POLUX MEDIA

თავდაუზოგაობის ძალა

“აკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე გევალებათ. დოღს ხომ ის ცხენი იგებს, რომელიც მეტოქეებს ერთი თავით გაასწრებს”

ფოლადის მაგნატი ენდრიუ კარნეგი

შრომითი უფლებების განვითარებამ დასაქმებულებს მეტი თავისუფალი დრო და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან გავრცელდა “ნაკლები შრომით” მეტი შედეგის მიღების კონცეფცია. ბაზრის ალქიმიკოსების ახალმა ფორმულამ ასეთი სახე მიიღო: “იმუშავე, გაერთე, ისიამოვნე და დაიცავი ცხოვრების ბალანსი”. ეს მისაღებია მათთვის, ვისაც არ აქვს დიდი ამბიციები და არც სურს გიჟურ იდეებთან შეჭიდება. 

მაგრამ ვერც ერთ მილიარდერს, ვერც ერთ გენიოს მწერალს, თუნდაც დიდებულ საზოგადო მოღვაწეს ვერ ნახავთ, რომელმაც წარმატებას ამ ფორმულით მიაღწია. სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს უამრავი ქარტეხილებისა და თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ იცავდნენ. ამიტომ თუ ვინმე ამ უწყინარ რჩევას მოგცემთ, კარგად დაფიქრდით: 

  1. დიდი ამბიციების დაკმაყოფილების გზაზე ხელს ხომ არ შეგიშლით?
  2. ცხოვრების რა ეტაპზე ხართ? – გაქვთ კი იმის ფუფუნება, რომ ეს ბალანსი დაიცვათ.

სტატიაში განვითარებულ იდეას, დიდი ალბათობით, უამრავი ადამიანი გააკრიტიკებს და ზოგიერთი მათგანი გალანძღავს კიდეც. თუმცა წარმოდგენილი იდეა მხოლოდ ფაქტის აღიარებაა.

სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მხარდასაჭერად ექსპერტებს უამრავი მაგალითი და ისტორია მოჰყავთ ხოლმე. შედეგად, ბაზარზე ჩამოყალიბებული “ნაკლები შრომის” იდეის გამო დასაქმებულები თითქოს აღარ ცდილობენ აკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე უშუალოდ ევალებათ. ამ მეთოდით ისინი ერთ წრეზე ტრიალებენ და “ვირთხების რბოლას” აგრძელებენ. 

პოპულარული გახდა ე.წ “ვორქოჰოლიკების” (workaholic) კრიტიკა და ზოგადად თუ კომპანიაში დასაქმებულმა გაცილებით მეტი საქმე გააკეთა, კოლეგები მას ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე.

ბუნებრივია, ამაში არ ვგულისხმობთ, როდესაც 1 ადამიანი 10 დასაქმებულის საქმეს აკეთებს და შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს. თუ ადამიანი ბევრს შრომობს ბუნებრივია შესაბამისი ანაზღაურებაც ეკუთვნის (ამ მხრივ ქართულ ბაზარზე ძალიან ცუდი სიტუაციაა.)

წარმატებულ ადამიანებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ფინანსური დამოუკიდებულობისა და ბალანსის მოპოვებისთვის უშუალო სამსახურეობრივ მოვალებებზე მეტის კეთება მოგიწევთ. უფრო მეტიც  საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გაწურვა, თავდაუზოგავობა და წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობა უნდა გამოიჩინოთ, რომ მეგა ამბიციურ იდეებს ხორცი შეასხათ. (თუ თქვენი მიზანი მთელი ცხოვრება ხელფასზე მუშაობაა, შეგიძლიათ ასეთი ძალისხმევა არ ჩადოთ). აქ ხაზი უნდა გავუსვათ “მეგა ამბიციურ” იდეებს, რომლებსაც ადამიანის ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია. 

თავდაუზოგაობის ფილოსოფია

ეს ქვეთავი დაწერილია ჯონ შოლის წიგნის შთაგონებით “თავდაუზოგავი”.

მიუხედავად იმისა, რომ თავგანწირული შრომის კულტი ნელ-ნელა ქრება, ბაზარი მაინც თავის აზრზეა და ე.წ “თავდაუზოგავ” კომპანიებს გულუხვად აჯილდოებს.  

რეალურად, ის რასაც ანტი-ვორქოჰოლიკი ექსპერტები ებრძვიან არის გაუაზრებელი მუშაობა. სწორედ, მის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ და არა ზოგადად თავდაუზავი შრომის იდეისკენ.

