ინვესტიციების სამყარო მუდმივად ცვალებადი, სარისკო, მაგრამ ამავე დროს წარმოდგენლად მიმზიდველია. ამ სფეროში ერთმანეთშია შერწყმული ორი მძაფრი ემოცია, რომლებიც ბევრს ფინანსური კრახისკენ, ხოლო ზოგიერთ მათგანს დამოუკიდებლობისკენ მიუძღვება: სიხარბე და შიში.
თუმცა თუ საინვესტიციო გურუებს დავუჯერებთ ორივე მათგანის სათავისოდ გამოყენება შეიძლება.
“ როდესაც სხვები აქციებს ხარბად ყიდულობენ, მაშინ შიშით უყურეთ ბაზარს, ხოლო როდესაც სხვებს ეშინიათ, ხარბად შეიძინეთ ისინი” (ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი)
ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა მეთოდებსა და ტექნიკებს იყენებენ წარმატებული ინვესტორები საქმიანობაში. მათი დაუფლებითა და პრაქტიკაში იმპლემენტირებით თქვენც შეძლებთ შიშისა და სიხარბის თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას.
*გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში გადმოცემული იდეები არ არის ფინანსური რჩევა.
განხილულია: (მუდმივად დაემატება ახალი სტრატეგიები)
- Buy&Hold
- Event-Driven სტრატეგია
- გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესებში ინვესტირება
- ტექნიკური ვაჭრობა
- ზრდაზე ორიენტირებული ინვესტიცია
“ყიდვა და ფლობა” (Buy & Hold)
ამ ტიპის ინვესტორები გათვიცნობიერებული არიან ბაზრის მუშაობის პრინციპებში. ისინი არ ცდილობენ მოკლევადიანი სპეკულაციებით მიიღონ მოგება. მათი პრინციპი მარტივია – ფული დააბანდონ გრძელვადიან პროექტებში, რომელთა უკან სწორად მართული ბიზნესი და მყარი ბრენდი დგას.
მათ არ აშინებთ ბაზრის მცირედი მერყეობა, პირიქით ეს შესაძლებლობაა უფრო მეტი აქცია გაცილებით დაბალ ფასად ჩაიგდონ ხელში.
ამ საინვესტიციო სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ატრიბუტი აქციების ძალიან დიდი ხნით ფლობაა. მაგალითად, უორენ ბაფეტი 1988 წლიდან დღემდე ფლობს კოკა-კოლის (KO) აქციებს და ამბობს, რომ ამ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის საუკეთესო დროა – არასოდეს!
ბაფეტის პორტფოლიოში სხვა მსხვილი კომპანიებიც იყრის თავს, რომელთაც ათობით წელია ფლობს. ერთ-ერთი ასეთი გიგანტი კომპანიაა American Express. უორენმა ამ ბიზნესში ჯერ კიდევ 2001 წელს დააბანდა ფული. მას American Express-თან ურთიერთობა არც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს გაუწყვიტავს, პირიქით კომპანიის უფრო მსხვილ ნაჭერს დაეუფლა.
Buy & Hold-ის სტრატეგიით ნამდვილად შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში სოლიდური ქონების დაგროვება. ამისათვის საჭიროა დანაზოგების სტაბილურად გადანახვა ინვესტიციებისთვის. ფულის ბანკში შენახვასთან შედარებით გაცილებით მეტად იხეირებთ, თუ გონივრულ ბიზნესებში დააბანდებთ თანხას.
მიმდინარე და მოსალოდნელ მოვლენებზე დაკვირვება – Event-Driven სტრატეგია
Event-Driven ინვესტორები ცდილობენ შეაფასონ თუ რომელიმე გლობალურ ან ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენას რა გავლენა ექნება საფონდო ბირჟაზე და შემდეგ შეიძინონ აქციები.
