POLUX MEDIA

●  შესახებ

ჯესი ლივერმორი – 100 მილიონი დოლარი 1 წელში

საფონდო ბირჟის ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ადამიანი როგორიც ჯესი ლ. ლივერმორია. მისი წინააღმდეგობრივი ცხოვრების სტილი ბევრში აღძრავს ცხოველ ინტერესს – გენიოსი, გულუბრყვილო, დიდი ნებისყოფის მქონე, მაგრამ დეპრესიისკენ მიდრეკილი. ეს ის სიტყვებია, რომლებიც ზუსტად აღწერს ლივერმორის პიროვნებას.

მას არც მდიდარი მშობლები ან ნათესავები ჰყავდა და არც განსაკუთრებული იღბლით იყო დაჯილდოებული. ჯესიმ ცხოვრების განმავლობაში უამრავი წარმატება და მარცხი იწვნია – ორივეზე თავად იყო პასუხისმგებელი.

ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად მისი რჩევები და სავაჭრო მეთოდები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს საფონდო ბირჟაზე. 

უცებ-უცებ

  • 1929 წლისთვის ჯესის ქონება 100 მილიონ დოლარს აჭარბებდა (დღევანდელი კურსით 1.5 მილიარდი დოლარი).
  • აღიარებულია ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტრეიდერად.
  • ვაჭრობის პროცესში იყენებდა მხოლოდ საკუთარ კაპიტალს.
  • საკუთარი წესებისგან გადახვევამ მას რამდენჯერმე დააკარგინა ქონება. 
  • აქციებს ყიდულობდა ბაზრის აღმავალი ტრენდის დროს საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით.
  • პირველი კაპიტალი , დაახლ. 1000$, მან 15 წლის ასაკში დააგროვა.
  • 1907 წელს 1 დღეში 3 მილიონი დოლარი იშოვა.
  • 1929 წელს კი შეძლო 100 მილიონი დოლარი გამოემუშავებინა.

მოკლე ბიოგრაფია & კარიერა 

1877 წლის 26 ივლისს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ შრიუბერიში დაიბადა ბიჭი, რომლის სახელი საფონდო ბირჟის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.

ლივერმორების ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდათ. ამიტომ ბავშვს რთულ პირობებში უწევდა თავის გატანა.

ჯესიმ ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში ისწავლა წერა-კითხვა და სკოლაში საკმაოდ კარგადაც სწავლობდა. 

14 წლის ასაკში მამამ კატეგორიულად მოსთხოვა, რომ სწავლისთვის თავი დაენებებინა და მის ფერმაში დაეწყო მუშაობა. ბიჭს ძალიან არ უნდოდა მამის ფერმაში გაეტარებინა დარჩნეილი ცხოვრება, ამიტომ ახალი თავგადასავლების ძიება დაიწყო. 14 წლის ჯესი სახლიდან გაიქცა.

მალევე, 1891 წელს, პატარა ავანტურისტმა მუშაობა ბოსტონში დაიწყო. მისი მოვალეობა აქციების ფასის დაფაზე აღრიცხვა გახლდათ.

ამ გზით მას შესაძლებლობა გაუჩნდა დაკვირვებოდა და შეესწავლა საფონდო ბირჟის მუშაობა და ფულის გამომუშავების მეთოდები ამ საქმის პროფესიონალებისგან. 

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ლივერმორმა თავადაც მალე დაიწყო აქციებით ვაჭრობა. იმ დროს არსებობდა ორგანიზაციები, ე.წ “bucket shop”, რომლებშიც ფსონებს აქციების ფასების დინამიკაზე დებდნენ (ისინი არ ვაჭრობდნენ აქციებით, უბრალოდ ფსონებს დებნენ. ძალიან ჰგავს თანამედროვე სათამაშო ბიზნესს ან თუნდაც ბინარული ოფციონებით ვაჭრობას).

ერთი შეხედვით მარტივია გამოიცნოთ გარკვეულ პერიოდში გაიზრდება თუ შემცირდება აქციის ფასი. რეალურად, კი ამ პროცესში ადამიანთა 90% დიდძალ ფულს კარგავდა. 

ლივერმორის პირველი სამსახური

ამან საშუალება მისცა full-time ტრეიდერი გამხდარიყო და 19 წლისამ 10 000$-ის მოგროვებაც კი შეძლო. ჯესის ასეთი წარმატება სათამაშო ბიზნესის მფლობელთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მათ ბიჭს ფსონების განთავსება ქალაქის მასშტაბით აუკრძალეს და შემდეგი პირობა წაუყენეს: ან სპეკულაციაზე იტყოდა უარს ან სამსახურზე. ლივერმორი სამსახურიდან წამოვიდა. 