გაიხსენეთ ყველაზე ცნობილი ბრენდები და დასვით ძალიან მარტივი კითხვა: რატომ ისინი და არა მათი კონკურენტები? რატომ მიანიჭეს ამაზონს უპირატესობა barnes&nobles-თან შედარებით? როგორ ფიქრობთ რამ გადახადა გუგლი საძიებო ბაზრის მონოპოლისტი, ან რამ აქცია FedEx გადაზიდვების წარმატებულ ბრენდად?

ეს ბრენდები კონკურენტებთან შედარებით თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ მომხარებლებს. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ისინი გამუდმებით აუმჯობესებდნენ პროდუქტსა თუ მომსახურებას. ამ გზაზე ხშირად ხელმოცარულიც რჩებოდნენ, მაგრამ არ ღალატობდნენ ფილოსოფიას: “თუ გინდათ ჩემპიონი გახდეთ, ჩემპიონივით უნდა იმუშაოთ”. 

გახსოვთ ბოლო წლებში გუგლმა რამდენი ფუნდამენტური განახლება გააკეთა? და ისიც თუ გახსოვთ როგორ გახდა ბაზრის გიგანტი? თავად ლარი პეიჯი ამბობს, რომ კომპანიის განვითარების გარკვეულ ეტაპზე დიდი თანხა შესთავაზეს გუგლის სანაცვლოდ. თავად ლარიმ კი უპასუხა: “მხოლოდ ფულის გამო, რომ ვმუშაობდე ალბათ დიდი ხნის წინ გავყიდდი გუგლს და სადმე სანაპიროზე დავისვენებდიო”.  

ამ სიტყვების მიღმა ძალიან დიდი ღირებულება იმალება. თურმე თავდაუზოგავი მუშაობის საწვავი საქმის სიყვარულია. სწორედ, საქმისადმი სიყვარული აღავსებს ადამიანს უზღვავი ენერგიით და აძლევს ძალას წარმოუდგენელი შედეგები დადოს. თუმცა, მხოლოდ სიყვარული ამბიციებს ვერ დაგიკმაყოფილებთ. საჭიროა კიდევ რაღაც. 

აი, აქ ვეჯახებით კიდევ ერთ გამოწვევას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება საქმე ძალიან უყვარდეს, ამავდროულად მას უამრავი სხვა ფაქტორი უშლიდეს ხელს, მაგალითად: მეგობრებთან გართობა, ფეხბურთის მატჩის ყურება, პარკში ან ბუნებაში სეირნობა და ა.შ.

რა თქმა უნდა, გართობის ეს საშუალებები გარკვეული დოზით  საჭიროა, მაგრამ თუ დიდი ხნით ვერ დაკავდებით ამ აქტივოებებით მაშინ რას იზამთ? დაკარგავთ მუშაობის მოტივაციას თუ არა? გიყვართ თქვენი საქმე, მაგრამ განტვირთვაც ხომ გჭირდებათ, მით უმეტეს, როცა თანატოლებმა ბარში ლუდის სმა ეს ესაა დაიწყეს. 

აქ შემოდის ერთი მეტად საინტერესო და მრავლისმომცველი ცნება – მწველი სურვილი. ამ ტიპის სურვილი ჩვეულებრივი ნდომისგან იმით განსხვავდება, რომ არ შეგიძლიათ შეეწინაღმდეგოთ. ეს იგივეა ზაფხულის სიცხეში მწყურვალს წყლის დალევა უნდოდეს.

ამ დროს ფეხბურთის სათამაშოდ, რომ დაგიძახონ გაყვებით? ჯერ ხომ წყალი უნდა დალიოთ და შემდეგ მიხედოთ სხვა დანარჩენს. ეს არის სურვილი, რომელიც ბევრ რამეზე უარს გათქმევინებთ.

საბოლოოდ, ჩვენმა მსჯელობამ შემდეგი სახე მიიღო: თუ თავგანწირული შრომისმოყვარეობის უნარს დავუმატებთ საქმისადმი გულწრფელ სიყვარულს და კიდევ დავუმატებთ მიზნის მიღწევის დაუოკებელ სურვილს, მივიღებთ შეუჩერებელ ძალას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მწვერვალებს დაიპყრობს.

