POLUX MEDIA

ცვალებადი წესრიგები – რეი დალიო (ნაწილი II)

კვლევისას 3 მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩამოვაყალიბე, რომლებიც დიდ როლს თამაშობს ახალი გლობალური ბალანსის დამყარებაში.

ძირეული ცვლილებები იწყება მაშინ, როდესაც:

პირველი – ქვეყნებს არ აქვთ საკმარისი ფული ვალების გადასახდელად. (მაშინაც კი თუ საპროცენტო განაკვეთს ნულამდე დაწევენ). შედეგად ისინი მეტი ფულის ბეჭდვას იწყებენ.

მეორე – ჩნდება დიდი შიდა კონფლიქტები სიმდიდრის უთანასწორო გადანაწილების გამო. 

ეს იწვევს იმას, რომ პიკს აღწევს პოლიტიკურ პოლარიზაცია მემარცხენეებსა (რომლებსაც სიმდიდრის გადანაწილება სურთ) და მემარჯვენეებს (რომლებსაც სიმდიდრის მფლობელთა დაცვა სურთ) შორის.

და მესამე –  გლობალურ ასპარეზზე მწვავდება კონფლიქტი აღმავალ ძალასა და წამყვან ძალას შორის (როგორც ახლა ხდება ჩინეთსა და აშშ-ს შორის).

ეს ინდიკატორები ისტორიის მანძილზე მრავალჯერ დაფიქსირდა. როდესაც ერთი იმპერია მეორე იმპერიით უნდა ჩანაცვლებულიყო, სწორედ ეს 3 ფაქტორი იყრიდა თავს. შედეგად, თითქმის ყოველთვის, მსოფლიო წესრიგი იცვლებოდა.

ბოლო დროს ხშირად ძიებადი ფრაზა: ხელოვნური ინტელექტი 2024 წელს

სხვათაშორის, ბოლოს ამ ფაქტორებმა 1930-1945 წლებში მოიყარა თავი. 

ეს 3 ფაქტორი 2 მთავარ იდეაში ერთიანდება: შიდა და გარე პოლიტიკური წესრიგი.

სანამ მსჯელობას გავაგრძელებთ, მანამ გავიაზროთ რას ნიშნავს სიტყვა “პოლიტიკური წესრიგი”?

ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწყობას. შიდა წესრიგი ქვეყნის შიგნით ადამიანთა შორის ურთიერთობების მოგვარებას გულისხმობს. ჩვეულებრივ ის კონსტიტუციით რეგულირდება. მსოფლიო წესრიგი კი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მოიცავს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით განისაზღვრება.

ზოგადად, პოლიტიკური წესრიგი ომების შემდეგ იცვლება. ცხადია, გლობალურ და შიდა მოწყობას არსებობის განსხვავებული ციკლები აქვს, თუმცა ორივე შემთხვევაში პოლიტიკური კონფლიქტის შემდეგ ერთ სისტემას მეორე ანაცვლებს ხოლმე.

გლობალური ომები და პოლიტიკური ცვლილებები

მაგალითად, აშშ-ს შიდა წესრიგის კონტურები 1789 წელს მოიხაზა ამერიკის რევოლუციის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ის დღემდე მოქმედებს.

რუსეთმა თავისი ძველი წესრიგი გააუქმა და 1917 წელს კომუნისტური რევოლუციით ახალი დაამყარა, რომელიც 1991 წელს დასრულდა.

ჩინეთმა თავისი ამჟამინდელი შიდა წესრიგი 1949 წელს დაიწყო, როდესაც მაო ძედუნის მეთაურობით კომუნისტურმა პარტიამ სამოქალაქო ომში გაიმარჯვა. 

Polux Media-ზე უორენ ბაფეტის შესახებ სტატია გვაქვს? ხომ არ გაინტერესებს?

რაც შეეხება საერთაშორისო წესრიგს – ამჟამინდელი მსოფლიო ძალთა ბალანსი, რომელსაც ჩვეულებრივ ამერიკულ მსოფლიო წესრიგს უწოდებენ, ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ. ამ დროს აშშ მსოფლიოს წამყვან მოთამაშედ გადაიქცა. ეს ყველაფერი კი კარგად აისახა საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში. 

კონკრეტულად კი 1944 წელს ბრეტონ-ვუდსის შეთანხმებით ახალ მსოფლიო სავალუტო სისტემას ჩაეყარა საფუძველი და დოლარი მსოფლიოს წამყვან სარეზერვო ვალუტად გადაიქცა. 

სარეზერვო ვალუტა არის ვალუტა, რომელიც საყოველთაოდ მიღებულია მთელ მსოფლიოში. თუ “ლიდერი” სახელმწიფოს ვალუტის ფლობა ბევრ ქვეყანას სურს, ე.ი სახეზე გვაქვს ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყისი.

მოკლედ, რომ ვთქვათ დომინანტური ძალისა და სავალუტო სისტემის დამყარებით, ახალი მსოფლიო წესრიგი იწყება. 


თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ეს ცვლილებები გარკვეული პერიოდულობით მეორდება, რომელსაც მე (ავტ. შენიშვნა: რეი დალიო)  “დიდ ციკლს” ვუწოდებ.

გაგრძელება – მესამე ნაწილი: დიდი ციკლი. (განაგრძეთ კითხვა)