ამ ტიპის მოვლენები შეიძლება იყოს: ფინანსური კრიზისი, ომები, ბრენდის სხვა კომპანიის მიერ შესყიდვა (შერწყმა), მთავრობის ცვლილება, სკანდალური ინფორმაცია და ა.შ.
ჰეჯ ფონდის ამერიკელმა მენეჯერმა დევიდ ტეპერმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს 1 წელში სწორედ ამ გზით გამოიმუშავა 4 მილიარდი დოლარი. მან შეაფასა 2008 წლის გამომწვევი მიზეზები და ამ მოვლენების სავარაუდო გავლენა აშშ-ს საბანკო სისტემაზე.
როგორ თავად ამბობს, კვლევის დროს მივიდა დასკვნამდე, რომ ამერიკის მთავრობა ყველაზე მსხვილ ბანკებს არ მისცემდა გაკოტრების საშუალებას, ამიტომ დიდძალ ფინანსურ დახმარებას გაუწევდა მათ. შედეგად, ტეპერმა Bank of America Corp-ის აქციები 3$-ად იყიდა, რომელთა ფასი 1 წელში დაახლოებით 16$-მდე გაიზარდა.
თემიდან მოკლე გადახვევა: ბოლო პერიოდის ხშირად ძიებადი ფრაზა – 1 გრამი ოქროს ფასი. ხომ არ გაინტერესებს?
ფულის დაბანდება თითქმის გაკოტრებულ ბიზნესებში
ტეპერი მხოლოდ მწვავე გლობალურ მოვლენებზე არ ნადირობს. ის გულმოდგინედ აკვირდება გაკოტრების ზღვარზე მისულ კომპანიებს და ცდილობს იპოვოს ისეთი ბიზნესი, რომელიც მისი აზრით გრძელვადიან პერპექტივაში ამ გამოწვევებს დაძლევს.
უფრო ზუსტად, რომ განვმარტოთ, ტეპერი ისეთი კომპანიების ვალდებულებებს ყიდულობს, რომლებიც ბაზრის არასწორი მოლოდინების გამო დაბალ ფასად ივაჭრება და თითქმის გაკოტრების ზღვარზეა.
ერთია რას ფიქრობს ბაზარი და მეორე როგორ აფასებს თავად ტეპერი აქციების რეალურ ღირებულებას (intrinsic value). მას სჯერა, რომ შერჩეული აქტივი დიდი ხნის შემდეგ გაცილებით ძვირად გაიყიდება ბაზარზე.
თუ მხედველობაში მის ქონებას მივიღებთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სტრატეგია ნამდვილად წარმატებით მუშაობს.
ტექნიკური ანალიზი
თუ ფორბსის სიას თვალს ადევნებთ აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ამ ბოლო დროს ჰეჯ ფონდის სამყაროდან უამრავი მილიარდერი გამოიჩეკა.
ამ ახალი წევრებიდან კი უმეტესობა ე.წ “ტექნიკური ტრეიდიერია”. ეს ნიშნავს, რომ ისინი ბიზნესის ფუნდამენტურ მაჩვენებლებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, არამედ ცდილობენ ფასების დინამიკაში გარკვეული კანონზომიერებები აღმოაჩინონ. ამისათვის მუდმივად ქმნიან ახალ-ახალ ალგორითმებს და აქტიურად ატარებენ ექსპერიმენტებს.
მათი წარმატება დამოკიდებულია თუ რამდენად “ჭკვიან” პროგრამას შექმნიან. კომპიუტერის საქმეა იპოვოს წინასწარ განსაზღვრული მახასიათებლების მიხედვით ფასიანი ქაღალდი და გახსნას პოზიცია. მაგ: თუ პროგრამას ვეტყვით, რომ იპოვე ისეთი აქცია, რომელიც 1$-2$-მდე მერყეობს, ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა 1 მილიონს აღემატება და დღეს 20%-ზე მეტი ვარდნა ჰქონდა, მაშინ პროგრამა შესაძლებლობისთანავე ამ ტიპის ფასიან ქაღალდს შეიძენს. ბუნებრივია, საინვესტიციო სამყაროში ყველაფერი უფრო კომპლექსურია.
ტექნიკურ ანალიზს ძალიან ბევრი სპეციალისტი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ბოლო პერიოდში ამ მეთოდით უამრავმა ადამიანმა სოლიდური თანხა გამოიმუშავა.
ამ სტრატეგიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმდევარია SAC Capital-ის დამფუძნებელი სტივენ კოენი. ის ყოველდღიურად, ათასობით აქციით ვაჭრობს და საერთოდ არ ადარდებს კონკრეტული აქციის უკან როგორი ბიზნესი დგას. უბრალოდ აქტივს წინასწარ ჩამოყალიბებული მახასიათებლების საფუძველზე ყიდულობს და სწრაფადვე ყიდის აქციებს. ანალიზისას კი კომპიუტერულ ალგორითმებსა და ინდიკატორებს იყენებს. შეიძლება ითქვას სტივენ კოენი არა ინვესტორი, არამედ მილიარდერი ტრეიდერია.
ზრდაზე ორიენტირებული საინვესტიციო სტრატეგია – Growth Investing
ბუნებრივია თითქმის ყველა ინვესტორს (Short ინვესტორების გარდა) სურს აქციის ფასი გაიზარდოს.
ე.წ “Growth”ინვესტორები ფულს აბანდებენ ისეთ კომპანიებში, რომელთაც ინდისტრიის საშუალოზე მაღალი ზრდის ნიშნები ახასიათებთ. მათთვის მთავარია კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებულ ბიზნესად იქცეს.
ისინი ფოკუსირებას აკეთებენ აქციის ფუნდამენტურ მახასიათებლებზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ბაზარზე არსებულ მიმდინარე მდგომარეობას.
ამ სტრატეგიის გამოჩენილი წარმომადგენელია პიტერ ლინჩი, რომელმაც საინვესტიციო ფონდი 1977-90 წლებში 20 მილიონიდან 14 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. მას ბაზრის ქაოსში “მომავალი სუპერვარსკვლავების” აღმოჩენის უბადლო ნიჭი ჰქოდნა.
ალბათ, მკითხველი ფიქრობს ეს საინვესტიციო სტრატეგიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და რამდენიმე მათგანის ცალკე გამოყოფა საერთოდ არც ღირდა. ეს მოსაზრება გარკვეულწილად მართალია, მაგ: Growth Investing უმეტეს შემთხვევაში მუშაობს Buy & Hold-ის პრინციპთან და დაფუძნებულია ღირებულებით ინვესტიციაზე (ამაზე სულ სხვა სტატიაში ვისაუბრებთ).
მაგრამ ამ მოკლე სტატიაში გვსურდა გამოგვეყო საინტერესო საინვესტიციო მეთოდები, რომლებშიც აქცენტი სხვადასხვა მახასიათებელზეა დასმული.
Growth Investor-ები ძირითადად კომპანიის შერჩევისას აქცენტს ინოვაციურ და სწრაფად მზარდ აქციებზე აკეთებენ, buy&hold-ის მიმდევრები კი სტაბილურად განვითარებად აქტივებზე. მათ საპირისპიროდ ტექნიკურ ტრეიდერებს (უმეტესობას მაინც) საერთოდ არ ადარდებს რა ბიზნესში დებს ფულს და ცდილობს ფასის მერყეობა გამოიჭიროს.
ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკების გარდა კიდევ უამრავი გზა არსებობს ფულის დასაბანდებლად, თუმცა ამ სტატიის მიზანია თქვენი ყურადღება საინვესტიციო სამყაროსკენ მიიზიდოს და თავადაც დაიწყოთ სხვა მეთოდების აქტიური კვლევა.
მსგავს სტრატეგიებსა და საინვესტიციო მეთოდებს მომდევნო სტატიებშიც გაგაცნობთ.