გენიოსები და შრომისმოყვარეობა

“თუ გინდათ მზესავით ანათებდეთ, მასავით უნდა დაიწვათ”

გადაავლეთ თვალი გენიოსების ბიოგრაფიებს და თავად დარწმუნდით, რომ წარმოუდგენელ შედეგებს წარმოუდგენელი დატვირთვით აღწევდნენ. თავად აინშტაინი ამბობდა, რომ უბრალოდ ძალიან ბევრს ფიქრობდა პრობლემის გადაჭრის გზებზე, ხალხი კი ამის გამო გენიოსს უწოდებდა.

ზუსტად, ასე შრომობდნენ ნიუტონი, ბალზაკი, ნაპოლეონი და სხვები. უზარმაზარ გამოწვევებს მიზანმიმართული თავდაუზოგაობის ხარჯზე გაუმკლავდნენ.

უორენ ბაფეტი – ამერიკელი მილიარდერი ყოველდღე დაახლოებით 500 გვერდს კითხულობს და ამბობს, რომ ცოდნა ისევე გროვდება როგორც რთული პროცენტი. ამიტომ სხვებსაც მოუწოდებს ამისკენ.

მაიკლ ბმულმბერგი – ცნობილი მედია კომპანია “ბლუმბერგის” დამფუძნებელი საკუთარი ბიზნესის წამოწყებამდე Solomon Brothers-ში მუშაობდა. ის ოფისში ყველაზე ადრე მიდიოდა და ბოლო ბრუნდებოდა სახლში. ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ დროს აჭიანურებდა, არამედ ცდილობდა მაქსიმალური მიეღო საკუთარი თავისგან. შედეგად Solomon Brothers-დან მილიონერი წამოვიდა.

არნოლდ შვარცნეგერი – ყველასათვის კარგად ცნობილი კულტურისტი, მსახიობი და კალიფორნიის გუბერნატორი ჯარში ყოფნისას ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. როგორც თავად იხსენებს დილით ყველაზე ადრე დგებოდა და ვარჯიშს იწყებდა. შემდეგ სხვებთან ერთად აგრძელებდა ვარჯიშს და სულ ბოლოს ასრულებდა წვრთნებს. ალბათ, მარტივი მისახვედრია რატომ დაიპყრო ამხელა მწვერვალები.

ონორე დე ბალზაკი – ფრანგი მწერალი ღამის 12 საათიდან დღის 6 საათამდე შეუსვენებლივ მუშაობდა. როგორც ცნობილია მუშაობის პერიოდში ათობით ფინჯან ყავას მიირთმევდა. არაადამიანური შრომის გამო მას საზოგადოებაში თითქმის ვერ ხედავდნენ. ის მუდმივად ფიქრობდა, წერდა და ქმნიდა გენიალურ ნაწარმოებებს. სწორედ, ამიტომ გაიჭრა მისი სახელი საუკუნეებში და დღეს ამ გენიოს ადამიანზე ვსაუბრობთ.

ნაპოლეონ ბონაპარტი – კორსიკელი იმპერატორი ძალიან ბევრს მუშაობდა, როგორც ამბობენ დღე-ღამეში დაახლოებით 4 – 4,5საათი ეძინა. დარჩენილ დროს კი საქმეზე ანაწილებდა.

კრის გარდნერი – უილ სმიტის მონაწილეობით ფილმში “ბედნიერების დევნაში” ძალიან კარგადაა ასახული თუ რამხელა მსხვერპლის, ტანჯვისა და ტკივილის ატანა მოუწია კრისს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. სამაგიეროდ, დღეს გარდნერი მილიონერია და სხვებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას.

სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება… ამ ადამიანებს კი 3 ზემოთ ხსენებული პრინციპი აერთიანებდათ: საქმისადმი სიყვარული, მწველი სურვილი და ამ 2 ფაქტორით გამოწვეული თავდაუზოგაობა.

ახლა კი მკითხველო, გეტყვით, რომ უაზრო და ფუჭი შრომის აპოლოგეტები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ფაქტია, რომ მასშტაბური წარმატება უმეტეს შემთხვევაში გაბედული და მძიმე შრომით მიიღწევა.

თუ ამ გზაზე ვინმე გეტყვით, რომ ბალანსი შეინარჩუნოთ, დაუჯერეთ მხოლოდ მაშინ თუ თქვენი მიზანი წყნარი და მშვიდი ცხოვრებაა. იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელთან ჭიდილი გსიამოვნებთ, მაშინ იმუშავეთ თავდავიწყებით და სამყარო ყრუ კედელში კარს გაგიჭრით.

ბოლოს კი  ჩვენი დიდი გენიოსის სიტყვებს დაგიტოვებთ:

“კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე