს ძალები შემდეგ დომინოს პრინციპით ეცემა.

დიდი ციკლი ჩვეულებრივ იწყება ომის შემდეგ, რაც ახალ ლიდერს და ახალ წესრიგს ამკვიდრებს. ამას მოსდევს მშვიდობიანი და წარმატებული პერიოდი. ამ დროს სახელმწიფო ძლიერდება. ვინაიდან გაძლიერებულ ძალასთან დაპირისპირება არავის სურს, იწყება მშვიდობიანობის პერიოდი. 

ბოლო დროს ხშირად ძიებადი ფრაზა: ოქროს ფასი

ხალხი ეჩვევა კომფორტულ მდგომარეობას და უფრო მეტ ფულს ხარჯავს. ამ ხარჯებისთვის კი ძირითადად სესხს იყენებს. იქმნება “მარტივი ფულის” ილუზია, რომელიც ფინანსურ ბუშტს ქმნის. ამ დროს იზრდება იმპერიის წილი მსოფლიო ვაჭრობაში, რაც აძლიერებს მის ვალუტას. 

რატომ? იმიტომ, რომ ახლა ბევრ ადამიანს სჭირდება იმპერიის ვალუტა ტრანზაქციებისთვის. შედეგად, ამ სახელმწიფოს ვალუტა სარეზერვო ვალუტად იქცევა. ეს კი ზრდის იმპერიის შემოსავლებს, რომელთა დიდი ნაწილი ძირითადად მდიდრებზე ნაწილდება ხოლმე.

გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ტენდენციის შედეგად სიმდიდრე არათანაბრად ნაწილდება. იზრდება განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. საბოლოოდ, კი ფინანსური ბუშტი სკდება. 

ამ დროს ჩნდება ძალიან მარტივი, მაგრამ საინტერესო კითხვა – რას შვრება მთავრობა, როდესაც ხარჯები ეზრდება? – იწყებს მეტი ფულის ბეჭდვას. ასეთ შემთხვევაში ვინც პირველი ისესხებს ფულს ის მოიგებს და დაბალ ფასად შეძლებს პროდუქტების შეძენას. თუმცა, ამის შემდეგ ფასები გაიზრდება და მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს (ძირითადად საშუალო და დაბალი კლასი) გაძვირებული პროდუქტების შეძენა მოუწევს. შესაბამისად, ამ უკანასკნელთ ცხოვრება ურთულდებათ (კანტილიონის ეფექტი).

თემატური შეხსენება: თუ გაინტერესებთ ინვესტირება ეწვიეთ ბმულს და წაიკითხეთ საინტერესო სტატიები ინვესტირების სამყაროდან.

შედეგად იზრდება დაპირისპირება საზოგადოებაში მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის, რაც რევოლუციით ან სამოქალაქო ომით სრულდება.

მაშინ, როცა იმპერია ებრძვის შიდა კონფლიქტს, მისი ძალა საგრძნობლად მცირდება გარე მეტოქე ძალებთან შედარებით. ამ დროს საერთაშორისო ასპარეზზე ახალი მოთამაშე ჩნდება, რომელიც დომინანტ ძალას ებრძვის და ცდილობს ამჟამინდელი სტატუს-კვო შეცვალოს (მაგ: აშშ და ჩინეთი). 

ორი ძლიერი იმპერიის დაპირისპირება უმეტესწილად ომებში გადაიზრდება ხოლმე.

იმპერიათა ომი

ამ შიდა და გარე ომებიდან გამოდიან ახალი გამარჯვებულები და დამარცხებულები. შემდეგ გამარჯვებულები ერთიანდებიან ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად და ციკლი ხელახლა იწყება.

კვლევის დროს აღმოვაჩინე, რომ ისტორიის თითქმის ნებისმიერ პერიოდში ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები წარმატებით მოქმედებდა.

ახლა კი კონკრეტული იმპერიების მაგალითზე განვიხილოთ დიდი ციკლი, რომელმაც ეპოქები შექმნა.

მეოთხე ნაწილი: იმპერიათა განვითარების 3 ფაზა (გაგრძელება იქნება)…