23 წლის ასაკში “აზარტულმა ტრეიდერმა” ნიუ იორკში ამოჰყო თავი და პირველ დიდ წარმატებასა და იმედგაცრუებას მალევე გაუსინჯა გემო. იმ პერიოდში (1900-იანი წლების დასაწყისში) ბაზარი აღმავალი ტრენდით გამოირჩეოდა. ჯესიმ სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი და კაპიტალი 10,000$-დან 5 დღეში 50,000$-ად გადააქცია. თუმცა, 1901 წელს ბაზრის განვითარების დინამიკაზე აზრი შეიცვალა და ე.წ “Short” პოზიცია დაიკავა. ეს ნიშნავდა, რომ ლივერმორი აქციების ფასის ვარდნას ელოდა. სამწუხაროდ, სწორედ აქ გამოსცადა პირველი დიდი მარცხი – მთელი ფული დაკარგა. 

* Short Selling – ამ დროს ტრეიდერი ბროკერისგან აქციებს ისესხებს და რამდენიმე ხანში მიმდინარე ღირებულებით უბრუნებს. მისი მიზანია აქციის ფასი შემცირდეს, რომ გაყიდვის მომენტში ნაკლების დაბრუნება მოუწიოს ბროკერისთვის. შედეგად კი ფასთა სხვაობით მიიღებს მოგებას. მოკლედ, რომ ვთქვათ ტრეიდერები ასეთ შემთხვევაში ბაზრის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. (მეტი ტრეიდინგის შესახებ იხილეთ აქ)

ახალგაზრდა ავანტურისტი დანებებას არ აპირებდა. მან 2000$ ისესხა და საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა განაგრძო. 

ჯესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებული ვაჭრობა 1907 წელს დაფიქსირდა. მან Short პოზიციით ერთ დღეში 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა ეს მისი ბოლო გაჩერება ნამდვილად არ აღმოჩნდა. რამდენიმე დღე კიდევ დაელოდა ფასის ვარდნას და მოგება 3 მილიონ დოლარამდე გაზარდა. 

წარმოიდგინეთ, როდესაც 1907 წელს ბაზარი სულ ღაფავდა ჯესი ლივერმორი მილიონობით დოლარს შოულობდა. 

წლიდან წლამდე მისი ქონება წარმოუდგენლად იზრდებოდა, მაგრამ წარსული გამარჯვებები არაფერია იმასთან შედარებით რაც მას ელოდა. 

ქაოსში ახალი შესაძლებლობები იბადება

1929 წელს, როდესაც დიდი დეპრესია აშშ-ს მოქალაქეების სიცოცხლის გამწარებას იწყებდა, ლივერმორმა ისევ Short პოზიცია დაიჭირა და ფსონი ბაზრის ვარდნაზე გააკეთა. 1 წელში მან 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

ამხელა წარმატებას უხმაუროდ არ ჩაუვლია. ის ხშირად იღებდა მუქარის შემცველ წერილებს, კონკრეტულად კი დიდი დეპრესიის გაღმრავებაში სწორედ მას ადანაშაულებდნენ.

თუმცა არც ეს აღმოჩნდა ცხოვრების ბოლო სიურპრიზი. დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ მესამედ 1934 წელს გაკოტრდა და თითქმის მთელი ქონება დაკარგა. ვალის მოცულობამ 2.5 მილიონ დოლარს მიაღწია. 

ცხოვრების ბოლო პერიოდში მან ფინანსური კონსულტანტობა დაიწყო და ტექნიკური ანალიზის მზა სისტემებს ყიდდა კომპანიებზე. 

როგორც აღმოჩნდა კარიერული და ცხოვრებისეული პრობლემების გამო ნესიბყოფა შეელახა. 1940 წლის 28 ნოემბერს საღამოს 5:30 სთ-ზე ჯესიმ კოლტის პისტოლეტით თავი მოიკლა.  

არსებობს ვერსიები, რომ ბოლო გაკოტრებას ვერ გაუძლო, თუმცა როგორც ამბობენ, მას ყოველი შემთხვევისთვის 5 მილიონი დოლარი ჰქონდა გადანახული. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ბოლო ვერსიას, არსებობის უფრო დიდი საფძველი აქვს. 1933 წელს ჯესი 1 დღით მოულოდნელად გაუჩინარდა. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა პოლიციას აცნობეს. გაუჩინარებიდან ერთ დღეში ის სახლში ბრუნდება და ამბობს, რომ ღამე სასტუმროში გაატარა და არაფერი ახსოვს. მისი გაუჩინარების შესახებ გაზეთებში ბევრი დაიწერა. მას ექიმმა შემდეგი დიაგნოზი დაუსვა: “ამნეზია, ნერვული აშლილობა”.

ზუსტად რა გახდა ლივერმორის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტრეიდერს ცხოვრების ბოლო პერიოდში პრობლემები ჰქონდა.

ჯესი ლივერმორის პრინციპები

ლივერმორის მოთმინება არა მხოლოდ მისი დისციპლინის, არამედ ბაზრის სწორად გააზრების შედეგიც იყო. მან იცოდა, რომ ბაზარი არაპროგნოზირებადი გახლდათ და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა შეცვლილიყო.

შესაბამისად, იგი დინჯად ელოდა შესაფერის მომენტს გარიგებაში შესასვლელად და ამას მხოლოდ მაშინ აკეთებდა, როდესაც დარწმუნებული გახლდათ, რომ შანსები მის სასარგებლოდ იყო. 

მოთმინება საშუალებას აძლევდა თავიდან აერიდებინა იმპულსური შეცდომები. მან იცოდა, რომ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს შეიძლებოდა დიდ დანაკარგებამდე მიეყვანა.

👉 ზოგადი ხედვა: აქციების ფასის განვითარებას მანამ ელოდა სანამ მისთვის ხელსაყრელი სიტუცია არ დადგებოდა. 

ლივერმორმა კარგად იცოდა, რომ მნიშვნელოვანი იყო გეგმის შემუშავება და ამ გეგმის მკაცრად დაცვა. სხვათშორის, როგორც ამბობენ, ბოლოს სწორედ იმიტომ გაკოტრდა, რომ საკუთარი გეგმიდან გადაუხვია.

შესაფერისი მომენტის ლოდინი მას საშუალებას აძლევდა თავიდან აერიდებინა სტრესი და შფოთვა. ვინაიდან არავინ იცის ბაზარი რა ნაბიჯს გადადგამს, შესაბამისად, მასზე კონტროლის დაწესება შეუძლებელია.

ამიტომ ჯესიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რისი კონტროლიც შეეძლო – საკუთარ მოთმინებასა და უნარზე დალოდებოდა შესაფერის მომენტს.

სავაჭრო დისციპლინა

ლივერმორს სჯეროდა, რომ დისციპლინა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო წარმატებული ვაჭრობისთვის. იგი თვლიდა, რომ ტრეიდერებს უნდა ჰქონდეთ ვაჭრობის მკაფიო წესები და მათ თანმიმდევრულად უნდა დაიცვან ეს პრინციპები.

მაგალითად, ტრეიდერმა უნდა იცოდეს როდის ყიდულობს აქციას და როდის უნდა გაყიდოს ის. ეს წინასწარ ჩამოყალიბებული პრინციპები კი მკაცრად უნდა დაიცვას. ამ გზით ის ემოციურ გადაწყვეტილებებს აიცილებს თავიდან.

ზედმეტი თავდაჯერებულობა

ლივერმორს სჯეროდა, რომ ტრეიდერები თავმდაბლობით უნდა გამოირჩეოდნენ და ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ისწავლონ საკუთარი შეცდომებისგან. ზედმეტი თავდაჯერებულობა ადამიანებს დამატებითი რისკების აღებისკენ უბიძგებს, რაც შეცდომის შემთხვევაში ძალიან ძვირად უჯდებათ. 

ბაზრის ტრენდის მიყოლა

საფონდო ბირჟაზე წარმატებისთვის ლივერმორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ბაზრის ტრენდის განვითარებას. ადამიანებს უნდა შეეძლოთ ტრენდის იდენტიფიცირება და მისით მოგების მიღება.

გრძელვადიანი პროექტები

თუ აღმოაჩენდა, რომ აქცია მომგებიანი იყო და გრძელვადიან პერსპექტივაში შეეძლო ზრდა, მაშინ ცდილობდა დიდხანს შეენარჩუნებინა ის. ჯესი მზად იყო აქტივის ფასის ზრდას რამდენიმე თვე ან წელიც კი დალოდებოდა.

🔊 რჩევები & გამონათქვამები

  • არასდროს არაფერი ახალი ხდება სპეკულაციის ან საინვესტიციო ბიზნესში. (აღვნიშნოთ, რომ ბაფეტისგან განსხვავებით ის ტრეიდერი გახლდათ და არა ინვესტორი)
  • ბაზარზე ფულის გამომუშავებისთვის არ არის საჭირო ყოველ დღეს ან კვირას ვაჭრობა. (აქ ლივერმორი ლოდინის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამ აზრს ხაზგასმით იზიარებს ჰეჯ-ფონდის მილიარდერი მენეჯერი დევიდ ტეპერიც)
  • ჩემთვის ყოველთვის მიმზიდველია ისეთი აქციის შეძენა, რომელიც ახალ პიკს აღწევს, იმ პირობით, რომ ამ ზრდას არ ახლავს მოთხოვნის მკვეთრი და არაპროპორციული მატება.
  • არ ენდოთ გრძნობებს. მხოლოდ საღ განსჯას მიენდეთ. დაელოდეთ სანამ ბაზრის მოქმედება არ დაადასტურებს თქვენს აზრს.
  • ბაზარი არასოდეს ცდება – მოსაზრებები კი ხშირად მცდარია.
  • წარმატებული ტრეიდერი უნდა შედიოდეს ბაზარზე მხოლოდ მაშინ, როცა მოგების მიღების მაღალი ალბათობა არსებობს.
  • ნუ იჩქარებთ წარმატებული აქციიდან მოგების მიღებას.
  • არ არის საჭირო ფასის ნებისმიერი ცვლილების მიზეზი გამოიკვლიოთ.
  • არასოდეს იყიდოთ აქცია, მხოლოდ იმიტომ, რომ მას დიდი ვარდნა ჰქონდა წინა პერიოდებში.
  • ადამიანური ფაქტორები ინვესტორის ან სპეკულანტის უდიდესი მტერია.
  • აქციებით ვაჭრობისას პოზიტიური ფიქრი თავიდან უნდა მოიოროთ.